რა წერილი მიიღეს საჯარო და კერძო სკოლებმა სამინისტროსგან – შესრულების ვადა 1 დღე!
განათლების სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, რომლებიც ორი დღის წინ გვარწმუნებდნენ, რომ კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგების ფონზე სწავლა-სწავლების პროცესს ხელი არ შეეშლება და სამინისტროს საამისოდ კონკრეტული გეგმა ჰქონდა, სიცრუე აღმოჩნდა, რადგან დღეს ისინი რეკომენდაციების შესამუშავებლად მოსაზრებებს სკოლებისგან ელიან.
ელექტრონული წერილი, რომელიც საჯარო და კერძო სკოლებმა განათლების სამინისტროსგან (კერძოდ კი რესურსცენტრებისგან) მიიღეს დასათაურებულია როგორც სასწრაფო!!!! – მოსწავლეებთან ელექტრონული კომუნიკაციის ფორმის შემუშავების შესახებ.
როგორც წერილიდან ირკვევა, განათლების სამინისტრო სკოლებს ავალებს, რომ დღეს 14:00 საათამდე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინონ. სკოლებს წერილი საღამოს 17:00 საათისთვის მიუვიდათ და მოცემული დავალების შესასრულებლად მათ მხოლოდ საათები აქვთ.
ალბათ, ასე გაიგო სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ზოგიერთი უწყების მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, რომელთა შორის მიხეილ ჩხენკელის უწყებაც არის.
აი, რა წერია სკოლებისთვის გადაგზავნილ წერილში:
„როგორც მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, სამინისტრო გეგმავს, უახლოეს დღეებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაწოდოს კონკრეტული რეკომენდაციები. ამავე დროს, მუშაობს დარჩენილ პერიოდში სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვის გეგმაზე.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების ხედვები და უკვე არსებული გამოცდილება.
იმისთვის, რომ მოსწავლეები სრულად არ მოწყდნენ საგანმანათლებლო პროცესს, თითოეულ სკოლას ეთხოვოს წარმოადგინოს შემუშავებული ხედვა, რომელშიც აღწერილი იქნება:
რა ტიპის მასალებს შესთავაზებენ მოსწავლეებს სწავლის შეჩერების პერიოდში;
როგორი ფორმით გააგრძელებენ კომუნიკაციას, როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან – თუკი ცალკეულ სკოლას აქვს რომელიმე ელექტრონული პლატფორმა, რომლის გამოყენებაც უკვე დაიწყო ან გეგმავს, რომ გამოიყენოს, ასევე აისახოს წარმოდგენილ ხედვაში.
როგორი იქნება კლასების დამრიგებლების, ცალკეული მასწავლებლებისა და მშობლების როლი.
მიწოდებული ინფორმაცია ძალიან ღირებული იქნება სამინისტროსთვის ზოგადი სტრატეგიის განსასაზღვრად, ასევე კონკრეტული საგნობრივი რეკომენდაციების შესამუშავებლად.
აუცილებელია, სკოლის დირექტორებმა საგნობრივ კათედრებთან/მასწავლებლებთან ელექტრონული კომუნიკაციის ფორმა გამოიყენოთ და შეჯერებული ხედვები (word-ის ფაილით, რომელსაც სკოლის სახელი ექნება მინიჭებული) გამოგვიგზავნოთ 13 მარტის 14:00 საათამდე“, – ვკითხულობთ წერილში.
გამოდის, რეკომენდაციები, რომლის სკოლებისთვის მიწოდებაზეც მათთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი, ისევ სკოლების მოსაზრებების საფუძველზე უნდა შეიქმნას, რაც ცხადია პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, თუკი მას „სამინისტროს შემუშავებული“ გეგმა არ დაერქმეოდა.
როგორც ცნობილია, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნული რეჟიმი განსაკუთრებით ეხება განათლების სამინისტროსაც.
“მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება