რა ხდება, როცა სკოლაში „შატალოს“ ფაქტი ფიქსირდება – სასკოლო საზოგადოების გამოწვევები და ინიციატივები, რომელიც სკოლებში უნდა დაინერგოს
მანდატურის სამსახურის ამოქმედების შემდეგ, ახალი რეგულაციების, დამონტაჟებული კამერებისა და სადამსჯელო ღონისძიებების შიშმა მოსწავლებში სკოლიდან გაპარვის შემთხვევები შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შატალოები მოსწავლეთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი აღარაა, კვლავაც გვესმის ამბები სკოლიდან გაპარვისა თუ გაცდენის შესახებ. სამწუხაროდ, შატალო ყველასთვის კარგ მოგონებებთან არ ასოცირდება. ჩვენს რეალობაში, ბოლო დროს, უამრავი შემთხვევაა, როცა სკოლიდან გაპარული ან სკოლაში არგამოცხადებული მოსწავლეები სახიფათო მდგომარეობაში ვარდებიან და არა მხოლოდ უსაფრთხოება, მათი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დგება.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა ვითარებაა სკოლებში დღეს, ფიქსირდება თუ არა შატალოს შემთხვევები, აქვს თუ არა სკოლებს ეფექტური მექანიზმი სკოლიდან გაპარვის შემთხვევებთან ბრძოლისთვის, ვის აქვს პასუხისმგებლობა სკოლიდან გაპარულ ბავშვზე, რა ღონისძიებები ტარდება და სად ხედავენ პრობლემებს, ან როგორია ამაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი.
მანანა ჯადუგიშვილს სასწავლო ნაწილად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 2019 წლიდან კი თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ის დეტალურად საუბრობს რა ხდება სკოლაში, როცა მოსწავლის გაპარვის ფაქტი ფიქსირდება და ამბობს იმასაც, რომ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლას უნდა ჰქონდეს ზუსტი გეგმა, რომლითაც დაიცავს მოსწავლის უსაფრთხოებას, არა მხოლოდ შატალოს შემთხვევაში, რადგან გარდა იმისა, რომ სკოლებმა უნდა შეძლონ გაპარული ბავშვი სახლში მშვიდობიანად დაბრუნდეს, ასევე უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებს უნდა ჰქონდეთ მზად გეგმა, როგორ აპირებენ ბავშვების უსაფრთხოების დაცვას ეს მხოლოდ შატალოს არ ეხება, რადგან უამრავი გამოწვევაა. ჩვენთან ასე ხდება: სასწავლო წლის დასაწყისში ყველა დამრიგებელი ატარებს მშობელთა კრებას, აცნობს მშობლებს საგაკვეთილო განრიგს, დღის რეჟიმს, სკოლის შინაგანაწესს. იცვლება მასწავლებელსა და მშობლებს შორის საკომუნიკაციოდ საჭირო ინფორმაციები, ყველა კლასის დამრიგებელი ქმნის სოციალურ ქსელში კლასის მესენჯერ ჯგუფს, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც. მუდმივად აწვდის მშობლებს სიახლეებს, აცნობს საჭიროებებსა და პრობლემებს, ასეთის შემთხვევაში.
„ინფორმაციას აწვდიან მშობლებიც, მოსწავლეთა ავადმყოფობის ან სხვადასხვა მიზეზით სკოლაში არგამოცხადების შესახებ. თუ მიუხედავად ამისა, მაინც დაფიქსირდა გაპარვის ან სკოლის წინასწარ დაგეგმილი გაცდენის ფაქტი, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას:
- დამრიგებელი უმოკლეს დროში (რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება) აწვდის ინფორმაციას მშობლებს;
- ესაუბრება დირექციას, მანდატურის სამსახურს, ყველა რგოლი ერთვება პროცესში;
- აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა დადგინდეს მოსწავლეთა ადგილსამყოფელი და დაცული იყოს მათი უსაფრთხოება;
- სკოლაში ატარებს შემდგომ ღონისძიებებს, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების რისკი არ არსებობდეს“, – გვიხსნის სკოლის დირექტორის მოადგილე.
ჩვენმა რესპონდენტმა, საკუთარი თვალსაზრისიც გაგვანდო და შეაფასა ის რეალობა, რომლის წინაშეც ქართული სკოლები დგანან. მანანა ჯადუგიშვილი ამბობს, რომ სკოლებს გაძლიერება სჭირდება და აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია დამრიგებლის ინსტიტუტის წინ წამოწევა, ასევე ახალი სამუშაო კადრების გაჩენა, რომელიც უშუალოდ მოსწავლის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.
„ვფიქრობ, სკოლებში დამატებითი კადრის გაჩენაც ხელის შემწყობი იქნება პრევენციისთვის. თუ გაჩნდებიან ე.წ. „გამოთავისუფლებული დამრიგებლები“, რომელიც მხოლოდ დამრიგებლის ფუნქციასა და მოვალეობას შეასრულებს შესაბამისი ანაზღაურებით, ეს იქნება ძალიან საჭირო. დღეს იმდენად მიზერულია დამრიგებლის ანაზღაურება, რომ გვიჭირს კოლეგების დათანხმება. მით უფრო წარმოუდგენელია ამას ვინმე დათანხმდეს, თუ არ ექნება სრული საათობრივი დატვირთვა. წარმოიდგინეთ დამრიგებელი, რომელსაც პირველი გაკვეთილი არ აქვს სადამრიგებლო კლასთან და დაკავებულია სხვა კლასში, მინიმუმ პირველი გაკვეთილის ბოლომდე ვერ ცვლის ინფორმაციას მშობლებთან“, – ამბობს 150-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მანანა ჯადუგიშვილი.
ის ჩვენთან საუბარში გამოთქვამს კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუ გაჩნდება ახალი კადრი ან უკვე არსებულ კადრს, დაემატება ფუნქცია, რომ სკოლიდან გაპარული მოსწავლე უსაფრთხოთ დააბრუნონ სკოლაში, რადგან დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, „არის შემთხვევა, როცა ვიცით სად არიან გაპარული ბავშვები, მაგრამ მათთან სწრაფად მისვლა და სკოლაში დაუყონებლივ მოყვანა ვერ ხერხდება“.
თბილისის 160-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლასის დამრიგებელი თიკო სანადირაძე EDU.ARIS.GE-ს უყვება, რომ მანდატურის არსებობა სკოლებში და დაცვა კარებთან ეფექტურად ამცირებს შესაძლებლობას, ბავშვი სკოლიდან გაიპაროს, თუმცა ხედავს ახალ ტენდენციას, რომ სახლიდან საგაკვეთილოდ მომზადებული ბავშვი სკოლაში არ ცხადდება. როცა მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილი სკოლაშია, სინამდვილეში სულ სხვაგანაა. სკოლაში კი ასეთ დროს უფრო მეტად ღელავენ.
„დღესდღეობით, ეს საკითხი ძალიან მწავავედ დგას. ახალი ტენდენციაა, რომ შატალოს ფაქტი სკოლაში მოუსვლელად ფიქსირდება და არა ბავშვების დიდი ნაწილი, არამედ რამდენიმე ან სულაც ერთი არ ცხადდება და იპარება მარტო, ან მეგობრებთან ერთად. ეს ბავშვები, შესაძლოა, სულაც არ იყვნენ იგივე კლასიდან. ეს ძალიან საფრთხილო შემთვევებია და ყველა მასწავლებელს ვურჩევდი, თუ ბავშვი არ არის სკოლაში, დარეკოს მშობელთან. უცნობია რამხელა საფრთხის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ და ერთი უწყინარი გართობა რა შეიძლება დაუჯდეთ, ამიტომ შატალოს დაფიქსირებიდან პირველივე წუთებში უნდა ავტეხოთ განგაში, შევეცადოთ მათთან დაკავშირებას და სკოლაში დაბრუნებას“, – ამბობს კლასის დამრიგებელი.
პედაგოგს ვკითხეთ, რატომ აქვთ ბავშვებს შატალოზე წასვლის სურვილი და სად ხედავს ის, როგორც დამრიგებელი პრობლემებს.
„ვხედავ, რომ ინტერესი შატალოს მიმართ არც ისე დაბალია. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს ესმით ოჯახის წევრების ან უფროსი მეგობრების „სასიამოვნო გამოცდილება“ შატალოს შესახებ და სურთ, თავგადასავალი საკუთარ თავზე გამოსცადონ, თუმცა რისკებზე, რა თქმა უნდა, არავინ საუბრობს. ზოგადად, წესების დარღვევა და დაუმორჩილებლობა თინეიჯერებისთვის არასწორად არის ფორმულირებული და თუ შატალოზე წასვლა შეძლეს, ამით საკუთარ თავს და სხვებსაც უმტკიცებენ, რომ წინ აღუდგნენ სისტემას, რომელიც მათ ზღუდავს და თითქოსდა ცდილობენ თავისუფლების მოპოვებას. თავისუფლება ხომ ჩვენს საზოგადოებაში სრულიად არასწორად აღიქმება“, – აცხადებს დამრიგებელი.
თიკო სანადირაძე პრობლემას ხედავს იმ პასუხისმგებლობების რეალიზებაშიც, რომლებიც დამრიგებლებს გააჩნიათ. მისი თქმით, დამრიგებლობა მოითხოვს მთელი რიგი საორგანიზაციო და აღმზრდელობითი მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რაც სკოლის პედაგოგისთვის, რომელსაც გაკვეთილებით გადატვირთული რეჟიმი აქვს, ძალიან რთულია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ მის მიზერულ ანაზღაურებას და ამ მიმართულებით პედაგოგს იდეაც აქვს: „ჩემი აზრით, განათლების სექტორმა უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი დამრიგებლობის ცალკე შტატად გათვალისწინებაზე, რომელიც იქნება ღირსეული და შესაბამისი ანაზღაურებით. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება შატალოს პრევენციაზე საუბარიც“.
მოქმედი პედაგოგებისგან განსხვავებით, საჯარო სკოლის ყოფილი დამრიგებელი და პედაგოგი ნინო კიკნაძე ღიად ამბობს, რომ საჯარო სკოლა დღეს კვლავაც ჩაკეტილ დაწესებულებად რჩება, სადაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რადგან ეს მათ პრესტიჟს ვნებს, სამინისტრო კი სკოლის მდგომარეობით მაშინ ინტერესდება, როცა მედია მსგავსი შემთხვევების შესახებ იგებს. ნინო ამბობს, რომ ბავშვებისთვის სკოლა ის ადგილი არაა, სადაც დღის დიდი ნაწილის გატარებას ისურვებენ, ამიტომ ხშირად, სკოლის ნაცვლად პარკებში იკრიბებიან, ქალაქში სასეირნოდ მიდიან ან სულაც სახლში რჩებიან. მთელი პასუხისგებლობა კი დამრიგებლებსა და მასწავლებლებს ეკისრებათ, რომლებსაც ზოგჯერ 2-3 კლასი ჰყავთ მიბარებული.
„საჯარო სკოლაში მუშაობა დღეს ძალიან დიდი სტრესთანაა დაკავშირებული, რადგან ერთდროულად სწავლის ხარისხზეც ვფიქრობთ და ბავშვის უსაფრთხოებაზეც, მაშინ როცა ბავშვების უმეტესობას სკოლაში ყოფნა არ უნდა და არ მოსწონს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ მასწავლებელს ჟურნალში არას ჩაწერა დაავიწყდება, ან დამრიგებელი არ დარეკავს ბავშვის მშობელთან, რომელიც არ ესწრება გაკვეთილს. მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობა კი არა, სამართლებრივიც დაეკისრება. ამიტომ, მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება საჯარო სკოლიდან კერძოში გადავსულიყავი, სადაც გაცილებით ნაკლები მოსწავლე მიზის გაკვეთილზე და უსაფრთხოებას სკოლის დაცვა და კამერები იცავენ. დღეს არაერთ შემთხვევას ვიგებთ, როცა დამრიგებელი სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა და უყურადღებობაში დაადანაშაულეს. ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც ახლა მაქვს, რომ დავისაჯო და განტევების ვცად ვიქცე მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლა არ არის საინტერესო ადგილი ბავშვებისთვის. ის მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი და სამინისტრო მხოლოდ მაშინ ინტერესდება როგორ უმკლავდება სკოლა პრობლემებს, როცა ტელევიზიით იგებენ საზარელი შემთხვევების შესახებ“, – გვიხსნის ახლა უკვე კერძო სკოლის მასწავლებელი.
ნინო კიკნაძეს მიაჩნია, რომ ასეთი შემთხვევების შემცირება მხოლოდ სკოლის გაძლიერებით უნდა მოხდეს, ბავშვმა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა სრულყოფილად უნდა შეძლოს და ჰქონდეს განცდა, რომ სკოლა მას ეხმარება, მის მომავალზეც ახდენს გავლენას და წარმატებაზეც.
„როგორც პედაგოგსა და მშობელს, პირველ რიგში მინდა, რომ სკოლაში ბავშვი იღებდეს კარგ განათლებას და იქ გატარებულ დროს ფუჭად არ აღიქვამდეს, ამ მიზეზით არ აცდენდეს გაკვეთილებს და არ იპარებოდეს სკოლიდან. მე პირადად, მექნებოდა შეკითხვა ჩვენს სამინისტროსთან, იციან თუ არა ყოველდღიურად შატალოს რამდენი შემთხვევა ფიქსირდება და რას აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვისთვის სკოლა საყვარელ ადგილად იქცეს? შეიძლება ვცდები, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ პრობლემებზე სამუშაო ჯერ სამინისტროს აქვს და შემდეგ სკოლას, ჩვენთან კი რატომღაც პირიქით ხდება, რითაც ყველა ჩვენგანის რეპუტაცია თანაბრად ზიანდება“…
გადავწყვიტეთ ნინო მასწავლებლის შეკითხვა ცოტა დაგვეზუსტებინა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლისგან გაგვერკვია, როდის არის სკოლა ვალდებული მოსწავლის გაპარვის ფაქტი აცნობის სამინისტროს, აწარმოებს თუ არა გაპარვების ოფიციალური სტატისტიკას და რა ღონისძიებები ტარდება სკოლასთან ერთად, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.
მიხეილ ჩხენკელის უწყებაში EDU.ARIS.GE-ს ასეთი პასუხი გასცეს:
„მოსწავლის გაპარვის ფაქტის შესახებ სკოლა სამინისტროს არ მიმართავს, რადგან ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია და თავად აქვს უფლება გადაჭრას პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ გაპარვის ფაქტები ფიქსირდება და იღებს რეგულარულ ხასიათს, სკოლა მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მისი წარმომადგენელი ადგილზე მივა და გაარკვევს ვითარებას. რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს სკოლამ, სკოლის გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტატისტიკას, სამინისტრო სკოლებში გაცდენების სტატისტიკას არ აწარმოებს, ეს სტატისტიკა სკოლებს ინდივიდუალურად აქვთ, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს“.
ნინო მასწავლებელმა შეკითხვაზე პასუხი ისე მიიღო, როგორც ეს სამინისტრომ შეძლო. ჩვენც გავიგეთ, რომ როცა სკოლებში გაპარვის ფაქტი ფიქსირდება, სკოლები დამოუკიდებლად უძღვებიან პროცესებს და სამინისტროშიც მიაჩნიათ, რომ ეს ნამდვილად სკოლის საქმეა, როგორც დამოუკიდებელი და ავტონომიური სუბიექტის.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება