GE

რა ხდება თუკი მოსწავლე 90 სასწავლო დღეს ზედიზედ გააცდენს?!

შესაძლებელია თუ არა დაწყებითი კლასების მოსწავლე 90 სასწავლო დღის ზედიზედ გაცდენის საფუძველზე სკოლიდან გაირიცხოს ან მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეს? – აღნიშნულ კითხვაზე EDU.ARIS.GE-ს განათლების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ეკა ხუციშვილი პასუხობს, რომლის განცხადებითაც საქართველოში დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა, შესაბამისად, მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა არ ხდება, თუმცა დასაშვებია სტატუსის შეჩერება.

„საქართველოში საბაზო განათლება სავალდებულო გახლავთ, რომელიც მოიცავს პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით პერიოდს. ეს იმას ნიშნავს რომ 1-ლიდან მე-9 კლასამდე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა არ ხდება და არსებობს მხოლოდ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების ცნება“, – აცხადებს ეკა ხუციშვილი და დეტალურად საუბრობს იმ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს.

ეს შემთხვევებია:

პირველი – როცა მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას.

მეორე – თუ მოსწავლე მიემგზავრება საზღვარგარეთ და ამის თაობაზე მშობელი ან მოსწავლის კანონიერი წარომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას.

მესამე – თუ მოსწავლემ 12 წლის განმავლობაში ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე.

მეოთხე – არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტულ თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

მეხუთე – თუ არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლას სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.

რაც შეეხება მოსწავლის სტატუსის აღდგენას, განათლების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის განცხადებით, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოსწავლის სტატუსს აღადგენს ის სკოლა, რომელმაც მას სტატუსი შეუჩერა.

იმ შემთხვევაში თუ სკოლა, რომელშიც მოსწავლე სწავლობდა დაიხურა, შეუწყდა საგანმანათლებლო ფუნქცია, მაშინ მშობელს უფლება აქვს, სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს რომ მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს.

ამასთან, მშობლის განცხადების საფუძველეზე, დირექტორის ბრძანების გამოცემის შემდგომ 2 დღის ვადაში, ინფორმაცია სტატუსის აღდგენის თაობაზე უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური