GE

რა ხდება თუკი ქულების გათანაბრების შემდეგ აბიტურიენტის ქულა ზღვარს ასცდა – „ნაეკის“ განმარტება

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულების გამოქვეყნების შემდეგ EDU.ARIS.GE-მ არაერთი შეკითხვა მიიღო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აბიტურიენტების უმრავლესობას აინტერესებს რა საჭიროა გათანაბრების მეთოდის გამოყენება და მათთვის რა სარგებელი მოაქვს ამ პროცესს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტთა ქულების გათანაბრებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, გამოცდებზე მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს შედარებით რთული ვარიანტი და ზღვართან მიახლოებული ქულა მიიღეს.

„იმ შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი პირველადი (ნედლი) ქულით ჩაიჭრა რომელიმე საგანში, ვთქვათ, ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა და 24-ის მაგივრად მიიღო 23 ქულა, ხოლო გათანაბრების შემდგომ მას აეწია ქულა და გაუხდა 24 ან თუნდაც 24.1 მას გამოცდა ზღვარგადალახულად ეთვლება და შესაძლებლობა ეძლევა ჩაირიცხოს რომელიმე უნივერსიტეტში“,- აცხადებს ივა მინდაძე.

მისივე განცხადებით, ზღვარი გადალახულად ეთვლება აბიტურიენტს თუ მისი ნედლი ქულა კონკრეტულ ვარიანტში ტოლია ან მეტია ამავე ვარიანტის გამსვლელ მინიმალურ ბარიერზე, ხოლო რაც შეეხება გათანაბრებულ ქულას, გამოცდა წარმატებულად ეთვვლება იმ აპლიკანტს, რომლის გათანაბრებული ქულაც მეტი ან ტოლია საგნისთვის დაწესებულ მაქსიმალურ ბარიერზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ საგანს აბიტურიენტები რამდენიმე ვარიანტად წერენ, ზოგი პირველ ვარიანტს წერს, ზოგი მეორეს და ა.შ. ტესტის ვარიანტებს შორის მცირე სხვაობა ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, წარმოუდგენელია ორი იდენტური სირთულის ტესტის დაწერა. შესაბამისად, იმისთვის რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს, შედეგების გათვალისწინებით დგინდება ყველაზე მარტივი ტესტი და მას უთანაბრდება შედარებით უფრო რთული ტესტები.

რას ნიშნავს ქულების გათანაბრება?

გამოცდა თითოეულ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც  განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისთვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება.

ამავე თემაზე:

ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულები – რომელია რთული ვარიანტები

გათანაბრებული ქულები საგნების მიხედვით – გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური