GE

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

მოქმედი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ სტატუსი აიმაღლონ და ანაზღაურება გაეზარდოთ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველად აბარებენ. გამოცდა არ არის სავალდებულო და მას სტატუსის ამაღლების მსურველები ჩააბარებენ.

როგორც გამოცდების ცენტრში ამბობენ, მინიმალური ზღვარისა და მაქსიმალური ქულების დადგენა მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მასწავლებლის ამ ახალი გამოცდის პრეტესტები ჩატარდება.

როგორც 31 მარტს EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, პრეტესტები აპრილში უნდა ჩატარდეს და მასში მონაწილე პირთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველების საყურადღებოდ კი ვიტყვით, რომ პროფესიული უნარების გამოცდის პრეტესტის მონაწილეთა სიებს საგანმანათლებლო რესურსცენტრები სწორედ ახლა ადგენენ და შეგიძლიათ მიმართოთ.

წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი ტესტისთვის ზღვარს გამოცდების ცენტრი იმ პროგრამის გათვალისწინებითაც დაადგენს, რომელიც მასწავლებლის სახლმა შეადგინა. გამოცდების ცენტრი გვპასუხობს, რომ ზღვარი ამ ორი სტატუსის მოსაპოვებლად სხვადასხვა იქნება.

როგორც EDU.ARIS.GE–ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, სტატუსის ცვლილება მხოლოდ გამოცდით არ მოხდება და უფროსმა, ასევე წამყვანმა მასწავლებელმა, სტატუსის ასამაღლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით დადგენილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, კერძოდ კი – მიიღოს კომპლექსური შეფასება.

ჩვენს კითხვაზე, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ რამდენი დრო აქვს მასწავლებელს, რომ დააკმაყოფილოს დარჩენილი მოთხოვნები და მიიღოს კომპლექსური შეფასება, მასწავლებლის სახლში გვიპასუხეს, რომ გამოცდას ვადა არ აქვს დადგენილი, დრო შეზღუდული არ არის და როდესაც მასწავლებელი წამყვანის ან მენტორის კომპლექსურ შეფასებას მიიღებს, შესაბამისი სტატუსიც ექნება.

როგორც განათლების მინისტრის „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ვკითხულობთ, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, გამოცდების ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას, ამასთან: ა) უფროს მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს; ბ) წამყვან მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;

აპლიკანტს ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება. საბოლოო დოკუმენტში კი, რომელიც შესაბამის უწყებებს ეგზავნება აისახება მიღებული ქულა და მიღებული ქულის პროცენტი შესაბამისი საგნის მაქსიმალურ ქულასთან მიმართებით.
აქვე გეტყვით, რომ საგანმანათლებლო წრეებში არსებული ინფორმაციით, „ბარიერს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით ბარიერი წამყვანისთვის 60%, ხოლო მენტორისათვის 80% შეიძლება რომ იყოს“.

გამოცდის მომდევნო ეტაპია მასწავლებლისგან პორტფოლიოს წარდგენა სპეციალური კომისიისთვის, რომელშიც შედიან მასწავლებლის სახლის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრის თანამშრომელები. „კომისიის წევრები შეისწავლიან მასწავლებლის საქმიანობას, ოღონდ არა ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით, მასწავლებელს მოუწევს ამ პორტფოლიოს დაცვა და მთავარი კრიტერიუმი იქნება – რა გააკეთა მან მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და როგორ გავიდა შედეგებზე“.

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

კიდევ ერთხელ იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებებია გაწერილი სქემაში მასწავლებლის წამყვანი ან მენტორი სტატუსის მოსაპოვებლად და როგორც მასწავლებლის სახლში გვითხრეს იმისთვის, რის შესრულებაც მოუწევს ზაფხულის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტატუსის ამაღლების მსურველს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს
კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

  • პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;
  • მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს: გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას. (სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად. ამონარიდი სქემიდან.)

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

  • პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
  • მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს – გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.

სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება სქემის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი
დოკუმენტების საფუძველზე. ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.
მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში.

ასევე იხილეთ:

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური