„რაც მინდოდა, ის შემხვდა“ – საკითხები აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესიიდან
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე ვარიანტის აბიტურიენტებმა წერით დავალებად პროგრამული – აკაკი წერეთლის “გამზრდელი” წერეს. არაპროგრამული კი თამაზ ჭილაძის მოთხრობიდან “შუადღე” მოვიდა.
აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან იხსენებენ როგორ დაწერეს დავალება და რა ჰქონდათ შესასრულებელი:
დავით გოგუა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან: “გამზრდელიდან” იყო თეზისი – რომ ადამიანებს მეგობრების დასახმარებლად მორალური ღირებულებების დარღვევა გვიწევს. დავეთანხმე და პარალელი ” ალუდა ქეთელაურთან” გავავლე, მინდია რომ ალუდას დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მოიტყუა, ვითომ ხელი მოაჭრა. ჩემი ცხოვრებიდან მაგალითი არ მომიყვანია, რადგან მორალურ კომპრომისზე წასვლა არ მიწევს.
“რედაქტირებაც გამიმარტივდა. სტილისტური შეცდომები იყო, სასვენი ნიშნებიც. ერთი შეცდომა იყო არაბულ ციფრებზე. მგონი ყველა შეცდომა ვიპოვე. დრო საკმარისია. ყველაფერი დავწერე და ადრეც გამოვედი. თან მე მეთერთმეტე კლასელი ვარ. წელს გამოვედი, რომ სიტუაცია მენახა, არაფერი მეკარგება და რატომაც არა?!”.
ნინი სეხნიაშვილი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “გამზრდელი დავწერე. არაპროგრამული აღარც მახსოვს რა იყო. თეზისი ადამიანებს შორის ნდობასა და ურთიერთობას შეეხებოდა, როგორც გამზრდელშია. რედაქტირებაში თექვსმეტივე შეცდომა ვიპოვე. ძირითადად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი. სხვათა შორის, მარტივი იყო. რაც მინდოდა რომ შემხვედროდა, ზუსტად ის მოვიდა. სიტუაციაც ძალიან კარგია, დაძაბულობა არ იგრძნობა. ყველას ვეტყოდი, რომ არ ინერვიულონ”.
ამავე ცენტრიდან გამოსულმა გიორგი ფეიქრიშვილმაც გამოცდა სწრაფად დატოვა:
“გამზრდელი დავწერე. ცხენი რომ მოიპარეს, ეგ მონაკვეთი იყო. თეზისი მეგობრის გამო კომპრომისზე რომ უნდა წახვიდე, მაგაზე იყო. დავეთანხმე და არგუმენტებიც მოვიყვანე. არაპროგრამულისთვის არც გადამიხედავს. რედაქტირებაში წერტილ-მძიმეები იყო შესასწორებელი. კარგი იყო, რაც მინდოდა, ის მოვიდა, მე “გამისწორდა”, მაგალითად. ადრე გამოვედი, ასეთი ვარ.”
175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი დატოვა ნიკა გაბრიელაშვილმა, რომელმაც ასევე პროგრამული ნაწარმოები აირჩია და ტესტს მარტივად აფასებს:
“პროგრამულიდან ვწერეთ აკაკი წერეთლის “გამზრდელი”. “ახლობლის დახმარების სურვილი გიბიძგებს თუ არა უფრო მეტი გამბედაობისკენ და კარგის გაკეთებისკენ”. მე არგუმენტები მქონდა ვეფხისტყაოსნიდან, როგორც მეგობრობისა და დახმარების საუკეთესო მაგალითი, ისე განვიხილე ავთანდილისა და ტარიელის შეყრა და შემდგომ ძმაკაცობა. მარტივი ტესტი იყო. რედაქტირებაც უმარტივესად ვწერე. სასვენი ნიშნები იყო ძირითადად შესაცვლელი და ერთ სიტყვაში “ი” დავამატე”.
ნიკო გეწაძე ის აბიტურიენტია ერთეულებიდან, რომელმაც არაპროგრამული წერითი დავალება დაწერა და თეზისიც ახსოვს:
“არაპროგრამულიდან შემოვიდა თამაზ ჭილაძის მოთხრობა “შუადღე”. თეზისი იყო, რომ ურთიერთობებში მთავარი სიყვარულის გამოხატვაა. რომანტიზმთან ახლოს იყო კითხვა და რომ ვიმეორებდი, გამომადგა. რედაქტირებაში მახსოვს, რომ მძიმეები იყო 4 ადგილზე დასასმელი. სინტაქსური 1 შეცდომა იყო. “გამავრცელებელი” სიტყვა გავასწორე სიტყვით – “განმავრცელებელი”. ასევე, ეწერა, რომ “ჩარიცხვა მოხდაო” და “ჩაირიცხა” – მეთქი დავწერე. ტექსტის ანალიზში ერთ-ერთ კითხვაში “შედარება” იყო სწორი პასუხი. რომელი მხატვრული მეთოდია გამოყენებულიო გვეკითხებოდნენ. “დიდოსტატი” რომ შემხვედროდა, ეს არ მინდოდა და გამიმართლა”.
EDU.ARIS.GE-მ ქართულის გამოცდების შეფასება მოისმინა ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებისგანაც, სადაც გამოსაცდელების უმრავლესობა კმაყოფილია.
ნინი ბახია მომავალი პედაგოგია და ფიქრობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბარიერის გადაულახავი თითქმის არავინ დარჩება, მეტი კონცენტრირება კი აბიტურიენტებს სხვა საგნებზე მართებთ.
„მე პირადად ქართულში 40 ქულაზე მაღალს ველოდები. ინგლისურის, ისტორიისა და ლიტერატურის გამოცდები დამრჩა ჩასაბარებელი. წელს, მგონი, უმეტესობა კმაყოფილი გამოვიდა ქართულის გამოცდიდან. ვფიქრობ, ვინც ნაკლებად კმაყოფილი იყო იმათაც კარგად დაწერეს. საკითხები კი, რასაც დავაკვირდი, არცერთ სესიაზე არ იყო დაუძლეველი”, – ამბობს ნინი.
ალექსანდრე სამარინი 191-ე სკოლიდან: “აკაკი წერეთლის ”გამზრდელი” მოვიდა და არაპროგრამული აღარც წამიკითხავს. არგუმენტირებული ესეს თეზისი იყო ასეთი: მეგობრის დასახმარებლად უნდა წახვიდე თუ არა მორალურ კომპრომისზე. მე დავეთანხმე ამ მოსაზრებას და არგუმენტები თავად “გამზრდელიდან” მოვიყვანე. აგრეთვე, ცხოვრებისეული არგუმენტებიც მოვიშველიე და ვთქვი, რომ მეგობრებს უნდა დავეხმაროთ, თუნდაც მორალური პრინციპები დავთმოთ. ფილმებიდანაც მოვიყვანე მაგალითი, კონკრეტულად “ფორსაჟი”+ დან, რომლის ერთ-ერთ ნაწილშიც სწორედ ასეთი სიუჟეტია. დასკვნის სახით დავწერე, რომ მეგობრის დასახმარებლად კომპრომისები საჭიროა.
“რაც შეეხება რედაქტირებას, სიტყვები ეწერა შეცდომით, ასევე სასვენი ნიშნები. არ დამითვლია რამდენი ვიპოვე. იქიდან გამომდინარე, რომ წელს მეორედ გამოვედი ეროვნულებზე, შედარებით ნაკლებად ვინერვიულე. წყნარად მივედი და დავწერე. დროც კი დამრჩა”.
გიორგი გასვიანმა, რომელიც ტესტირებაზე მუხიანის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა და არაპროგრამული წერითი დავალება აირჩია, საკუთარ ვარაუდს გვიზიარებს რთული ვარიანტის შესახებ:
“მეც არაპროგრამული ვწერე, ჭილაძის “შუადღე”, რადგან თეზისზე არგუმენტები უფრო მეტი გამახსენდა. თეზა იყო გრძნობებისა და ემოციების ღიაობაზე. დავწერე, რომ გულწრფელობით რომც აწყენინო, სჯობს რომ გულწრფელი იყო-მეთქი და რწმენასთანაც გავავლე პარალელი აბოს წამების მაგალითზე. რედაქტირებაში სიტყვა “სხვადასხვა” ერწერა ცალ-ცალკე და კიდევ “ბოლოსდაბოლის” – ეს სიტყაც იყო არასწორად. ჯამში რთული ტესტი არ ყოფილა, მაგრამ თხზულებისთვის მეტი დრო დამჭირდა. რთულ ვარიანტად, ვფიქრობ, მეოთხე ან მესამე დასახელდება”.
შეგახსენებთ, რომ დღეს აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა სრულდება. რაც შეეხება გამოცხადების სტატისტიკას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი და არავის დაუგვიანია.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ტესტირება მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024