რამდენ პედაგოგს, მოსწავლეს და სკოლას შეეხება მთის კანონით დადგენილი შეღავათები
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული კანონი მთის მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა შეღავათს ითვალისწინებს. ცნობილია, რომ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის დაწესებული შეღავათები სექტემბრიდან ამოქმედდება.
Aris.ge- განათლებამ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენ სკოლას, პედაგოგს და მოსწავლეს შეეხება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რა სახისაა ეს შეღავათები და რა თანხა დაუჯდება ბიუჯეტს.
სამინისტროს ინფორმაციით, 505 საჯარო სკოლასა და 9 534 მასწავლებელზე ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც ამ ეტაპზე სწავლობს 40 352 მოსწავლე. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული ნორმები,
ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ამოქმედდება 2016 წლის პირველი სექტემბრიდან.
ჩვენ სამინისტროს იმ მასწავლებლებზეც ვკითხეთ, რომლებიც არ ცხოვრობენ რეგიონში, რომელსაც მაღალმთიანის სტატუსი აქვს, მაგრამ იქ ასწავლიან, თუ მიიღებენ შეღავათს, რაზეც ასეთი პასუხი გაგვცეს:
„მასწავლებელზე, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში (სოფელში, ქალაქში), რომელსაც არ აქვს მაღალმთიანის სტატუსი, მაგრამ ასწავლის იმ სკოლაში, რომელსაც აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, გაიცემა აღნიშნული კანონით განსაზღვრული დანამატი“.
როგორც ცნობილია, 505 საჯარო სკოლაზე ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც ამ ეტაპზე სწავლობს 40 352 მოსწავლე. სამინისტროს ცნობით, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების თანახმად მაღალმთიან რეგიონებში არსებული საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება დადგენილი ვაუჩერის, დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსებისა და გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1,05 კოეფიციენტზე გამრავლებით, რომლის წლიური ოდენობა საშუალოდ შეადგენს – 3.4 მლნ ლარს;
ლია ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგია. განახლების სკოლაში 18 მასწავლებელი და 43 მოსწავლეა და ახალი კანონით დაწესებული შეღავათები ყველა მათგანს შეეხება. იგი დადებითად აფასებს მთის კანონის ამოქმედებას.
„მოგეხსენებათ, მაღალმთიან რეგიონებში არ არის დასაქმების წყარო ახალგაზრდებისთვის. მე ვთვლი, რომ ამ კანონმა დროულად მოგვისწრო. ახალგაზრდებს სოფელში ცხოვრების სტიმული მიეცემათ. მაღალმთიანი რეგიონის შეღავათების გამო უფრო მეტი ახალგაზრდა გაჩერდება ადგილზე.
პედაგოგებს აპრილიდან კიდევ გვეზრდება ხელფასი. სექტემბრიდან 50 ლარი დაგვემატა და მომავალი სექტემბრიდან 37 % გვემატება ახალი კანონის მიხედვით. პედაგოგები უფრო მოტივირებულები არიან და დადებითად უყურებენ ამ ცვლილებებს“, – ამბობს Aris.ge-განათლებასთან ლია ბოლქვაძე.
ჩვენ განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრების რამდენიმე ხელმძღვანელს გავესაუბრეთ რეგიონებში. როგორც მათ Aris.ge-განათლებასთან საუბარში განაცხადეს, ახალ კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ პედაგოგებთან და ყველა მათგანი მიესალმება დაწესებულ შეღავათებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მთლიანად რეგიონისთვის სტიმულის მომცემი იქნება.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხულოში ედუარდ მიქელაძე საუბრობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს სკოლებისთვის.
„ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტში 1089 პედაგოგი გვყავს, 4 500 მოსწავლე. ყველა ადგილობრივ პედაგოგს, რომელიც დასაქმებულია ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, შეეხება ეს კანონი და ექნება შეღავათები.
ყველა მიესალმება ამ კანონს, რადგან სტიმულის მომცემია მასწავლებლებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე კადრების მოზიდვას. ამავდროულად, თვითონ პედაგოგების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. როგორი იქნება მასწავლებლის ხელფასი მთაში, ეს გააჩნია მათ საათობრივ დატვირთვას. უხეში გათვლებით მათი ხელფასი, ალბათ, 600-დან 700-ლარის ჩათვლით იქნება. აპრილიდან ყველა პედაგოგს ემატება ხელფასი. არამარტო მთის რეგიონის პედაგოგებს. ეს ცნობილი ფაქტია.
მოსწავლეებზეც გაზრდილი ვაუჩერი მიეცემათ სკოლებს. ზოგადად, რაც სკოლების ფინანსური გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, კარგია და მივესალმები. სკოლას უფრო მეტი სტიმული ექნება. შეიძენს საჭირო სხვადასხვა ნივთებს. ზოგადად, მუნიციპალიტეტებში პრობლემა გვაქვს სპორტული ინვენტარის. ამიტომ სკოლის დირექტორებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ, დახარჯონ ფული ამ მიმართულებით. სკოლებში გვაქვს ძველი ბიბლიოთეკები, ეს თანხები, რა თქმა უნდა, მოხმარდება ამ ბიბლიოთეკების განახლებასაც“, – აღნიშნავს ედუარდ მიქელაძე.
საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარი მაჭარაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლები, დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, ისარგებლებენ კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა სიკეთით: პირველი და მეორე ბავშვისათვის ყოველთვიურ 100 ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ ერთი წლის განმავლობაში, მესამე და შემდგომი ბავშვისათვის – 200 ლარს ორი წლის მანძილზე ყოველთვიურად. ასევე, შეეხებათ სხვა სოციალური თუ საგადასახადო შეღავათები.
„ვფიქრობ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში დასაქმებული პედაგოგებისათვის აღნიშნული კანონით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები, მოგვარდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ რეგიონული განვითარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, სოფლებში მიგრაციის პროცესის შეჩერებას და ახალგაზრდების დასაქმებას ნაკლებად დასახლებელ პუნქტებში“, – აცხადებს საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.
რაც შეეხებათ სტუდენტებს, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი მათთვის შეღავათებს არ ითვალისწინებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ტოვებენ საკუთარ რეგიონს სწავლის დროს და უჩერდებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. თუმცა განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში მაცხოვრებელი სტუდენტებისთვის სხვა სოციალური შეღავათები არსებობს.
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სოციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N449 დადგენილების თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება მოიპოვა 206-მა სტუდენტმა, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მესტიის, ლენტეხის, ონის, ქედის, ხულოს, შუახევის, ყაზბეგის, დუშეთის (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლები), ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, ახმეტისა (პანკისის ხეობის, ზემო და ქვემო ალვანის სკოლები) და ასპინძის მუნიციპალიტეტები).
ამჟამად, სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 2015-2016 სასწავლო წლისთვის დასრულებულია. 2016-2017 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2016 წლის შესაბამისი დადგენილებით.
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება, თუ მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა და აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს დამატებით სოციალურ შეღავათებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით აგრეთვე გათვალისწინებულია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემა და „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემა.
სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში
ცისანა არის© შერგილაშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება