სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი“ ბაგა-ბაღებში ბევრ საკითხს დაარეგულირებს, რომელიც ამ დრომდე არ იყო კანონის ჩარჩოში მოქცეული. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიიდან იგეგმება.
რა წერია კანონში
- რომელ უწყებას რა ევალება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი “ახალი რეფორმაა, რომელიც 2 წელია მზადდება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და მიზნად ისახავს უფასო ერთიან სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონპროექტი 20-მდე სხვადასხვა კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტსაც მოიცავს.
პროექტი მიზნად ისახავს უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლებას საქართველოში, რაც გულისხმობს ახალი საერთაშორისო სტანდარტებით ყველა, საჯარო თუ კერძო ბაგა-ბაღების ბავშვების მომზადებას სკოლისთვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს: 2 საფეხურიანი სწავლების სისტემას-ადრეული აღზრდა და განათლება (2 წლამდე ბავშვებისთვის); სკოლამდელ განათლებას (2 წლიდან სკოლაში შესვლამდე); მშობელთა სრულ ჩართულობას საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში; ჯანსაღ კვებას – ყველა ბავშვისთვის და ახალი სტანდარების დადგენას შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ; ავტორიზაციას ყველა დაწესებულებისთვის – რაც გულისხმობს განათლების, კვების, ჰიგიენისა და ინფრაქტრუქტურის, მატერიალურ -ტექნიკური ბაზის, აღჭურვილობის მაღალი სტანდარტების დაცვას; მაღალი კვალიფიკაციის აღმზრდელ-პედაგობების მომზადებას; ძალადობისგან სრულად დაცული გარემოს უზრუნველყოფას.
პროექტი 2013 წელს დეკემბერში UNICEF-ის ინიციატივით დაიწყო 2014 წლიდან კი სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთო შესაბამისი სამინისტროები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი თვითმართველობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტო და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები.
- რა მდგომარეობა გვაქვს დღეს
კანონპროექტის ინიციატორებმა შემუშავებული პროექტის პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეისათვის ამ სფეროში. მათი განცხადებით, არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს. არსებობს მხოლოდ ჩანაწერი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში (მე-16 მუხლი), რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, სხვა უფლებამოსილებებს შორის, არის ,,მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ‘’ ეს სფერო, მიუხედავად იმისა, რომ მოიცავს თემებისა და საკითხების ძალიან ფართო სპექტრს, არ არის დარეგულირებული და მოწესრიგებული კანონის დონეზე. იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტები ამ სფეროში, არსებითად განსხვავებული მდგომარეობაა მუნიციპალიტეტების მიხედვით და ბავშვები იმყოფებიან არათანაბარ მდგომარეობაში; რაც ყველაზე საყურადღებოა, უახლესმა კვლევებმა გამოავლინა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის დაწესებულებებში არადამაკმაყოფილებელი პირობები და ზოგიერთში- საკმაოდ სავალალო მდგომარეობა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მის აღმოფხვრას. კანონპროექტის ინიციატორები საუბრობენ, რომ განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმად, დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან/და დამამცირებელი მოპყრობა; ახალი კანონპროექტის მიხედვით, კი დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელებისა და პერსონალის გადამზადება უნდა მოიცავდეს სწავლებას ძალადობის დაუშვებლობის, ბავშვის მიერ საკუთარი ქცევის თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმების, უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს;
დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის პრევენცია, (მათ შორის, მშობელთა განათლება და ინფორმირება), იდენტიფიკაცია, შეფასება, შეტყობინება და შესაბამისი რეაგირება, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად; დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.
დაწესებულების ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაც განისაზღვრა. 2–დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა; 3–დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; 4–დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;
რაც შეეხება ჯგუფებში აღმზრდელების რაოდენობას, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით: 2 დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:13; 3 დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1: 15; 4–დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1: 15; სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15 .
კანონპროექტის თანახმად, დაწესებულებება ასევე ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია, რომლის ვადაა 4 წელი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ავტორიზაციის მოთხოვნების დარღვევა დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძველია.
- რომელი უწყება როგორ ერთვება სკოლამდელი განათლების განხორციელებაში.
კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებს; ადგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; მოამზადებს საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიურ რესურსებს ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს ამ რესურსების ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტებისთვის; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს მათი დანერგვის მონიტორინგის სისტემას და განახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას; განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულებაში სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დადგენის მიზნით; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულებაში სურსათის უვნებლობის წესების დადგენის მიზნით; მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ფუნქციებს, ასეთია: მაღალი ხარისხის, თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფა; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში მშობელთა ჩართულობისა და ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფა; დაწესებულებების საქმიანობაზე მუნიციპალური კონტროლის განხორციელება; დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების დაცვის შემოწმება; ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მიერ შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შექმნა; დაწესებულებების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ
ბაღებში სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტრო თავის თავზე იღებს
„რეფორმობანა“ თუ შედეგზე გათვლილი სიახლე განათლების სამინისტროსგან – „სასკოლო მზაობის პროგრამა“
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება