„აქ სკოლის დირექტორთა „არჩევა“ საბჭოთა მეთოდებით ხდება“, – ორი არწარდგენილი კანდიდატის ამბავი რეგიონიდან
რამდენიმე დღეა, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, სკოლის სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა. სკოლების ნაწილში კანდიდატი საერთოდ არ არის წარდგენილი. გარდა ამისა, არაერთი დირექტორობის მსურველი აცხადებს, რომ მათ მიერ შერჩეულ არცერთ სკოლაში არ წარადგინეს, რასაც უსამართლოდ თვლიან.
სკოლების სია, სადაც დირექტორობის მსურველები წარადგინეს და კანდიდატთა კოდები ცნობილია
გარდა ამისა, ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასკოლო საზოგადოებამ განათლების მინისტრს წერილობით მიმართა, ნაწილი კი განათლების სამინისტროში მივიდა და მოქმედ, არწარდგენილ დირექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი ხელახალი კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ თებერვალში მიიღო, არაერთი კანდიდატის უწყვეტი პროტესტის შემდეგ.
EDU.ARIS.GE-ს რეგიონის სკოლების დირექტორობის კანდიდატები დაუკავშირდნენ, რომლებმაც თავიანთი ისტორია წერილებში გაგვიზიარეს და მინისტრ გიორგი ამილახვარსაც მიმართეს.
მე ვარ ინდიანა შენგელია – 2013 წლიდან, ორგზის სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსით მუშაობა დავიწყე სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედა ჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში. 2019 წლიდან -წამყვანი მასწავლებლის სტატუსით. სკოლაში მუშაობის დღიდან ვარ კოლეგების აქტიური მხარდამჭერი პროფესიული განვითარების კუთხით, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა სახის პროექტებში ეროვნულ დონეზე, საგანმანათლებლო კონფერენციებსა თუ ოლიმპიადებში.
მიმდინარე წელს, კოლეგების თხოვნით, მივიღე მონაწილეობა საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. რეგისტრაციისას მხოლოდ ქვედა ჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლა მივუთითე, რადგანაც ვთვლი, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცნობ ჩემი სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ჩემი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შემეძლო სკოლის განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდა საკმაოდ მაღალ ქულაზე ჩავაბარე, გასაუბრების ეტაპიც გავიარე და მქონდა დადებითი შედეგის მოლოდინი, აღმოჩნდა, რომ ჩემსავე სკოლაში არ ვიყავი წარდგენილი, უფრო მეტიც, ამ დრომდე არ ვიცი, რამდენი ქულით შემაფასა გასაუბრების კომისიამ. ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ვერ მივიღე პასუხი, როდის მივიღებ გასაუბრების ოქმს და საერთოდ, მივიღებ თუ არა ოდესმე.
აღმოჩნდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რიგ სკოლებში საერთოდ არ წარუდგენიათ ერთი კანდიდატიც კი, რიგ სკოლებში კი მხოლოდ ერთი და ისიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული კანდიდატები, ან ქართული ოცნების აქტივისტები წარადგინეს, რაც ეწინააღმდეგება მინისტრის დაპირებას, რომ დირექტორთა შერჩევის პროცესი, შარშანდელთან შედარებით, უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული გახდებოდა. ჩემთვის გაუგებარია რატომ დავრჩი საკმაოდ მაღალქულიანი კანდიდატი კონკურსს მიღმა…
არ ვიცი სხვაგან როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ ჩხოროწყუში დირექტორთა „არჩევა“ საბჭოთა მეთოდებით ხდება.
***
ქეთი ცირეკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩხოროწყუდან.
სკოლის დირექტორთა სერტიფიცირება გასულ წელს დაიწყო და მსურველები ენთუზიაზმით ჩავერთეთ პროცესში. გავიარეთ ორმაგი ფილტრი გასაუბრებების სახელით. ზოგიერთი კანდიდატი პირველ გასაუბრებაზე დაიბლოკა,ზოგიც მეორეზე. სკოლებს სამინისტრომ “ასარჩევად” თითო კანდიდატი წარუდგინა, რასაც, რა თქმა უნდა, სამართლიანი პროტესტი მოჰყვა და მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენმა მინისტრმა ხელახალი კონკურსი გამოაცხადა. რაც შეეხება თითო კანდიდატიან წარდგენებს, მან განაცხადა, რომ თავად ახალი დანიშნული იყო, ეს პროცესი დაწყებული და პასუხისმგებლობა აირიდა. თან ბრძანა – კომისიას წარსადგენი კანდიდატები არ ჰყავდაო, არადა ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს.
გამოცხადდა ახალი კონკურსი. გიორგი ამილახვარმა პირობა დადო, რომ იქნებოდა გამჭვირვალე და დემოკრატიული. სხვა რა გზა იყო, სიტყვაზე ვენდეთ… ჰოი საოცრებავ! ამჯერადაც მოახერხეს ჩვენი გაოცება და მაგალითად ჩემს რაიონში, ჩხოროწყუში, სკოლებს ისევ თითო კანდიდატი წარუდგინეს, ზოგან არც წარადგინეს. არადა, მსურველების რაოდენობა ისევ საკმაოდ ბევრი იყო.
მე სამი სკოლა მქონდა მითითებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ სერტიფიცირებული კანდიდატი არც ერთი სკოლისთვის არ ვარ შესაფერი და ამ სკოლებში ისევ მოვალეობის შემსრულებლები გააგრძელებენ მოვალეობის შესრულებას.
მიზეზი გაინტერესებთ ჩემი დაბლოკვის?
თქვენ წარმოიდგინეთ და მეც.
ათას ერთი ღამის ზღაპრისა არ იყოს, ათას ერთ ვერსიას განიხილავენ და ყველაზე მეტად ის ერთი ვერსია ე.წ. „ოპოზიციონერობა” ჰფენს ნათელს ყველაფერს. ოღონდაც, ჯერ ვერ გამირკვევია, რომელ ოპოზიციურ პარტიას ვეკუთვნი.
ჩხოროწყუში ტარდება დირექტორთა „არჩევნები”, თუმცა „ასარჩევი” ერთი კანდიდატია.
დანარჩენი თავად განსაჯეთ.
ჩხოროწყუს რაიონის სამ სკოლაში: კირცხის, სარაქონისა და დაბის მე-2 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭო პროტესტის ნიშნად გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლებში ერთკანდიდატიანი “არჩევნები” არ ჩატარდება. ამ ფორმით გამოხატეს სამართლიანი პროტესტი უსამართლო პროცესებზე!
ბატონო მინისტრო, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”. ან იქნებ თქვენი თვალით დანახულ ამ პროცესს ეს უფრო მეტად შეეფერება – „ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდაო”.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება