რას ამბობს მაია მიმინოშვილი პედაგოგთა ვიდეოგაკვეთილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით
პედაგოგთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების გარე დაკვირვების სავალდებულოდან არჩევითზე გადასვლის ფაქტი პედაგოგებისთვის მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა. პირველი დიდი ცვლილება სქემაში, რომელიც განათლების მინისტრმა თავად დააანონსა, მასწავლებლის ხუთკრედიტიან აქტივობას წარმოადგენს და დანარჩენ 14 კრედიტთან ერთად, ,,უფროსი მასწავლებლის” საფეხურზე მყოფ პედაგოგს კატეგორიის შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი წარსულში ,,გარე დაკვირვების მნიშვნელობაზე საუბრობდა და ამბობდა რომ: ,,გარე დაკვირვების მიზანი არ არის იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის მასწავლებელი ყველა გაკვეთილს კარგად ატარებს. გარე დაკვირვებით გამოცდების ეროვნული ცენტრი ეცდება დაამტკიცოს – შეუძლია თუ არა პედაგოგს კარგი გაკვეთილის ჩატარება.“
რა პოზიცია აქვს უშუალოდ გარე დაკვირვების კომპონენტის შემსრულებელ უწყებას მინისტრის მიერ გაჟღერებულ ცვლილებასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს ამგვარ გადაწყვეტილებას? EDU.ARIS.GE– შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა:
როგორც მაია მიმინოშვილმა გვითხრა, მინისტრმა მასთან აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი დღით ადრე იმსჯელა.
-ქალბატონო მაია, თქვენთან და მასწავლებლის სახლთან თუ გაიარა მინისტრმა ერთობლივი კონსულტაცია, სანამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ისაუბრებდა?
–მართალი გითხრათ, არ ვიცი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას ესაუბრა თუ არა მინისტრი, მე რაც შემეხება, გუშინ (საუბარი ჩაწერილია 13 ივლისს) გვქონდა საუბარი. მკითხა მოსაზრება. მე რა შეიძლება საწინააღმდეგო მქონდეს. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს პროექტი არსებობდა. ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ჩვენმა ორგანიზაციამ. შეფასების ერთ-ერთი ალტერნატიული მოდელი შეიქმნა. დანარჩენი მე რატომ უნდა მქონდეს პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. დიახ, გუშინ ნამდვილად გვქონდა საუბარი.
–ქალბატონო მაია, თავად ფაქტს როგორ აფასებთ გარე დაკვირვების, როგორც სქემის სავალდებულო კომპონენტის გაუქმების?
–საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტის შექმნა დავიწყეთ და კარგად იცით, რომ რამდენიმე წელია ამას ვაკეთებდით. პროცესი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. შევქმენით ინსტრუმენტიც და ანგარიშიც მოვამზადეთ. თავიდანვე ვამბობდით, რომ გარე დაკვირვება უნდა ყოფილიყო რაღაცა ფორმით ნებაყოფლობითი. ბუნებრივია ეს სამინისტროს გადასწყვეტი არის, იყო და იქნება რას როგორ აირჩევს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არაფერი არ ყოფილა მოულოდნელი. შეიქმნა სქემა და ამ სქემაში ჩასმული იყო გარე დაკვირვება, ჩადებული იყო პირობა რომ სამ წელში, საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელად უნდა დაგროვდეს კრედიტები. თუ პედაგოგმა ეს არ გაიარა, შემდეგ საფეხურზე ვერ გადავა. თავისთავად, ამ ინსტრუმენტს რა პირობებიც წაუყენეს, ეს ჩვენი ორგანიზაციის გადასწყვეტი არ იყო და სამინისტროს უნდა დავედგინა. როგორ გამოიყენებს შეფასების ამ ინსტრუმენტს სამინისტრო, ეს მასზეა დამოკიდებული. ჩვენს ორგანიზაციას რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს?!
–რამდენად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ხანგრძლივი შრომა წყალში ჩაიყარა?
–არა, რატომ ითვლება წყალში გადაყრილად?! საერთოდ რომ არ გამოიყენოს სამინისტრომ შეფასების ეს ინსტრუმენტი, ჩვენმა ცენტრმა უდიდესი გამოცდილება მიიღო. ის რომ გარე დაკვირვება ნებაყოფლობითია, ნიშნავს, რომ შეფასების ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი პედაგოგი გამოიყენებს გარე დაკვირვებას, როგორც შეფასების ინსტრუმენტს – 1, 2 10 თუ 100. მე პირადად ვფიქრობ, რომ გარე დაკვირვების ეს ინსტრუმენტი ყველაზე ეფექტურია სხვა ალტერნატივებთან შედარებით. ჩვენს ეს დაკვეთა გვქონდა: უნდა შეგვექმნა მოდელი და შევქმენით. მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ : ჯერ ერთი უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის, ბევრი სწავლის და პილოტირებების და ა.შ…
–აქვთ თუ არა ამ დროისთვის ვიდეოგაკვეთილები პედაგოგებს უკვე ჩაწერილი?
–რა თქმა უნდა, პილოტირების ფარგლებში რამდენიმე ასეული ვიდეოგაკვეთილი არის ჩაწერილი. ისინი ჩვენ ჩავიწერეთ რომ შეფასების კრიტერიუმები შეგვექმნა, დაგვეხვეწა და საბოლოო სახე მიგვეცა. საერთოდ, გარე დაკვირვების კომპონენტი საერთოდაც რომ აღარ იყოს, ეს შეფასების რუბრიკები შიდა დაკვირვების პროცესში იქნება გამოყენებული. თუმცა, გარეც თუ გააუქმეს და შიდაც, ეს უკვე სამინისტროს გადასაწყვეტია.
–ქალბატონო მაია, უკვე ჩაწერილ ვიდეოგაკვეთილებში კრედიტქულები დაიწერება?
-არა, რა თქმა უნდა არა. წინა მინისტრთან იყო ამ თემაზე საუბარი და თამარს სურდა რომ პილოტირების პროცესში მიღებული ვიდეოებიც შეგვეფასებინა. თუმცა, მე ბუნებრივია, წინააღმდეგი ვიყავი. პილოტირება იმის პილოტირებაა, რომ ინსტრუმენტი დაიხვეწოს. დაუხვეწავი ინსტრუმენტით კი სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.
–ქალბატონო მაია, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მასწავლებელი წინააღმდეგი იყო ვიდეოგაკვეთილების, როგორ ფიქრობთ, ახლა, როდესაც ამ აქტივობის არჩევა ნებაყოფლობითი გახდა, ექნებათ მასწავლებლებს სურვილი აირჩიონ ის დამატებით აქტივობად?
–მე არ მახსოვს უკმაყოფილება. უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ისინი, ვისაც არ ჰქონდათ კარგად ინფორმაცია, თუ რას ნიშნავდა გაკვეთილის ჩაწერა. დადგმას და მსახიობობას არავინ ითხოვდა. პირიქით, ჩვენ გვინდოდა ჩვეულებრივი გაკვეთილების ჩაწერა. ვთვლი რომ რატომაც არა, ამ აქტივობას აუცილებლად გამოიყენებენ და ზოგისთვის უფრო მისაღები იქნება ვიდრე კრედიტქულების დაგროვების სხვა მეთოდი.
–ქალბატონო მაია, რას გვეტყვით ვიდეოგაკვეთილების ჩასაწერად შეძენილ ტექნიკაზე, “ნაეკს“ რა დაუჯდა სკოლების აპარატურით აღჭურვა?
-ძვირი ნამდვილად არ დამჯდარა. სულ 1000 დოლარზეა საუბარი. ესეც მსოფლიო ბანკის ფინანსურ დახმარებაში იყო გაწერილი. ჩვენ სამი ალტერნატიული მოდელი შევთავაზეთ სამინისტროს, რომელიც გამოდგება გარე დაკვირვებისთვის. საერთოდაც, ისე არ იყო რომ ეს ტექნიკა მთლიანად ჩვენ უნდა შეგვეძინა.
როგორც ცნობილია, გარე დაკვირვების გავლისთვის მასწავლებლებს ორი ვიდეოგაკვეთილი მოეთხოვებოდათ. იყო თუ არა მასწავლებლის შეფასებისთვის გარე დაკვირვების კომპონენტის არსებობა იმის ერთ–ერთი გარანტი, რომ პედაგოგები რეალურად გაიზრდებოდნენ და ეს მათ პროფესიულ გამოცდებზე უკეთესი შედეგის დადებაში, შემდეგ კი პრაქტიკაში დაეხმარებოდათ, სავარაუდოდ უცნობი დარჩება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე მათ უწყებაში შექმნილ სქემაში შეტანილ პირველ ცვლილებაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად მომზადებული დასკვნა სქემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მინისტრის თქმით, სქემაში პირველი დიდი ცვლილება შევიდა, აუცილებლად გასაჯაროვდება.
მინისტრი: სხვა ცვლილებებთან ერთად, პედაგოგებისთვის ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა დასახვეწია
15 000–ზე მეტ პედაგოგს გარე დაკვირვების გავლისას 2 ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის ვალდებულება ექნება
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება