მინისტრი: სხვა ცვლილებებთან ერთად, პედაგოგებისთვის ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლების განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. განათლების მინისტრი პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები პოზიტიური იქნება განათლების სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის.
„მასწავლებლების განვითარების სქემა, რომელიც ბოლო პერიოდში ინერგება, არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული, კრედიტებზე აგებული სქემა. პირველი ეტაპი, საპილოტო მოსინჯვა ამ სქემისა, დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ. პირველად არის ჩვენს ისტორიაში, რომ ისეთი სქემა შევქმენით, რომელსაც ძირითადად მხარს უჭერენ.
მეორე მხრივ, გამოვლინდა ხარვეზები და ერთერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვავითარებთ და ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთან, ჩვენს სამსახურებთან. გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ შემდეგ საფეხურებაზე გადავიდეს პროფესიული მომზადების და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა დასახვეწია
15 000–ზე მეტ პედაგოგს გარე დაკვირვების გავლისას 2 ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის ვალდებულება ექნება
პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?
მაია მიმინოშვილმა ვიდეოგაკვეთილის მეშვეობით მასწავლებლის შეფასების დეტალებზე ისაუბრა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)
წყარო: news.ge