GE

რას გრძნობდა მოსწავლე, რომელსაც ზედიზედ 11 დღე-ღამე არ ეძინა

1963 წლის დეკემბერში, ორმა ამერიკელმა უფროსკლასელმა იმის დადგენა გადაწყვიტა, თუ რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ძილის გარეშე გაძლება. მათი ექსპერიმენტის დახმარებით მეცნიერებმა დაღლილი ადამიანის ტვინის მოქმედების თავისებურებები დაადგინეს.

სასწავლო სემესტრის დასასრულს, როდესაც ყველა მოსწავლე საშობაო არდადეგებისთვის ემზადებოდა, ორი მოზარდი იმ ცდას გეგმავდა, რომელმაც მთელი ერის ყურადღება მიიპყრო. ექსპერიმენტი 1964 წლის 8 იანვარს დასრულდა: 17 წლის რენდი ჰარდნერმა ძილის გარეშე 11 დღე-ღამე და 25 წუთი გაძლო.

ერთ-ერთი უფროსკლასელი, ბრიუს მაკალისტერი ყვება, რომ იდეა საშინაო დავალებად მიცემული სამეცნიერო კვლევაზე ფიქრის დროს დაიბადა. მან და მისმა მეგობარმა რენდიმ მსოფლიო რეკორდის მოხსნა გადაწყვიტეს. იმ დროს ის ერთ-ერთ დიჯეის ეკუთვნოდა, რომელმაც ძილის გარეშე 260 საათი, 11 დღე-ღამეზე ცოტა ნაკლები გაძლო.

თავდაპირველად მოსწავლეებს  იმის დადგენა უნდოდათ, თუ როგორ მოქმედებს უძილობა ადამიანის პარანორმალურ შესაძლებლობებზე. თუმცა როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ ეს მათ ძალებს აღემატებოდა, გადაწყვიტეს დაედგინათ ძილის დანაკლისის ზემოქმედება ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე.

ექსპერიმენტის მონაწილე მოზარდი კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მალე მეგობრები მიხვდნენ, რომ ცდის გასაგრძელებლად მათ კიდევ ერთი ადამინი დასჭირდებოდათ. ამ დროს მათ სტენფორდის უნივერისტეტის თანამშრომელი უილიამ დემენტი დაუკავშირდა. ექსპერიმენტის შესახებ მან სან-დიეგოს ადგილობრივ გაზეთში წაიკითხა და მასში მონაწილეობა გადაწყვიტა.

,,ალბათ, იმ დროს მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი ჩვენს პლანეტაზე, რომელიც ამ სფეროში კვლევებს ატარებდა“, –  ამბობს დემენტი.

ექსპერიმენტის მსვლელობისას ყველაზე მეტს რენდი გარდნერის მშობლები განიცდიდნენ. მათ არ იცოდნენ თუ რა ზიანს მოუტანდა უძილობა მათ შვილს. იმ დროს ამ თემაზე მწირი ინფორმაცია არსებობდა.

ბრიუს მაკალისტერის თქმით, მათ ექსპერიმენტზე ზემოქმედება ნებისმიერ დეტალს შეიძლება მოეხდინა. მაგალითად კოკა-კოლა, რომელსაც რენდი ხანდახან წრუპავდა. თუმცა აქვე ის ხაზს იმას უსვამს, რომ მოსწავლეს არანაირი ფსიქოსტიმულატორი არ გამოუყენებია.

ექსპერიმენტი რამდენიმე დღის დაწყებული იყო, როდესაც მას იულიამ დემენტი შეუერთდა. რენდი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობდა, თუმცა უძილო ღამეებმა მოულოდნელი ცვლილებების მოტანა მალევე დაიწყეს. რენდის გემოსა და სუნის შეგრძნების შესაძლებლობაზე რეგულარულად ამოწმებდნენ. ექსპერიმენტატორების გასაკვირად, მისი საკალათბურთო შესაძლებლობები დაქვეითების ნაცვლად გაუმჯობესდა.

დროთა განმავლობაში ექსპერიმენტისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა და ის, ჯონ კენედის მკვლელობისა და ,,ბითლზების“ ამერიკული ტურნეს კვალდაკვალ, პრესაში მესამე ყველაზე წაკითხვადი ამბავი გახდა. თუმცა ხალხი ამ ამბავს ორი მოსწავლის ოინად აღიქვამდა. ამის მიუხედავად უფროსკლასელები თავიანთ ჩანაფიქრს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ. უძილოდ გატარებული 264 საათის შემდეგ რენდიმ მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარება შეძლო.

საწოლში მოკალათებისა და გამოძინების ნაცვლად რენდი საზღვაო-სამხედრო ჰოსპიტალში, ტვინის გამოსაკვლევად მოათავსეს. ამის შემდეგ მას გადაბმულად 14 საათი ეძინა. რენდის ტვინის კვლევის შედეგები არიზონის სამეცნიერო ცენტრში გაგზავნეს. დასკვნის თანახმად, უფროსკლასელის ტვინი ჩათვლემასა და გამოღვიძებას სისტემატურად ახერხებდა. მაკალისტერის თქმით, ევოლუციის კვალდაკვალ, ადამიანის ტვინმა უძილობასთან გამკლავება ისწავლა. მაშინ, როდესაც ერთ ზონას სძინავს, მეორე ფხიზლობს. სწორედ ამიტომ უფროსკლასელმა შეძლო ამდენ ხანს ძილის გარეშე გაძლება.

ამის შემდეგ გარდნერის რეკორდის მოხსნა ბევრმა ადამიანმა სცადა, თუმცა გინესის რეკორდების წიგნმა უარი თქვა ამ მცდელობების რეგისტრაციაზე, ვინაიდან ის შეიძლება საფრთხის შემცველი ყოფილიყო ჯანმრთელობისათვის.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: bbc

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური