GE

რას გულისხმობს მასწავლებლის გარე შეფასების რუბრიკა, რომელიც შესაძლოა ახალ სქემაშიც ადაპტირდეს

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა შეიცვალა. ახალი სქემის მიხედვით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსმა მასწავლებელმა შეიძლება აირჩიოს შეთავაზებული სამიდან ერთი გზა,  სადაც ერთ-ერთში გარე დაკვირვების გავლა აუცილებელია. წამყვანის სტატუსი რომ მიიღოს, უფროსმა მასწავლებელმა უნდა დააგროვოს 19 კრედიტქულა, საიდანაც 4 კრედიტქულა სწორედ გარე დაკვირვებაზე მოდის.

სქემაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის წერია, რომ გარე დაკვირვების წესი მტკიცდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. როგორც მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, აქ მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ განმახორციელებელი არ იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. გარე დაკვირვების კომპონენტში მასწავლებლელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ასევე ჩართულნი იქნებიან სკოლების წარმომადგენლებიც, ფასილიტატორები, სამომავლოდ კი, ის მასწავლებლები, რომლებიც გაივლიან გარე საგაკვეთილო დაკვირვებას თავად გახდებიან გარე დამკვირვებლები. სანამ სამინისტრო დაამტკიცებს წესს, სადაც დაწვრილებით გაიწერება მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს გარე დაკვირვება გაკვეთილზე, მანამდე ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების შესახებ ცენტრის პროფესიული უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ირინა ჟვანია გვესაუბრა.

– გარე დაკვირვება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციაა, თუმცა ახალი სქემის მიხედვით გაკვეთილის ალტერნატიული მეთოდებით შეფასების გზა იქნება მასწავლებლებისთვის შეთავაზებული.  თქვენი ცენტრი როგორ განახორციელებს გარე დაკვირვებას?

16295630_10155059408817164_934826810_n–როგორც სქემის ცვლილებამდე იყო, გარე დაკვირვებას ახორციელებლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ჩვენ შესაბამისად მოვამზადეთ შეფასების ინსტრუმენტი, თუმცა ახალ სქემაში ბევრი რამ შეიცვალა და იმ ფორმაზე, რომელიც გარე დაკვირვებისთვის გვქონდა შერჩეული – ვიდეო გაკვეთილების შეფასება – უარი თქვა სამინისტრომ. თუმცა უფროს მასწავლებელს რომ მიენიჭოს წამყვანის სტატუსი გარე დაკვირვების გავლა აუცილებელია.

ახალ სქემაში ცოტა რამ წერია გარე დაკვირვების შესახებ. სქემაში წერია, რომ გარე დაკვირვების წესი მტკიცდება განალების და მეცნიერების სამინისტრის მიერ. ჯერ ეს წესი არ არის გაწერილი. ამას თავის თავზე იღებს სამინისტრო. როგორ გაწერს, რა პროცედურა იქნება, ამის შესახებ არაფერი  წერია სქემაში.

– თქვენი ცენტრის  გარეშე, ალბათ, ამ წესებს ვერ შეიმუშავებს სამინისტრო. ცენტრის ფუნქცია რა იქნება გარე დაკვირვების დროს?

–იცით, რა არის? ვერ გეტყვით, რომ სქემაში გამოკვეთილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის როლი გარე დაკვირვებაში. ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვამზადეთ შეფასების სქემა, რის მიხედვითაც ვაფასებდით გაკვეთილს. ეს რუბრიკა მორგებული იყო ვიდეო ჩანაწერზე. თუმცა რასაკვირველია, არსებული შეფასების სქემის გამოყენება შეიძლება უშუალოდ გარე დაკვირვების შემთხვევაში.

– რა კრიტერიუმებით ფასდება გარე დაკვირვების დროს მასწავლებელი?

–გარე შეფასების რუბრიკაში რამდენიმე ძირითადი კომპონენტია გაწერილი და არის ასევე ქვეკომპონენტები, რა უნდა შეფასდეს. ეს არის სასწავლო გარემო, დიდი სფერო, რომელსაც თავისი კომპონენტები გააჩნია. სასწავლო გარემოში ფასდება სასწავლო რესურსი, მოსწავლეებთან კომუნიკაცია, კლასის  მართვა და. ა.შ მეორე დიდი სფეროა სწავლება, რომლესაც ასევე თავისი ქვეკომპონენტები აქვს. ეს არის 4 დონეზე გაწერილი ვრცელი დოკუმენტი, რომელსაც, სავარაუდოდ, გარე დაკვირვების პროცესში გამოიყენებენ და ადაპტირების შემთხვევაში შიდა შეფასების დროსაც.

ჩვენ ვატარებთ პედაგოგთა გამოცდებს, რომელსაც ახალი სქემის მიხედვით კომპეტენციების დადასტურება ჰქვია. რაც შეეხება გარე დაკვირვებას, მკაფიოდ არ წერია  შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის როლი. აქ წერია, რომ გარე დაკვირვების განხორციელებაში ჩართულები იქნებიან ასევე სკოლის წარმომადგენლები და არგუმენტი არის ის, რომ უფრო მეტად იზრდება გარე დაკვირვების მიმართ ნდობა. იქვე აღნიშნულია, რომ გარე დაკვირვებას აღარ ახორციელებს მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, კარგად არ ვიცით, ეს ფრაზა რას ნიშნავს. იმიტომ რომ არ არის გამოკვეთილი ცენტრის როლი გარე დაკვირვების პროცესში. გარდა იმისა, რომ ისინი გამოიყენებენ იმ შეფასების რუბრიკას, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ.

სქემაში წერია, რომ გარე დაკვირვების წესს დაამტკიცებს სამინისტრო და იმ წესში რა როგორ გაიწერება, ეს ჯერ არ ვიცით. თუმცა თავდაპირველად იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ვიდეო ჩანაწერის, ვიდეო გაკვეთილის შეფასება იქნება ერთ-ერთი ალტერნატივა. ანუ მასწავლებელს თუ მოუნდება ან ვიდეოს შეაფასებენ მისას, ან თუ სურვილი ექნება, უშუალოდ დაკვირვება იქნება. მაგრამ ეს სქემაში არ ჩანს. სავარაუდოდ, სამინისტროს წესში გაიწერება ყველა დეტალი, რომელიც გარე დაკვირვებაში იქნება გამოყენებული.

ჩვენ მიერ შემუშავებულ შეფასების სქემაში, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს მასწავლებლის გაკვეთილი, არის კრიტერიუმები, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. რას უნდა მიაქციონ მასწავლებლებმა ყურადღება გაკვეთილის მსვლელობის დროს, მასწავლებლის რომელ პროფესიულ უნარს.

შეფასების რუბრიკა აფასებს ორ ძირითად სფეროს: სასწავლო გარემოს და სწავლებას. ანუ იმას, თუ როგორ გარემოს ქმნის პედაგოგი და იმას თუ სწავლებისთვის რას იყენებს. სასწავლო გარემოში იგულისხმება ურთიერთპატივისცემის და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტიანი სწავლებისთვის. ასევე იგულისხმება, თუ როგორ მართავს პედაგოგი კლასს. რამდენად კარგად შეუძლია კლასის მართვა, სწორედ ამის მიხედვით, რამდენად კარგად, საშუალოდ ან ცუდად მართავს პედაგოგი კლასს, ფასდება ის.

ამ სფეროს მესამე კომპონენტია სასწავლო რესურსი. როგორ იყენებს პედაგოგი ამ სასწავლო რესურსს. სასწავლო რესურსთან მიმართებაში მკაფიო მიდგომა გვაქვს, იმიტომ რომ სხვდასხვა სკოლას სხვადასხვა რესურსი აქვს. ჩვენ იმის მიხედვით ვაფასებთ, რა რესურსიც აქვს პედაგოგს, იმას რამდენად ადეკვატურად იყენებს.

მეორეა სწავლების სფერო: რამდენად ეფექტური კომუნიკაცია აქვს მასწავლებელს მოსწავლესთან,  სწავლების ადეკვატურ სტრატეგიებს რამდენად იყენებს პედაგოგი კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, როგორ ზრუნავს მოსწავლეების მოტივაციაზე, მათ ჩართულობაზე და როგორ იყენებს შეფასებას. შეფასების რამდენად ეფექტურ ნორმებს იყენებს და რამდენად არის მისი უკუკავშირი მნიშვნელოვანი და ეფექტური მოსწავლისთვის.

ჩვენ პილოტირების პროცესში ოთხ დონეზე ვაფასებდით მასწავლებელს ყველა კომპონენტის მიხედვით და შემუშავებული გვქონდა ქულების დათვლის პროცედურაც. ამ ახალი სქემის მიხედვით, რა როგორ განხორციელდება, მე ამის თქმა მიჭირს. თუმცა რაც უკვე გადაწყვეტილად ვიცით ისაა, რომ ვიდეოგაკვეთილი ნამდვილად არ იქნება.

ვინ იქნება ახალი სქემით მასწავლებლის გარე დაკვირვების ჯგუფში და ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან

მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური