„მეათე კლასელებს წელს გამოცდა დაგვენიშნა 8 საგანში? და ეს სამართლიანია?!“ – რას გეგმავს და როდის ბატიაშვილის უწყება
სკოლის მოსწავლეებში და მშობლებში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ წელს მე-10 კლასში შეფასებითი გამოცდები უნდა ჩატარდეს. ამ თემაზე EDU.ARIS.GE-ს დაინტერესებული პირები არაერთ შეკითხვას უსვამენ. მიზეზი კი ერთ-ერთი ტელევიზიით გასული სიუჟეტია, (წლის დასაწყისში გაკეთებული, თუმცა ბოლო პერიოდში ინტერნეტში ძალიან აქტიურად გავრცელებული) რომელზეც სამინისტრო ამბობს, რომ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. სიუჟეტი კი სათაურით “მეათე კლასელებს წელს საპილოტე გამოცდის ჩაბარება მოუწევთ” გავიდა.
„მაინტერესებს მეათე კლასელებს წელს გამოცდა დაგვენიშნა რვა საგანში? და თუ დაგვენიშნა ამას ახლა რატომ ვიგებთ, როცა ერთი სემესტრი მთავრდება უკვე? ეს სამართლიანია? ჩვენც ადამიანები ვართ და მაინტერესებს, რატომ უნდა ჩავაბაროთ რვა საგანში გამოცდა? და თან ამ ყველაფერს ახლა რომ წყვეტენ ნახევარი წელი რომაა გასული! დღეს გამოაცხადა დამრიგებელმა და სასწავლო ნაწილმა, თქვეს რომ საპილოტე გამოცდებიაო, მაგრამ ზოგი ამბობდა მხოლოდ ჭორის დონეზეაო“,- გვწერს მოსწავლე ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან.
„მეათე კლასელებისთვის რვა საგანში იქნება წელს გამოცდა? და თუ იქნება ვინ გითხრათ რომ მიზანშეწონილია? ჩვენ ადამიანები არ ვართ? ერთ წელში რვა გამოცდა? ყოველ წელს ვაბარებდი ორ გამოცდას და მეათე კლასში არ მქონდა მხოლოდ და ახლა მეათეშიც უნდა ვაბარო ,თან რვა საგანში?!“, – კითხულობს კიდევ ერთი მოსწავლე.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეფასებითი გამოცდების პროექტზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს და ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ რომელ სკოლებში და რომელ საგნებში ჩატარდება აღნიშნული გამოცდა, მიღებული არ არის.
EDU.ARIS.GE-სკითხვაზე რას გეგმავს სამინისტრო და თუკი არ გეგმავს, მაშ რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია წინმსწრებად, ან რას ემსახურებოდა ეს, მიხეილ ბატიაშვილის უწყებაში ასეთ პასუხს გვაძლევენ:
„მიმდინარეობს მუშაობა ამ თემაზე, მე-10 კლასში ყველა კი არ ჩააბარებს ამ გამოცდას, შეიძლება საპილოტე რეჟიმში დაინერგოს მაგალითად თბილისის სამ სკოლაში. შეიძლება პირობითად მე-4 კლასში ჩატარდეს, ან მე-6 კლასში, კონკრეტიკა არ გვაქვს. ჯერ არ ვიცით დეტალები, ბავშვები რა ფორმით ჩააბარებენ, ან რამდენ სკოლაში. სასწავლო წლის ბოლოს არ ვაპირებთ ვაცნობთ ამის შესახებ, უფრო მალე იქნება. თან ეს არ არის ტესტი, რომ ამით რამე წყდებოდეს, უბრალოდ ნახავენ წლის ბოლოს როგორ დაძლიეს პროგრამა. ბავშვიც და მშობელიც ნახავს რა საგანში მოიკოჭლებს და რა მიმართულებით აქვს პრობლემა. ჯერჯერობით საკითხი ჩამოყალიბებული არ არის, როგოც კი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ“.
ცნობისთვის, შეფასებითი გამოცდების სისტემის დანერგვის შესახებ, განათლების უწყებაში 2019 წელს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ ალაპარაკდნენ, რომელსაც მხოლოდ შეფასებითი ხასიათი უნდა ჰქონდეს და დაადგინოს რამდენად ახერხებენ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების ათვისებას.
საჯარო სკოლებში გამოცდების სისტემის შემოღებას აუცილებლობად მიიჩნევს მშობლების დიდი ნაწილი, თუმცა არიან გამონაკლისებიც.
„მომხრე ვარ, რომ გამოცდები ისევ იყოს სკოლებში. cat-ის გამოცდები, კარგი იყო თუ ცუდი, ბავშვებს შიში ჰქონდათ და რაღაცას მაინც სწავლობდნენ. რაც გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა წიგნი ვეღარ ავაღებინე ჩემს შვილს ხელში, მე-10 კლასშია და სულ დავდევ, რომ ისწავლოს. როდესაც იცის, რომ ჩასაბარებელი ექნება, ასე უდარდელად აღარ ივლის. სასწავლო წელი რომ დაიწყო გვითხრეს, წელს გამოცდები არ იქნებაო, ახლა ჭორები დადის, რომ საცდელ რეჟიმში აპირებენ მე-10 კლასში გამოცდა ჩაატარონ, მე მივესალმები“, – გვითხრა თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა ეკა სამადაშვილმა ჩვენთან საუბარში.
„საცდელი თაგვები ხომ არ არიან ეს ბავშვები, ჯერ გააუქმეს გამოცდა, ახლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის იქნება თუ არაო. გასაგებია, რომ თუ ჩაატარეს არავის ჩაჭრიან და უბრალოდ ინფორმაცია ექნებათ, მაგრამ ესეც არავინ იცის რას როგორ მოიფიქრებენ. სასწავლო წელი დაიწყო ორი თვეა და ხომ უნდა იცოდეს ბავშვმაც და მასწავლებელმაც რომ შესაბამისად მოემზადოს, რა საგანშია გამოცდა, როგორი ფორმითაა და ა.შ. ზოგადად მივესალმები, რომ სკოლებში შეფასებითი სისტემა იყოს, ყველა მობილიზებული იქნება“, – ამბობს მშობელი ხათუნა ბურჯანაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
რაც შეეხება მოსწავლეთა განწყობას, ნაწილი ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდება, ნაწილი კი წინასწარ ინფორმირებულობას ითხოვს.
„პირადად ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ამ გამოცდის ჩაბარება, დახმარებით კი, ვფიქრობ, ბავშვებს იმაში დაეხმარება, რომ უფრო ჩამოყალიბებულები იქნებიან შემდეგი პროფესიისთვის და ექნებათ შანსი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“.
„მოულოდნელია, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ალბათ, შევძლებთ რომ გავუმკლავდეთ ამ გამოცდებსაც და წესით რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს“.
„ხომ გაუქმდა გამოცდა, ხოდა მორჩა, მაჩვენონ დოკუმენტი რის საფუძველზე უნდა ჩავაბარო და ჩავაბარებ“, – ამბობენ მოსწავლეები.
„სკოლაში ჯერ არაფერი უთქვამთ მე-10 კლასის გამოცდების შესახებ, გადაწყვეტილი არაფერი არ არისო, მაგრამ გვაფრთხილებენ კარგად ისწავლეთო, რამე რომ შეიცვალოსო მომზადებულები ხომ უნდა იყოთო. ჩემთვის მიუღებელია ასე უცებ გამოგვიცხადონ გამოცდას გიტარებთო, ვფიქირობ სასწავლო წლის დასაწყისში უნდა გვქონოდა ინფორმაცია“, – ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე სერგი ლომსაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
საბოლოოდ, იქნება თუ არა წელს საპილოტე გამოცდები, ან როდის შეიტყობენ ამის თაობაზე სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციას სკოლები, მოსწავლეები და მშობლები, განათლების სამინისტრო გვპასუხობს, რომ საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ცენტრი გეგმავს “მსუყე პრეზენტაციას” და დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი. გამოცდების ცენტრში კი, EDU.ARIS.GE– ს უთხრეს, რომ პრეზენტაციის გამართვის შესახებ ინფორმაციას მოიკითხავენ და გვეტყვიან. დამატებით ინფორმაციას EDU.ARIS.GE მიღებისთანავე გაავრცელებს.
იხილეთ განახლებული ინფორმაცია აღნინულ თემაზე: „ნაეკი“: 2019-2020 სასწავლო წელს მე-10 კლასში საპილოტე გამოცდები არ ჩატარდება
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება