რატომ აგვიანებს განათლების სამინისტრო ოფიციალურად სკოლის დაწყების თარიღის გამოცხადებას?
როდის იწყება 2022-2023 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში? ამ კითხვაზე პასუხს უამრავი მშობელი და მოსწავლე ელის და ეს კარგად იციან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც, თუმცა სულაც არ ჩქარობენ, სწავლის დაწყების თარიღი ოფიციალურად დაადასტურონ.
მოწესრიგებული ქვეყანა და განათლების სამინისტრო რომ გვქონდეს, ასეთ დეტალზე, ალბათ არავინ ინერვიულებდა, მით უმეტეს, რომ არსებობს 2016 წლის 30 დეკემბრის, მაშინდელი მინისტრის, სკოლებში ვაშლების დარიგების ინიციატორის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გამოცემული ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 15 სექტემბერი და იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, მაგრამ ნდობა მსგავსი ბრძანებების მიმართ, იმდენად დაბალია, რომ EDU.ARIS.GE-ს მაინც უამრავი მშობელი თუ მოსწავლე უკავშირდება კითხვით – როდის იწყება სწავლა?
ის, რომ საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერია, განათლების სამინისტროს ქოლ-ცენტრში გვიდასტურებენ და ჯეჯელავას ბრძანებას იშველიებენ. ჩვენს კითხვაზე კი, წელსაც ექნებათ თუ არა მოსწავლეებს ონლაინ სწავლების არჩევის უფლება, სამინისტროს ოფიციალური პირები გვპასუხობენ, რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.
არადა, სასწავლო წელი კარს მოგვადგა. საკითხავია, რატომ არ უნდა იცოდნენ, მაგალითად, დაბალი კლასის მოსწავლეების მშობლებმა, როდის გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა შეძლონ, როდის ჩამოიყვანონ ბავშვები სოფლებიდან, როდემდე შეუძლიათ შეიძინონ სასკოლო ნივთები ან სულაც, იცოდნენ, რომელი სკოლა როგორი რეჟიმით ისწავლის და როგორ მოემზადონ ახალი სასწავლო წლისთვის? ნუთუ ბოლო ორი წელი, ვირუსული პანდემიის გამო, გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა არ კმარა?
რატომ არ სცემს განათლების სამინისტრო ადამიანებს პატივს და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაში ხელს უშლის?
მოსწავლეებსა და მათი მშობლების ჩვენთვის მომართვიანობით ირკვევა, რომ ძალიან აინტერესებთ, ისევ ექნებათ თუ არა ონლაინ სწავლების შესაძლებლობა. განათლების სამინისტროს ამ კითხვაზე, არც პრესისთვის და არც სასკოლო საზოგადოებისთვის პასუხი ჯერ არ აქვს, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნათელი რეკომენდაცია აქვს. NCDC-ს იურიდიული სამსახურის უფროსის, ლალი ებანოიძისგან, აი, ასეთი პასუხი დღეს, 7 სექტემბერს მივიღეთ:
„არც ონლაინ და არც ჰიბრიდული სწავლების რეკომენდაცია ჩვენგან არ გაიცემა. მთელმა მსოფლიომ დასწრებულ რეჟიმში დაიწყო სწავლა და ჩვენც ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვეყრდნობით. მზადდება შესაბამისი აქტი, რომელიც, როგორც ვიცი, მხოლოდ კოვიდთან არ იქნება დაკავშირებული და განათლების სამინისტრო გააკეთებს ამ ყველაფერზე განმარტებას“.
მართალია, სამინისტროში ჯერ არ აქვთ პასუხი, იქნება თუ არა სკოლებში ონლაინი თუ ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი, თუმცა გვიდასტურებენ, რომ:
„თუ სკოლა რემონტის გამო გადანაწილებულია სხვა სკოლაში სასწავლებლად, ისინი იქ ისწავლიან, მაგრამ თუ ერთი თვე ან უფრო ნაკლები დრო რჩება სკოლის რემონტის დასრულებამდე, ეს პერიოდი ალბათ ონლაინ სწავლების რეჟიმში მოუწევთ სწავლა. ეს ყველა მონაცემი და დადგენილება, სწავლის დაწყებამდე გამოქვეყნდება“.
სასკოლო საზოგადოებას თუ მედიას, ისღა დარჩენია, მოთმინებით დაელოდოს იმ მომენტს, როცა განათლების მინისტრი მაღალი ტრიბუნიდან ყველას ერთად გაგვაბედნიერებს და საჭირო ინფორმაციის გაავრცელებს.
როგორც ჩანს, ეს მასაც არანაკლებად სჭირდება.
ასევე იხილეთ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 (დოკუმენტი)
XII კლასში სწავლის რეალური სურათი – პრობლემა, რომელსაც არავინ იმჩნევს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება