რატომ არ ატარებს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შესარჩევ გადადებულ გამოცდებს?
მას შემდეგ, რაც უკვე მეორედ, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, სახელმწიფომ უპრობლემოდ დააორგანიზა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელშიც ჯამურად 80-ათასზე მეტი აპლიკანტი მიიღებს მონაწილეობას, EDU.ARIS.GE არაერთ კითხვას იღებს სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსზე დარეგისტრირებული პირებისგან, რომელთაც სახელმწიფომ ხეირიანად არც კი განუმარტა, ან რატომ გადადო, ან რატომ არ ატარებს შესაბამის გამოცდას სკოლის დირექტორობის მსურველთათვის.
ამ დროისთვის გაუქმებულია ის ვებ-გვერდიც, სადაც მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეს და გამოცდის გადადების შემდეგ განახლებულ ინფორმაციას სწორედ იქ ამოწმებდნენ.
„ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ არის“ – ასე პასუხობს განათლების სამინისტროს ცხელი ხაზი კითხვას როდის გაიმართება სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები.
აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში გარკვევა ჩვენთვის ვერც მიხეილ ჩხენკელის უწყების მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა შეძლო, მათი ხელმძღვანელობა კი, სატელეფონო ზარებს ნაკლებად პასუხობს.
კითხვით მივმართეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც, ვინაიდან ეს უწყება საქართველოში ჩასატარებელი პრაქტიკულად ყველა ტიპის გამოცდის ორგანიზებაშია ჩართული:
„დირექტორების გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ არის ჩართული, შესაბამისად კომუნიკაციაც ამ გამოცდებთან დაკავშირებით სამინისტროსთან არ მიმდინარეობს“, – განუმარტეს EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების რაოდენობა კი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ცოტა არ იყო – სკოლის დირექტორობისთვის მზადყოფნა 2 244-მა პირმა დააფიქსირა. მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177; კახეთი -85; ქვემო ქართლი -205; მცხეთა-მთიანეთი- 25; შიდა ქართლი -127; სამცხე-ჯავახეთი- 170; იმერეთი -363; გურია -79; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 19; თბილისი -782; აჭარა -215.
რეგისტრირებულმა მსურველებმა კი, რაზეც ჩვენ აქამდეც ვწერდით, მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საერთოდ გამორიცხავს დირექტორების შერჩევის მიზნით გამოცდის ჩატარებას და სამინისტროს ამ მიმართულებით სულ სხვა “გეგმები” აქვს.
მიხეილ ჩხენკელის უწყება არც ამ საკითხს ეხმიანება, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ეჭვს, რომ კრიტიკოსების შეფასებით, სხვადასხვა მიზეზითა თუ ნიშნით დირექტორის პოსტზე მყოფ პირებს მინიმუმ ისევ გაუხანგრძლივდებათ დირექტორობის ვადა, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები არიან, სასურველი პირები დისკრეციის წესით დაინიშნებიან.
EDU.ARIS.GE ისევ დაინტერესებულია, რომ მეტი ღია ინფორმაცია მიიღოს განათლების სამინისტროსგან ამ საკითხზე და დაუყოვნებლივ გააცნოს დაინტერესებულ მკითხველს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება