GE

რატომ არ გამოიყო განათლებისთვის დამატებით თანხები მილიარდზე მეტი ლარით გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის 1.266 მილიარდი ლარით გაზრდა, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 15 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გამართულ სხდომას ესწრებოდა, თქვა, რომ დაკორექტირებული 2022 წლის ბიუჯეტით დაფინანსება გაეზრდება ჯანდაცვის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის და ა.შ. სფეროებს. განათლების სამინისტრო კი ამ ჩამონათვალში არ შედის.

განათლების კომიტეტის წევრებს კი სხვა მოლოდინი ჰქონდათ და კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ასე მიმართა: „სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, განათლებისთვის მეტი თანხა ყოფილიყო გამოყოფილი, ეს უნდა აღმენიშნა“.

იქნებ გიორგი ამილახვარის ეს ნაგვიანევი შენიშვნა სულაც აღარ გამხდარიყო საჭირო, თუკი განათლების სამინისტრო და თავად კომიტეტიც მეტად იაქტიურებდა ბიუჯეტის დაკორექტირების პროცესში და განათლების სფეროსაც, მილიარდზე მეტი თანხიდან ცოტა მაინც შეხვდებოდა.

მიზეზი, რის გამოც განათლების სფერო გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხებს ვერ მიიღებს, გიორგი კაკაურიძეს არ აუხსნია, თუმცა მისი მოხსენებიდან გამოჩნდა, რომ მთავრობისთვის ახლა სხვა პრიორიტეტული საჭიროებები არსებობს. მაგალითად სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსების ზრდა, მეტროს ვაგონების შეძენა, სამედიცინო მიმართულებით თანხების გამყოფა და სხვა.

„განათლების კუთხით დაფინანსებას რაც შეეხება, აქ ჯამური მოცულობა უცვლელია. თუმცა გვქონდა საჭიროება, მოსწავლეთა ტრანსპორტირების ნაწილში – საწვავის გაძვირებამ აქაც იმოქმედა და 7 მილიონის დამატება ხდება ამ მიმართულებით. ასევე გვქონდა საჭიროება სკოლების დაფინანსების ნაწილში და 20 მილიონი ემატება სკოლების დაფინანსების პროგრამას, თუმცა, ამავდროულად, დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ნაწილში, ათვისებიდან გამომდინარე, გვაქვს გარკვეული რესურსი (7 მილიონი მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის და 20 მილიონი სკოლების დაფინანსების პროგრამისთვის, დონორების მიერ გამოყოფილი ფულით დაფინანსდება. ავტ.). შესაბამისად, ეს თანხები აკლდება და ჯამში უცვლელი რჩება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი“.

გიორგი კაკაურიძემ, განათლების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან რატიფიცირებულ და გერმანიის მთავრობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა. ამ ორი ხელშეკრულების საფუძველზე, სესხისა და გრანტის სახით გამოყოფილი თანხების რაოდენობა ჯამში 105,3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც სრულად უნდა  წარიმართოს სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით,  საუბარია 100 სკოლის რეაბილიტაციაზე. სკოლების სია განათლების სამინისტროს მიერ არის წარდგენილი და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. აღნიშნული რესურსის გამოყენება კი 2027 წლის 30 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

სხდომის დასასრულს, კომიტეტმა ცნობად მიიღო ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი, რომელშიც განათლებისთვის დამატებითი თანხები მთავრობას არ გაუთვალისწინებია და დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებელს მუდმივად სჭირდება განვითარება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე განათლების სისტემის პრობლემებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური