„მასწავლებელს მუდმივად სჭირდება განვითარება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე განათლების სისტემის პრობლემებზე
„ის, რომ არცერთ სკოლას რეაბილიტაცია არ სჭირდებოდეს, ასეთი დრო არასდროს იქნება. დღეს რომ რეაბილიტაციას ვუკეთებთ, 10 წლის მერე კიდევ იქნება ის სკოლა სარეაბილიტაციო და ფინანსები სულ გვექნება მოსაძიებელი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
კაკაურიძემ, 17 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება წარმოადგინა, რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ეხება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად სწავლის პირობების გაუმჯობესება.
„ეს გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას. წარმოდგენილია ორი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დამატებით გამოიყოფა 6 500 000 ევრო. შერჩეულია 15 სკოლა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაც იყო გაწერილი საფინანსო ინსტიტუტის ხელშეკრულებაში. ეს ნაწილობრივ სესხია და ნაწილობრივ გრანტი, რაც დაიხარჯება ამ სკოლებზე და გულისხმობს როგორც სკოლების რეკონსტრუქციას, ასევე მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, შენობის მოვლა-შენახვა მომავალში იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე დღეს უჯდებათ საჯარო სკოლებს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კაკაურიძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, უფრო მეტი საჭიროებაა განათლების სფეროში და თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურისთვის არის გამოყოფილი, ჩვენს საჯარო სკოლებს არ ეყოფა.
„ახლა ვფიქრობთ იმაზე, რომ მომდევნო, 2023-2026 წლებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ეს ეხება როგორც დიდი ქალაქების საჯარო სკოლებს, ასევე იმ სასოფლო დასახლებებს, სადაც რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას საჭიროებენ ჩვენი საჯარო სკოლები“, – გვითხრა კაკაურიძემ, რომელსაც ცოტა ხნის წინ მის მიერ განათლების კომიტეტის სხდომაზე ნათქვამი შევახსენეთ – ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ, რაზეც გვიპასუხა:
„მცირეკონტიგენტიან სკოლებზე, როგორც წესი, მუდამ არის სწავლის ხარისხის პრობლემა, ვინაიდან, შეუძლებელია, ერთბავშვიან და სამბავშვიან სკოლებში იგივე ხარისხი ჰქონდეს, როგორც ისეთ სკოლებში, სადაც ბავშვების მეტი რაოდენობაა. ამიტომ, რადგან არსებობს დისტანციური სწავლების მექანიზმები… კლასტერული სწავლების მექანიზმები უნდა შემოვიღოთ, რომელიც ერთბავშვიან კლასებს მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, რომ ნაკლებად იყვნენ მარტო და რესოციალიზაცია მეტი ჰქონდეთ ბავშვებს ონლაინ სწავლებით“.
გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას, თუმცა მას ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელობა აქვს. ფინანსისტი სკოლებში ხარისხიანი სწავლების გასაღებს მასწავლებლების პროფესიონალიზმში ხედავს. და ამბობს, რომ ხარისხიანი განათლებისთვის პირველი და აუცილებელია, მასწავლებელი და ნდობა მასწავლებლის მიმართ. პედაგოგმა და სკოლამ ერთად უნდა უზრუნველყოს მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.
„ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ეს იყო დაახლოებით 25-27 წლის წინ. არცთუ ისე კარგი მასწავლებლებიც მახსოვს. შეიძლება ეს ცოდნას არ ეხებოდეს, მარგამ გადმოცემის უნარი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა აქვთ ადამიანებს და ყველას არ შეუძლია იყოს მასწავლებელი. რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, მაინც ყოველთვის სჭირდება განვითარება. თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება იმისათვის, რომ მასწავლებელმა უფრო ზუსტად აუხსნას ბავშვს არამხოლოდ ის, თუ ფორმულა როგორ დაიმახსოვროს, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში ეს ფორმულა. შესაბამისად, მასწავლებელს მუდმივად სჭირდება გადამზადება, მუდმივად სჭირდება დახმარება იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს და შესაბამისად, ხარისხი ყოველწლიურად გაუმჯობესდეს სკოლებში“, – უთხრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს.
ხარისხიანი განათლების მიწოდების კონტექსტში გიორგი კაკაურიძემ ადამიანური კაპიტალის პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, მსოფლიო ბანკთან ექვსწლიანი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებსაც ეხება, თუმცა, წამყვანი ადგილი მაინც განათლებას უჭირავს და ძირითადი აქცენტი სწორედ სასკოლო განათლებაზეა გამახვილებული.
„აქ შედის ასევე გარკვეული კომპონენტები სკოლამდელი განათლებისა და სკოლამდელი განათლებაც არის პირველი საფეხური იმისთვის, რომ სწორი სისტემა იყოს ქვეყანაში, სკოლისთვის მზაობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი აქტიურობით, განათლების სამინისტროს დიდი მუშაობის შედეგად, მომდევნო წლებში განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განგვიცხადა ფინანსთა მინისტრის მადგილემ.
ასევე იხილეთ:
„მომავალი წლის ბიუჯეტში განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“
„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება