არცერთი მასწავლებელი იქნებოდა წინააღმდეგი, უნარების გამოცდა ჩაებარებინა, თუ მეტი ინფორმაცია ექნებოდა – მოწოდებები „მოტივირებული პედაგოგისგან“
14 ივლისიდან, 2022 წლის მასწავლებელთა გამოცდები, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული უნარების გამოცდით გაგრძელდება. ამ გამოცდას, რომელიც წელს პირველად ტარდება, მხოლოდ სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგები ორი დღის განმავლობაში, 14 და 15 ივლისს, პირველ სესიაზე ჩააბარებენ.
შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგები აბიტურიენტებზე ნაკლებად არ ღელავენ. ბევრი მათგანი ფოტო თუ ვიდეოკამერებთანაც კი იმის შიშით არ ჩნდება, რომ ვაითუ გამოცდა ვერ ჩააბარონ… მოქმედი პედაგოგების ნაწილი ხშირად აპროტესტებს წლების განმავლობაში მუდმივად გამოცდების მოლოდინში ყოფნას და ამ ამბავს შეურაცხყოფად აღიქვამს. ბევრისთვის კი ეს ერთგვარი სტიმულია, რომ მუდამ ფორმაში იყოს და განვითარებაზეც იზრუნოს. სხვადასხვაგვარად აღქმული რეალობა კი საბოლოოდ, შანსს იძლევა, პედაგოგმა სტატუსიც აიმაღლოს და ხელფასიც მოემატოს.
სოციალურ ქსელში მრავალი ჯგუფია შექმნილი, სადაც მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ამხნევებენ. ამ მხრივ აქტიურობით „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი“ გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნატალია თურქაძე ამჯერად EDU.ARIS.GE-ს მკითხველ იმ პედაგოგებს გაამხნევებს და მოტივაციასაც აუმაღლებს, რომლებიც გამოცდაზე ამ დღეებში გადიან.
ფუნქციური წერა – 5 პირობა გამოცდაზე გამსვლელ მასწავლებლებს დავალების წარმატებით შესრულებისთვის
„ყველას ვურჩევ, პოზიტიური განწყობით, შემართებით წავიდნენ გამოცდაზე და ნერვიულობა საგამოცდო კარს მიღმა დატოვონ. ხელში აიყვანონ საკუთარი თავი, სიმშვიდე შეინარჩუნონ, აკონტროლონ დრო, აკონტროლონ ემოციები. ჩვენი ჯგუფის დევიზია „თუ გინდა წინსვლა, არასოდეს შეწყვიტო სწავლა“, – ასეთია „მოტივირებული პედაგოგის“ მოწოდება პროფესიული უნარების გამოცდაზე გამსვლელთათვის.
ნატალია თურქაძე ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგია. მენტორი მასწავლებლის სტატუსი აქვს. მიაჩნია, რომ ერთმანეთის დახმარებით, პატივისცემითა და თანადგომით ყველა დაბრკოლების გადალახვა შეიძლება. ფიქრობს, რომ წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა, ის, რაც ამ საგამოცდო ტესტებშია მოცემული, აუცილებლად უნდა იცოდნენ. ჩვენი რესპონდენტი საგამოცდო მასალაზე საუბრობს და ამბობს რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა, რომელიც არამხოლოდ გამოცდაზე გადის, არამედ მოქმედი წარმატებული მასწავლებელია:
„როგორც იცით, საგამოცდოდ ზღვა მასალა დაიდო. განათლების სამინისტრომ კი დაგეგმა პრეტესტები, მაგრამ შეზღუდული იყო მასში მონაწილეთა რაოდენობა და ყველას ვერ შეექმნა წარმოდგენა, როგორი სახის გამოცდა იქნება. ჩემი აზრით, იმას, რაც არის მოცემული ამ მასალებში, წარმატებული პედაგოგი აუცილებლად უნდა იყენებდეს სასკოლო პრაქტიკაში. ავიღოთ თუნდაც მდგრადი განვითარების, თუ კვლევებთან დაკავშირებული საკითხები. აუცილებელია, მასწავლებელი იკვლევდეს, რა საჭიროებებია სკოლაში უკეთესი მაჩვენებლისთვის, რა გამოვასწოროთ, რა დავგეგმოთ, რა გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება კანონებს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებები, მოვალეობები, სხვისი უფლებები… კიბერუსაფრთხოების საკითხებიც შედის საგამოცდო მასალებში, რის ცოდნაც ასევე საჭიროა“.
ნატალია თურქაძის აზრით, აღნიშნული გამოცდის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეთ სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციაში მომუშავე სხვა პერსონალს, რადგან მათ ისედაც მუდმივად უწევთ იმ კანონებთან თუ აქტივობებთან შეხება, რაზეც საგამოცდო მასალებშია საუბარი.
„არც იმ მასწავლებლებს უნდა გაუჭირდეთ ამ გამოცდის ჩაბარება, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. ახალბედას შეიძლება გაუჭირდეს იმ კუთხით, რომ თავისი გამოცდილებიდან ვერ მოიყვანოს მაგალითები, თუმცა ახალგაზრდებს აზროვნების ახალი უნარები, სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვთ და მათი იმედიც უნდა გვქონდეს, რომ კარგად ჩააბარებენ. გამოცდებით ნამდვილად დავიღალეთ, თუმცა არცერთი მასწავლებელი არ იქნებოდა წინააღმდეგი გამოცდა ჩაებარებინა, თუკი მეტი ინფორმაცია ექნებოდა ამ გამოცდების შესახებ. უკეთესი იქნებოდა დრო მეტი გვქონოდა და კარგი იქნებოდა, უფრო მეტ რეკომენდაციებსა და რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა ყველა მასწავლებელს ჰქონოდა“, – ამბობს „მოტივირებული პედაგოგი“.
ასევე იხილეთ:
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე