რატომ გახდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური?
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ბუბა კუდავა ამჟამად მოვალეობის შემსრულებლად რჩება.
„მიუხედავად ჩვენი დიდი მოლოდინისა, რომ ცენტრსა და სამინისტროს შორის წარმოქმნილი პრობლემები მოგვარდებოდა დიალოგისა და ურთიერთშეთანხმების გზით, სამინისტრომ აირჩია არსებული საკითხების გადაწყვეტის ასეთი გზა: გამოაცხადა კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისტი და შეუსაბამო მიდგომა ეწინააღმდეგება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების, საქმიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპს; უგულებელყოფს ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, ინტერესებს; არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
ვფიქრობთ, არსებული პრობლემების გადაწყვეტის ამგვარი არაადეკვატური მიდგომა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ვთხოვთ სამეცნიერო წრეებს და მთელ ქართველ საზოგადოებას, შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში მხარში დაგვიდგნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინტერესების დასაცავად”,- ნათქვამია მიმართვაში, რომლითაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო და თანამშრომლები საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებაას მიმართავენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მოთხოვნა ასეთია: კონკურსანტი იყოს 21 წლის, ასევე ჰქონდეს დოქტორის ხარისხი, რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, 490 ლარს შეადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ თამარ სანიკიძის განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება, მინისტრის არა უფლება, არამედ ვალდებულებაა.
„ჩვენ იგივე სტატუსის 3 დაწესებულება გვაქვს – ფიზიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტები და ხელნაწერთა ინსტიტუტი. ბაქტერიოფაგმა ეს პროცესი გაიარა, იგივეს გავდივართ ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან მიმართებაში და იმის გამო, რომ 16 თებერვალს ბუბა კუდავა გადაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად, მას 3 თვე, რომლის ფარგლებშიც შეიძლება მოვალეობის შემსრულებელი იყოს, საჯარო სამსახურის მოხელის კანონიდან გამომდინარე, ეკუთვნის გაიაროს კონკურსი და დაინიშნოს კონკურსის წესით. ეს არის კანონის მოთხოვნა და არა ჩემი უფლება და თუ ეს არ იციან ცენტრში, ბევრად ცუდად ყოფილა საქმე“, – აცხადებს სანიკიძე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბუბა კუდავას თამარ სანიკიძე ხელფასების არათანაბარ გადანაწილებაშიც ადანაშაულებს:
„მნიშვნელოვანია დავინახოთ როგორ არეგულირებდა ის ანაზღაურების საკითხს დანამატების გაცემის მეშვეობით. როდესაც ჩავიხედეთ ამ საკითხში, ერთი რომ დავრჩი გაოცებული, მეორე – შეურაცხყოფილი. იმიტომ, რომ ის დისკრიმინაციული მიდგომა, რომელსაც ის ახორციელდებდა თანამშრომლების მიმართ და ამის მიხედვით ანაწილებდა და უნიშნავდა ადამიანებს ყოველთვიურ ანაზღაურებას, ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ამაზე მას ვუთხარით უარი. მივმართეთ და დავავალეთ, რომ დაიწყოს სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, რადგან იმ ნამატით, რაც მას ბიუჯეტში გავუჩინეთ, უნდა დაეწყო სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება და არა თავის გადაწყვეტილებისამებრ კანონდარღვევით, დანამატების განაწილება მის თანამშრომლებზე. ჩნდება კითხვა – რატომ მოხდა, რომ მის მძღოლს და ზოგიერთ მის ფავორიტ თანამშრომლებს ერთი, ორი და სამი ხელფასისოდენა დანამატი აქვთ, როდესაც მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებზეც დგას ეს დაწესებულება, მათ დანამატი აქვთ 100 ლარი, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არა აქვთ? მე ვფიქრობ, რომ ეს არის დისკრიმიაცია და ამის გაგრძელების უფლებას მას არ მივცემთ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ამჟამად სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ცენტრის საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ფიქრობს, რომ ბუბა კუდავას ბევრად სერიოზულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
“აუცილებელია ვიცოდეთ ისიც, რომ საბიუჯეტო სახსრები არ არის ერთადერთი შემოსავალი ამ დაწესებულებისა. მათ აქვთ რეგულარული გრანტებიც. როდესაც გავაკეთეთ ანალიზი სახელფასო საკითხზე, არსებობს სერიოზული შეკითხვები – მისი ანაზღაურება, რომ ამბობს, რომ აქვს 450 ლარი, რეალურად მისი საშუალო შემოსავალია 3 500 ლარამდე. ასევეა რამდენიმე დეპარტამენტის და მეცნიერ თანამშრომლის ხელფასიც, მაგრამ აქაც აქვს დისკრიმინაციული მიდგომა და რიგი თანამშრომლებისა არის ყველანაირი დანამატისა და ანაზღაურეების გარეშე. ამიტომ, მე ვსვამ კითხვას – ამდენი ხნის მაძილზე, როდესაც კანონის უხეში დარღვევით ახორციელებდა ასეთ უხეშ დარღვევებს, რატომ ჰყავდა ჩრდილში ის მეცნიერ თანამშრომლები ვისზეც დგას ეს ცენტრი?”,- აცხადებს თამარ სანიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის უთანხმოება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფელზე, ცენტრის არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტსა და თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურებაზე.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება