GE

რატომ იყო პანდემიამდე ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სკოლების დახურვა – პრემიერის განმარტება პარლამენტში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ პარლამენტში მოხსენებით გამოდის. პრემიერი სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილებასაც შეეხო და დეპუტატებს განუმარტა თუ რატომ მიიღო სახელმწიფომ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები ერთ-ერთი პირველი სასწავლო დაწესებულებებს შეხებოდა.

„შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ჩვენ შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი. სწავლის შეწყვეტას ჰქონდა, აბსოლუტურად, დასაბუთებული მნიშვნელობა და აზრი ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი ოჯახების, ქართული ოჯახების სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახის სტრქტურისგან, ჩვენ ოჯახებში რამდენიმე თაობები ცხოვრობენ ერთად და ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან ან მსგავსი სივრციდან მოეტანათ ოჯახში და რისკი გამხდარიყო უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, რადგან ბავშვებს, როგორც ვნახეთ, უფრო მარტივად გადააქვთ ვირუსი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დისტანციური სწავლება და ტელესკოლა განათლების სამინისტროს მიღწევაა, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს კლასიკურ აკადემიურ სწავლებას.

„მოგეხსენებათ რომ ჩვენ განათლების პროცესის შეჩერება მოგვიწია. სამწუხაროდ, ეს მოხდა 4 მარტს და მოგვიწია სწრაფი გადალაგება. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო ასე ვთქვათ დისტანციური განათლების წესების დანერგვა. არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის რასაც მე ვეძახი – გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. თუმცა აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის დონე და ამასთან დაკავშირებით მთავრობა ძალიან მალე მიიღებს ეფექტურ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი საქართველოში 4 მარტიდან შეწყდა და დღემდე დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. აკადემიური წელი არ გამოცხადდა, რადგან როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, სემესტრი არ ჩავარდნილა.

სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლება სექტემბრიდან იგეგმება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ დროებითი დახურვის გადაწყვეტილებები მომავალშიც იყოს მიღებული.

„შეიძლება დაგვჭირდეს ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური