რატომ ტოვებენ მოსწავლეები ნაადრევად სკოლას და როგორია ეს მაჩვენებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში?
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12 441-მა მოსწავლემ მიატოვა სწავლა, რაც 2014-2015 წლების მოსწავლეთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს. იმ პირებს შორის, ვინც 2014-2015 წლებში სწავლა მიატოვა, გოგონების წილი ნაკლებია (43.3%) ბიჭებთან შედარებით (56.6%).
კლასების მიხედვით სწავლის მიტოვების სტატისტიკის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ სწავლის მიტოვების შემთხვევები იმატებს სწავლის საფეხურის ზრდასთან ერთად. რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლას უფრო ხშირად მაღალ კლასებში ანებებენ თავს“,- აღნიშნულია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევაში“, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2016 წლის ივლის-ოქტომბერში ჩაატარა.
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების მხრიდან სწავლის მიტოვების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკში წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც მიატოვეს სწავლა 2014-2015 წლებში.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კლასების მიხედვით სწავლის მიტოვების სტატისტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სწავლის მიტოვების შემთხვევები იმატებს განათლების საფეხურის ზრდასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლას უფრო ხშირად მაღალ კლასებში, სავალდებულო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ ანებებენ თავს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა განათლების საბაზო საფეხურის დასრულებამდეც წყვეტს სწავლას.
კვლევაში ასევე გააანალიზებულია სკოლის მიტოვებასთან დაკავშირებული მონაცემები რეგიონულ ჭრილში. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ძალიან დიდი ნაწილი ძირითადად ორ რეგიონშია განსახლებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების ანალიზის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის დაახლოებით 76% და სომეხი მოსახლეობის 13% ქვემო ქართლში ცხოვრობს, რაც ამ რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 47%-ს შეადგენს. ხოლო სომეხი მოსახლეობის დაახლოებით 48% სამცხე-ჯავახეთშია დასახლებული და ისინი ამ რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 51%-ს წარმოადგენენ.
როგორც კვლევაში აღნიშნულია, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით. მკვლევარების თქმით, ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ყველაზე მეტი მოსწავლე ანებებს თავს სწავლას ხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ რეგიონს შორის განსაკუთრებით მწვავედ სწავლის მიტოვების პრობლემა ქვემო ქართლში ვლინდება.
ცხრილი 1 – სწავლის მიტოვების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ოდნავ განსხვავებულია გოგონებისა და ბიჭების შემთხვევაში. როგორც ცხრილიდან ჩანს, არაქართულენოვან სკოლებში უფრო მეტი გოგონა ანებებს თავს სწავლას. ქართულ სკოლებში კი პირიქით, მეტი ბიჭი გადის ნაადრევად სკოლიდან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის მიტოვების მაჩვენებლის სქესის მიხედვით განსხვავება ძალიან მცირეა.
ცხრილი 1 – სკოლის მიტოვების მაჩვენებელი კლასების, სწავლების ენისა და სქესის მიხედვით 2015-2016 წელი (წყარო: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, 2016)
რატომ ტოვებენ მოსწავლეები ნაადრევად სკოლას?
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად მოსწავლის სკოლიდან გაყვანის შესახებ მშობლის, ან მეურვის განცხადება (თუმცა სკოლიდან მოზარდის გაყვანის კონკრეტული მიზეზი უცნობია), პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება ფიქსირდება. ყველაზე იშვიათად კი მოსწავლეები სკოლიდან გარიცხვის, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, ჩარჩენილი მოსწავლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის და პირველკლასელი მოსწავლის მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმის ვერ დაძლევის გამო ტოვებენ სწავლას.
საინტერესო სურათს იძლევა სკოლის მიტოვების მიზეზების რეგიონულ ჭრილში განხილვა.
„ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც ყველაზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეა, ყველაზე ხშირად სკოლას ტოვებენ საზღვარგარეთ გამგზავრების გამო. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი დაკავშირებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხრიდან სომხეთში ან აზერბაიჯანში გამგზავრებასთან.
ასევე ხშირია სწავლის მიტოვება მუშაობის დაწყების მიზეზით ქვემო ქართლის რეგიონში (18%). იგივეს ვერ ვიტყვით სამცხე-ჯავახეთზე, სადაც სკოლიდან გასული მოსწავლეების 7% ანებებს სწავლას თავს მუშაობის დაწყების გამო. უფრო მეტიც, ქვემო ქართლთან შედარებით სამცხე-ჯავახეთში ბევრად ნაკლებია იმ მოსწავლეების წილი, ვისაც სკოლამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის ბრძანების თანახმად სტატუსი შეუჩერა სკოლაში ზედიზედ 90 დღის არ გამოცხადების გამო. ეს განსაკუთრებით საინტერესო მონაცემია, ვინაიდან, ზოგადი სტატისტიკა ბავშვთა შრომის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვთა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი მაღალია სამცხე-ჯავახეთში (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 15.1%) სხვა რეგიონებთან, მათ შორის ქვემო ქართლთან (5.7%) შედარებით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2015). მოცემული ინფორმაცია იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთში სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი ბავშვია დასაქმებული (ჩართულია ეკონომიკურ აქტივობაში), ამ რეგიონის მოსწავლეები უკეთ ახერხებენ მუშაობის პარალელურად სკოლაში სიარულსა და სწავლის გაგრძელებას.
საჭიროებების კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკოლა არც ისე მკაცრად აღრიცხავს გაკვეთილების გაცდენას თუ ეს მოსწავლეთა მუშაობის გამო ხდება. მასწავლებლები პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ ცდილობენ ხელი შეუწყონ მოსწავლეებს, რომლებიც მუშაობენ“, – ვკითხულობთ კვლევაში.
საინტერესოა, რომ სამცხე-ჯავახეთში დაოჯახების მიზეზით სკოლიდან გასული მოსწავლეების წილი აღემატება სხვა რეგიონებში დაფიქსირებულ იმავე მონაცემს.
მკვლევარების თქმით, ყველა ზემოთ აღწერილი ფაქტორი გარკვეულ როლს თამაშობს მოსწავლეთა მიერ სკოლის მიტოვებაში. თუმცა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ფაქტორები ავტომატურად იწვევს სწავლის შეწყვეტას.
„ზემოთ მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლას უფრო მეტი ალბათობით ის მოსწავლეები ტოვებენ, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლობენ; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან; ქორწინდებიან; საზღვარგარეთ მიემგზავრებიან; მუშაობენ“, – ნათქვამია კვლევაში.
საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე არაქართულენოვანი მოსწავლეების ჩაჭრის რიცხვი მაღალია
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება