რჩევები მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურს
ანა ღვინიაშვილი, მაგისტრი სპეციალურად EDU.ARIS.GE-სთვის ტალინიდან
საზღვარგარეთ სწავლის არაერთი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, იმისათვის რომ თქვენი სურვილი რეალობად აქციოთ, საჭიროა რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ. გაგაცნობთ რამედნიმე პრაქტიკულ რჩევას რომელიც თქვენს გზას უფრო გაამარტივებს.
თუ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გსურთ, მომზადება მინიმუმ ექვსი თვით ადრე უნდა დაიწყოთ. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტი ითხოვს ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ეს კი ნიშნავს, რომ წინასწარ უნდა მოემზადოთ გამოცდის ჩასაბარებლად. ამასთან, როგორც წესი, უნივერსიტეტების უმრავლესობა ითხოვს TOEFL, ან IELTS სერტიფიკატს.
საქართველოში არაერთი ცენტრი არსებობს, რომელიც სტუდენტებს გამოცდისთვის ამზადებს. თუმცა, თუ თანხა არ გაქვთ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოემზადოთ. მოცემულ სტატიაში, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ უფასო პლატფორმების ჩამონათვალს და მოძებნოთ თქვენთვის სასურველი კურსი. IELTS – ის შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ ტესტის აკადემიური მოდული.
სალომე ქეშელაშვილი, Università degli Studi di Bari Aldo Moro: “ვფიქრობ, უცხოეთში სწავლა გაცვლითი სემესტრით, ან სრული აკადემიური პროგრამით, ერთ-ერთი საჭირო, მნიშვნელოვანი და ფასეული გამოცდილებაა, რომელიც განათლებასთან ერთად დამოუკიდებელი ცხოვრების და უცხო გარემოში სხვადასხვა სირთულის მართვას გასწავლის, რაც საკმაოდ მოკლე დროში გაძლევს პიროვნულ შედეგს. დღეს შესაძლებლობების არეალი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი იცი საიდან დაიწყო, რომელი ქვეყანა აარჩიო. მთავარი თქვენი გულახდილი მზაობა და მოტივაციაა, მართლა რამდენად გსურთ, გჭირდებათ და ხედავთ თქვენ თავს იმ ყველაფერში, რაშიც მონაწილების სურვილს აცხადებთ. დასაწყისისთვის, მაქსიმალურად დაავიწროვეთ ის მიმართულება, რომელშიც წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, სამუშაო არეალი, სამეცნიერო კვლევა და ამის მიხედვით დაიწყეთ უნივერსიტეტების ძებნა.”
უნივერსიტეტის შერჩევა
უნივერსიტეტის მოძიების დროს გაითვალისწინეთ რომ შეიძლება მოგიხდეთ განაცხადის საფასურის გადახდა რაც საშუალოდ 50 ევროდან 150 ევრომდე მერყეობს. ასევე, ზოგიერთი უნივერსიტეტი საბუთების ონლაინ გაგზავნას არ კმაყოფილდება ამიტომ რაც უფრო ადრე მოაგვარებთ საბუთების საკითხს, უფრო შეამცირებთ თქვენს ხარჯებს.
ზოგადად, ყველა უნივერსიტეტის მოთხოვნა განსხვავებულია. ამიტომ კარგად წაიკითხეთ თუ რას ითხოვს თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტი და წინასწარ დაიწყეთ მომზადება.
უმრავლეს შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ:
რეზიუმე ინგლისურ ენაზე
სამოტივაციო წერილი
სააპლიკაციო ფორმის შევსება
ნიშნების ფურცელი
სარეკომენდაციო წერილი (უმჯობესია, თუ გექნებათ ორი წერილი, ერთი ლექტორისგან და ერთი თქვენი უფროსისგან)
გირჩევთ, რამდენიმე უნივერსიტეტში შეავსოთ განაცხადი. როგორც წესი, ევროპულ უნივერსიტეტებში განცხადებების მიღება იანვრამდეა შესაძლებელი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ძებნას აგვისტოში, ან სექტემბერში დაიწყებთ.
“უნივერსიტეტის შესარჩევად საერთაშორისო რანჟირება (QS Ranking, Times Higher Education (THE) rankings) იყო ჩემს შემთხვევაში მნიშვნელოვანი, ისევე როგორც უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა (რისი ნახვა ასევე შეიძლება ზემოთ მოცემულ პლატფორმებზე), რადგან მულტიკულტურული გარემო გაძლევს შესაძლებლობას გაიზიარო საერთაშორისო გამოცდილება და ამასთანავე განვითარდე პიროვნულად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეძენილი საერთაშორისო კონტაქტები რაც პოტენციურად მომავალ თანამშრომლობებში შეიძლება გადაიზარდოს. განაცხადის შევსებისას, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კარგად ჰქონდეს აპლიკანტს გააზრებული, თუ როგორ აპირებს მიღებული ცოდნის გამოყენებას და გაზიარებას დაბრუნების შემდეგ, როგორ აპირებს რომ მიღებული ცოდნა – „მოახმაროს საქართველოს“ – ანანო გორგოძე, King’s College London.
დაფინანსების შესაძლებლობა
თუ კარგად ხართ მომზადებული, ყველა საბუთი წესრიგში გაქვთ და უნივერსიტეტისგან თანხმობაც გაქვთ მიღებული, მაშინ დაფინანსება ნამდვილად არ არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა. დაფინანსების რამდენიმე გზა არსებობს. თქვენ შეიძლება მიმართოთ უნივერსიტეტს, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებთ, ან შეამოწმოთ სხვადასხვა მთავრობის მიერ გამოცხადებული პროგრამები. ყველაზე მთავარია სწორად დაგეგმოთ თუ სად და როდის აპირებთ განაცხადის შეტანას.
აუცილებლად ნახეთ წინა წლის მონაცემები და სტიპენდიები. უმრავლეს შემთხვევაში, განაცხადის მიღების თარიღები არ იცვლება და შესაბამისად, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიახლოებით განსაზღვროთ თარიღები.
წარმატებებს გისურვებთ და გახსოვდეთ, რომ ცდა ყოველთვის ღირს.
ონლაინ რევოლუცია განათლების სისტემაში
ანა ღვინიაშვილი