რჩევები პირველკურსელებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან
ქუთაისის დღევანდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია სხვა სახელით და განსხვავებული პროფილით 1993 წლიდან იწყება. მისი გარდაქმნა უნივერსიტეტად 1990 წელს მოხდა. წელს აწსუ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იუბილესთვის განსაკუთრებულად ემზადება. უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებშიც პირველკურსელებიც აქტიურად ჩაერთვებიან. პირველკურსელი კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შარშანდელთან შედარებით 250-ით მეტი ჰყავს. მიმდინარე პროგრამებზე, ახალ სასწავლო წელსა და სამომავლო გეგმებზე Aris.ge-განათლებას რექტორი გიორგი ღავთაძე ესაუბრა:
– ახალი სასწავლო წელი – რა სიახლეებით ხვდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო წლის დაწყებას?
– მიმდინარე წელს ხდება 25 წელი, რაც სასწავლებელი უნივერსიტეტად გადაკეთდა. ამიტომ, ამ საიუბილეო თარიღს, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ღონისძიება მიეძღვნება. დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, კულტურული, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიებები, ღია ლექციები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან და ა.შ.
ზაფხულის განმავლობაში მნიშვნელოვნად განახლდა და კიდევ უფრო მოწესრიგდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემონტდა მთავარი კორპუსი, აუდიტორიები, მოეწყო ახალი კომპიუტერული კლასები და სხვ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ადგილი ექნება მიმდინარე სემესტრში, ეს არის ე.წ. ფაბ-ლაბის გახსნა ჩვენს უნივერსიტეტში. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უშუალო ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მოეწყობა ულტრა-თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც უნივერსიტეტის წევრებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის. ეს იქნება ილიაუნი-ში გასულ სასწავლო წელს შექმნილი ლაბორატორიის ანალოგი, რომელიც რეგიონის ინტერესებსა და მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული.
– ბატონო გიორგი, რამდენი პირველკურსელი მიიღო უნივერსიტეტმა და რამდენი ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული, კმაყოფილი ხართ შედეგით?
– წელს ბაკალავრიატში მივიღეთ 1800-მდე პირველკურსელი, რაც დაახლობით 250 სტუდენტით მეტია გასულ წელთან შედარებით. გარდა ამისა, 160-მდე სტუდენტი გადმოვიდა მობილობით. კარგ შევსებას ველოდებით მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ვფიქრობთ, გვეყოლება სულ მცირე 1 ახალი ჯგუფი ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამისათვის.
რაც შეეხევა ვაკანტურ ადგილებს, სულ გამოცხადებული გვქონდა დაახლოებით 2300 ადგილი. მათ შორის 260-მდე ქართული ენის შესასწავლი პროგრამა აზერბაიჯანულ, სომხურ და აფხაზურენოვანი მოსახლეობისათვის. ასე რომ, ახალი ნაკადით ნამდვილად კმაყოფილი ვართ.
– რა მიმართულებაზე დარჩა თავისუფალი ადგილები და რამდენი – რას უკავშირებთ აღნიშნულს, როგორი შედეგია გასულ წელთან შედარებით?
– შედარებით ნაკლები სტუდენტი მოვიდა რამდენიმე საინჟინრო პროგრამაზე, საბაღო-საპარკო მეურნეობაზე, ფრანგულ ენაზე და კიდევ რამდენიმე პროგრამაზე. მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: ერთი მხრივ, დაფინანსებადი პროგრამების გაჩენამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ამ პროგრამებზე და პარალელურად შეამცირე მოთხოვნა არადაფინანსებად პროგრამებზე. უცხო ენებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ის ენა უფრო პოპულარულია, რომლის მცოდნესაც მეტი პერსპექტივა უჩნდება უცხოეთში სწავლის გაგრძელების კუთხით, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მხრივ და ა.შ. ამა თუ იმ ენის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცალკეული ქვეყნის მთავრობებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა და ინიციატივები. ამიტომ პოპულარული უცხოური ენებია ინგლისური, გერმანული, თურქული და ა.შ.
– რა არის უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერი მხარე – რას სთავაზობთ განსხვავებულს იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების მისაღებად სწორედ თქვენი უნივერსიტეტი აირჩიეს?
– ძლიერ მხარეებს შორის გამოვყოფდი შემდეგს: მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები ბევრი მიმართულებით; სათანადო დონეზე განვითარებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა; ძალიან ბევრი საერთაშორისო კონტაქტი და გაცვლითი პროგრამების სიუხვე; სწავლა-სწავლების სხვადასხვა ფორმების გამოყენების შესაძლებლობები; მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები, პროფესიული პროგრამები და ტრენინგ-მოდულები; აქტიური და ინიციატივიანი ადმინისტრაცია; საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების გატარების შესაძლებლობა; თბილი და მეგობრული გარემო და სხვა მრავალი.
– რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი აწსუ-ში და რამდენად არის შესაძლებელი დასაქმება ამ ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ადგილზე – რეგიონში?
– რეგიონულ პრიორიტეტებზე ორიენტირება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია. ამიტომ, ვცდილობთ მჭიდრო კავშირი დავამყაროთ როგორც საჯარო სექტორთან, ისე ბიზნესებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ.
რაც შეეხება მოთხოვნად ფაკულტეტებსა და სპეციალობებს, აქ საკითხი ორი მხრიდან უნდა განვიხილოთ: 1) აბიტურიენტების მხრიდან მეტი მოთხოვნაა დაფინანსებად პროგრამებზე, ბიზნეს ადმინისტრირებაზე, სამართალზე, ტურიზმზე, უცხო ენებზე, საჯარო მმართველობაზე, სოციალურ მეცნიერებებზე, ფილოსოფიაზე და ა.შ; 2) დამსაქმებლის მხრიდან კი მეტი მოთხოვნა იკვეთება საინჟინრო სპეციალობებზე (რომელთაგან ბევრი დაფინანსებადია) სამართალზე, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, საჯარო მმართველობაზე, უცხო ენებზე და სხვ.
ხშირ შემთხვევაში, ეს მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, რაც განაპირობებს ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების პერსპექტივებს.
– როგორ შეაფასებთ პროფესორ-მასწავლებლების პროფესიონალიზმს, რომელთაც ახალმოსულ სტუდენტებს უნდა ასწავლონ, ასევე რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა თანამედროვე მოთხოვნებს?
– უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს საამაყო საკუთარი პროფესორ-მასწავლებლებით. ცხადია, ისევე როგორც ყველგან, ჩვენთანაც არიან თანამშრომლები მეტ-ნაკლები პასუხისმგებლობებით და უნარებით, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამუდმებით ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
რაც შეეხება ინფრასტრუქრტურას, მიმდინარე პერიოდში ხორციელდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქუტურული პროექტი, რომლის ძირიტადი დამფინანსებელია უნივერსიტეტი, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება საერთაშორისო პროექტებში მიღწეული წარმატებები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სხვადასხვა სამთავრობო ინიციატივები, საერთაშორისო დონორების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა და ა.შ.
– შიდა სტიპენდიები და გრანტები თუ გაიცემა უნივერსიტეტში და ვისზე?
-უნივერსიტეტს ძალიან ბევრი სოციალური შინაარსის პროექტი გააჩნია. მათ შორის: საუნივერსიტეტო სტიპენდიები, სახელობითი სტიპენდიები, დახმარებები და შემწეობები, სტუდენტური დასაქმების პროგრამები და ა.შ. ამასთან, უნივერსიტეტს გააჩნია სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ის ეხმარება განსაკუთრებით შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებს, ობლებს, ლტოლვილებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, სტუდენტურ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. ვამუშავებთ ცალკე პროექტს, რომლის ფარგლებში ხელს ვუწყობთ განსაკუთრებული საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დასაქმებას. წლის განმავლობაში დაახლოებით 100,0 ათას ლარამდე იხარჯება როგორც უნივერსიტეტის, ისე სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
– როდის ტარდება უნივერსიტეტში რექტორის ხელახალი არჩევნები და თქვენ თავად თუ გეგმავთ მონაწილეობის მიღებას?
-ა.წ. 23 თებერვალს მე უკვე მეორედ ვიქენი არჩეული უნივერსიტეტის რექტორად და მეტი არჩევის უფლება არა მაქვს. მომდევნო არჩევნები 4 წლის შემდეგ ჩატარდება. ახალი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები ჩემი გამოცდილება უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას მოვახმარო.
– სახელმწიფოს მხრიდან რა სახის დახმარებას, თანადგომას საჭიროებს თქვენი უნივერსიტეტი და რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობს სანიკიძის უწყებასთან – რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა?
– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. კერძოდ: მე ვარ რექტორთა საბჭოს წევრი, რის გამოც სისტემატიურად ვღებულობ ინფორმაციებს მიმდინარე ან მოსალოდნელი სიახლეების, ძირითადი ტენდენციების შესახებ. უფრო მეტიც, უშუალოდ ვმონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში, სხვა რექტორებთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენი ბევრი თანამშრომელი გადამზადდა და ამჟამად სამინისტროს სერტიფიცირებული ტრენერია, რომელთა გამოცდილებასა და ცოდნას უნივერსიტეტის სასიკეთოდ ხშირად ვიყენებთ. აგრეთვე, მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ უნივერსიტეტს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტების ინფორმირებულობასა და ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. სამინისტროს უშუალო ჩართულობით ყველა უნივერსიტეტში და მათ შორის ჩვენთანაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულა და იგეგმება მომავალშიც.
– რას უსურვებდით და ურჩევდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლევანდელ პირველკურსელებს, რა არის რექტორის მთავარი გზავნილი მათთვის?
-ალბათ, ეჭვს არ იწვევს, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თვით სტუდენტებზე. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფასს სტუდენტებს, რომ იყვნენ აქტიურები მომთხოვნები, სამართლიანები, ობიექტურები და მიუკერძოებლები. არ არის შორს ის დრო, როდესაც ისინი ქვეყანას ჩაიბარებენ და ამისათვის მზადება აქედანვე უნდა დაიწყონ!
როგორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო მიღწევები
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლებს, სადაც ექიმის ხელფასი 800, ხოლო ექთანის 650 ლარი იქნება, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს by ARIS.GE-განათლება
- რა წავაკითხოთ არდადეგებზე – საშობაო ლიტერატურა ბავშვებისთვის by ARIS.GE-განათლება
- ახლებურად განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები by ARIS.GE-განათლება