რეფორმის წარმატების გასაღები დეტალებშია, რომელსაც ჯერ ველოდებით – „არის საუბარი სტრუქტურულ ცვლილებებზეც!“
განათლებაში დაანონსებული რეფორმა საზოგადოების ფართო განსჯის საგნად იქცა. როგორ შეეხება ცვლილება სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებს, თავად სტრუქტურას, მილევადია, თუ არა ზოგიერთი სიპ-ის დამოუკიდებლობა, რა ფორმატით გააგრძელებს მოქმედებას ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი? – ამ დისკუსიებში განათლების ექსპერტთა მოსაზრებები განსაკუთრებით საინტერესოა. EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება რუსუდან თევზაძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– ამ შემთხვევაში, ვისაუბრებ, არა რომელიმე კონკრეტული პოზიციიდან, არამედ განათლების ექსპერტის პოზიციიდან, რადგან ჩემი გამოცდილება უკავშირდება მასწავლებლობას, მარეგულირებელ დოკუმენტებზე მუშაობას, ადმინისტრაციაში ყოფნას, უნივერსიტეტის პედაგოგობას, არასამთავრობო სექტორს… ამ საერთო კვეთის ფონზე, ვაძლევ თავს უფლებას, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება. დავიწყებ სკოლით. ხშირად პრობლემა ტერმინის ან დეფინიციის არამართებული აღქმიდან მომდინარეობს. განმარტებულია, რომ სკოლა არის ზოგადი განათლების დაწესებულება, სასწავლოც და სააღმზრდელოც. ანუ მის ფუნქციაში ორი დომენი გვაქვს: უნდა აღვზარდოთ მოქალაქე და მივცეთ ზოგადი ცოდნა ცხოვრებისთვის მოსამზადებლად დღეს სკოლაში აღზრდის კომპონენტი მეტად მორყეულია, არ არის ბალანსი სწავლებასა და აღზრდას შორის, ეს ორი პროცესი ინტეგრირებული უნდა იყოს და საგნობრივ კონტექსტში გადადგმული თითოეული ნაბიჯიც აღზრდაზე უნდა გადიოდეს. გლობალიზაციის პირობებში, ჩვენი გარემო იმდენად ეკლექტურია, აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოტიპები ეჯახებიან ერთმანეთს და კონფლიქტების გაზრდილი რისკების პირობებში, რომელია უფრო მნიშვნელოვანი, სადავო აღარავისთვის უნდა იყოს.
–რაც შეეხება სასწავლო კომპონენტს?
–აქაც პრობლემებია. რადგან ზოგად განათლებაზე ვსაუბრობთ, ესგ ითხოვს არა რომელიმე საგნის მაქსიმალურ თეორიულ ცოდნას, არამედ იმ მინიმალურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფდა კონკრეტული ინდივიდის პრაქტიკულ კონტექსტს. რეალურად ეს კომპონენტი ასე არ მუშაობს. ამაში შეიძლება ბრალი უნივერსიტეტებსაც მიუძღვოდეთ, რადგანაც მათი წარმომადგენლებისგან ხშირად მომისმენია (ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ გეოგრაფიის მიმართულებას), რომ პირველ კურსზე რომ მოდის სტუდენტი, მან უნდა იცოდეს ეს, ეს, ეს… ეს მოთხოვნები არ არის რელევანტური. ზოგადი განათლების დაწესებულება არ ზრდის მოსწავლისგან გეოგრაფს და ასე შემდეგ… მას უნდა ჰქონდეს კრებსითი ზოგადი ცოდნა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ცხოვრებაში; მაგალითისთვის: გეოგრაფიის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს კომპასს, ან სასაათო სარტყლებს. მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეს, რატომ უნდა იცოდეს მან ეს საკითხი; არა იმიტომ, რომ მას ეს ცოდნა სჭირდება განყენებულად, არამედ, იმიტომ, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში წასვლის შემთხვევაში, დრო გაასწოროს. ჯერჯერობით, ასეთი მიდგომა არ არის საყოველთაო, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არიან სკოლები და მასწავლებლები, რომლებიც სწორად მიდიან დასახული მიზნებისაკენ. ასეთი „კუნძულები“ არსებობს, მაგრამ ამას სისტემაში უნდა მოქცევა, გაზიარება, გავრცობა. ახლა რა ხდება? „სახლის“ შენებას სახურავიდან ვიწყებთ. ობიექტურად კი სწორედ ის „კუნძულები“ და მათი გამოცდილების გაზიარება უნდა წარმოადგენდეს საძირკველს. მიხარია, რომ პირველი ძვრები ამ მიმართულებით, სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ჩემი მუშაობის პერიოდში მოხდა. „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის განზოგადებაც იგეგმება, სწორედ იმ შედეგების პოზიტიური შეფასებას ემყარება, რომელსაც იმ ცვლილებებით მივაღწიეთ.
–როგორია თქვენი შეფასებები საატესტატო გამოცდების და მისაღები გამოცდების მიმართულებით გაცხადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით?
–დღეს განათლების სისტემაში გარდამტეხი პერიოდია. ამ გამოცდებმა თავისი დადებითი როლი შეასრულა გარკვეული წლების განმავლობაში. მაგრამ ამ მიდგომამ უკვე თავი ამოწურა. ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ რეფორმა მიბმული იყოს პიროვნებაზე და დამოკიდებული პიროვნულ ცვლილებებზე, ეს სისტემის რყევებს იწვევს. სამწუხაროდ, დღეს ეს შეიმჩნევა. რაც შეეხება გამოცდების მოხსნას, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ეს ოფიციალურად გაცხადდა. ტექნიკური დეტალებზე, რომ სასწავლო წლის რა პერიოდში მოხდა და რამდენად მართებულია, ამაზე არ შევჩერდები, მთავარი იდეა არის ძალიან კარგი. სასკოლო თემი მოთამაშეთა სამი ერთობისგან შედგება: მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები. ეს სამივე ჯგუფი ორიენტირებული იყო გამოცდაზე – საატესტატო და მისაღები გამოცდის ჩაბარებაზე. ხდებოდა გამოცდების დუბლირებაც. ეს პროცესი არ შეესაბამებოდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიზნებსა და და მოთხოვნებს, ზღუდავდა მათ ავტონომიას სტუდენტის შერჩევის პროცესში; ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ისეთი სპეციფიკური მიმართულების უნივერსიტეტებში, როგორიც ვთქვათ, სახელოვნებო უნივერსიტეტებია. მაგალითად, ჩვენთან არსებობს შიდა ტურები. გაივლის აბიტურიენტი ამ ტურს, აჩვენებს საუკეთესო შედეგებს, მაგრამ რომელიმე გამოცდაზე ვერ გადალახავს ბარიერს და ვერ ხდება სტუდენტი. ასეთი მიდგომა, ფაქტობრივად მისი პიროვნული მისწრაფებების უგულებელყოფა და უნივერსიტეტის ავტონომიის შევიწროვებაა. მიზეზი კი თავის დროზე შექმნილი სისტემაა, რომელმაც თავი ამოწურა.
–დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რა რისკებს ხედავთ?
– ამ დღეებში, როცა სულ ვფიქრობ ცვლილებებზე, გამიჩნდა შიში, რომ ამ სიახლესთან (გამოცდების მოხსნასთან) შეგუება, მოსწავლეზე და მასწავლებელზე მეტად, შეიძლება მშობელს გაუჭირდეს. მან შესაძლებელია, ვეღარ მართოს ბავშვი… აქ მენტალურ პრობლემამდე მივდივართ. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ საზოგადოების მზაობას ამ ცვლილებებისთვის. აქედან მომდინარეობს მთელი რისკები. ნებისმიერ სიახლეს ახლავს რისკები, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას, სწორედ იმისათვის, რომ გაიზარდოს სკოლის როლი და მნიშვნელობა. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონიმია გახდეს რეალობა, თუნდაც სტუდენტების შერჩევის პროცესში. ზოგადად ეს ცვლილებები არის მისაღები, მაგრამ საჭიროა რეალისტური გაწერა დროში, დეტალებში, ანუ სისტემაში მოყვანა.
–თქვენ დეტალები ახსენეთ, მაგრამ დეტალები ჯერ ბუნდოვანია. ზეპირი პრეზენტაციები და დისკუსიები მრავლადაა, ბუნდოვნება მითქმა-მოთქმას უწყობს ხელს…
–დიახ, აქვე მინდა, ვისაუბრო ცვლილებების ინსტიტუციურ კონტექსტზე. ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ სამინისტრო შეიმუშავებს პოლიტიკას, ფაქტობრივად – განათლების მიზნებს; მათ განსახორციელებლად საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, ანუ უნდა შესრულდეს სხვადასხვა ტიპის ამოცანები: მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი. ეს დივერსიფიცირებულია თვისობრივი კონტექსტის მიხედვით, ფუნქციები ნაწილდება სხვადასხვა სამსახურებზე. ეს სამსახურები, ჩემის აზრით, არ უნდა იყოს სამინისტროს ქოლგის ქვეშ, არ უნდა წარმოადგენდნენ სამინისტროს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოცდილება არსებობს, თუნდაც ფინეთი, ესტონეთი… მე უფრო გერმანიაზე შევჩერდები, რომელთანაც თანამშრომლობის საკმაო გამოცდილება გვაქვს. იქ ეს არის კომპანიათა ერთობა, რომლებიც ინსტიტუციურად, ადმინისტრაციულად გათავისუფლებულები არიან ბარიერებისგან და მეტად აქვთ გზა ხსნილი თუნდაც ფინანსების მოსაზიდად, მიზნის განსახორციელებლად მოქმედებისთვის; რატომ წამოვიწყე ეს საუბარი ახლა? არის საუბარი სტრუქტურულ ცვლილებებზეც. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი არის ერთადერთი ფუნქციურად შემსრულებელი კონტენტზე მომუშავე სტრუქტურა, რომელიც თავის დროზე დატოვეს დეპარტამენტად. ყველა დანარჩენი წარმოადგენს სიპ-ს (იგივე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, შეფასებისა და გამოცდებისა ცენტრი და ასე შემდეგ) ახლა საუბარი მიდის ამ დეპარტამენტის შეერთებაზე მასწავლებლის სახლთან. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არ მოგვცემს სასურველ შედეგს. ის იდეა, რომ ამ სტრუქტურებს მიეცეთ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება არის პროგრესული და ეს ძალიან კარგია, რადგან ისინი იქნებიან ლიბერალურ საფუძვლებზე მოქმედი შემსრულებლები, რომლებიც მიზანს ადვილად მიაღწევენ.
აქედან გამომდინარე, თუ ეს გადაწყდება, უნდა შეიქმნას ახალი ორგანიზაცია, სადაც ყველა, მათ შორის ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტი, თანაბარ სიბრტყეზე გაერთიანდება. დაქვემდებარებითი მიერთება უარყოფით კვალს დატოვებს თანამშრომლობაზე, მიუხედავად პიროვნული დამოკიდებულებებისა და განწყობებისა. ეს გადაწყვეტილება ეფექტური და შედეგიანი იქნება მაშინ, თუ ისინი, ითანამშრომლებენ, როგორც თანაბარ სიბრტყეზე მოქმედი სტრუქტურები. გარდა ამისა, ისევ გერმანული გამოცდილების გაზიარებით, უნდა გაიზარდოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი, მუნიციპალური კონტრიბუციისა და მონაწილეობის როლი. პირობითად ავიღოთ, შეიძლება კახეთისა და იმერეთის რეგიონის სკოლების ნაბიჯები და ამოცანები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ასევე რეგიონის სკოლები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. ანუ ინდივიდუალიზმი უნდა გამოიკვეთოს და შესაძლებელია იქიდან წამოვიდეს ისეთი მიდგომები და მესიჯები, რომლებიც შემდგომი რეფორმის წინაპირობა შექმნის. ასეა გადანაწილებული ფუნქციები გერმანიაში. მართალია, იქ ფედერალური მოწყობაა, მაგრამ ჩვენც გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები. კიდევ ვიმეორებ, ბევრი ცვლილება მისაღებია, მაგრამ რეფორმის წარმატების გასაღები დეტალებშია, რაც სწორ გადაწყვეტილებებს ითხოვს.
ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები
ესაუბრა ნინო კაპანაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება