GE

რეკორდულად მზარდი – ევროპის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის შთამბეჭდავი სტარტი და ამბიციური გეგმები

57 სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული 1200-მდე პირველკურსელი, ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 50%-ით მეტი აპლიკანტი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობის 200%-იანი ზრდა – ასე შთამბეჭდავად დაიწყო ახალი სასწავლო წელი ევროპის უნივერსიტეტმა, რომელსაც კიდევ უფრო ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს დასახული.

რექტორი, ნინო ტალიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის უნივერსიტეტის ცნობადობა და მასზე მოთხოვნა, წლიდან წლამდე, რეკორდული სისწრაფით იზრდება. იგი ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებსაც ასახელებს და დასძენს, რომ სტუდენტებისთვის სრულყოფილი, პრაქტიკულ მუშაობაზე დაფუძნებული განათლების მისაცემად უნივერსიტეტს არაერთი სიახლის დანერგვა უკვე წამოწყებული აქვს.

– საბაკალავრო პროგრამების რამდენად ფართო არჩევანით იწყებთ 2021-2022 სასწავლო წელს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამა?

– ნინო ტალიაშვილი: ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს 3 ფაკულტეტი: სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და მედიცინის ფაკულტეტი. ზემოაღნიშნული ფაკულტეტების ფარგლებში ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართლის; საერთაშორისო ურთიერთობების; ფსიქოლოგიის; ბიზნესის ადმინისტრირების; ტურიზმის; ინფორმატიკის; ფინანსებისა და საბანკო საქმის; დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები; სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები. ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნად პროგრამებად ითვლება დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები.

– უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობას მისი პარტნიორების სიუხვე და მათთან მჭიდრო ურთიერთობა დიდწილად განაპირობებს. რა მდგომარეობა აქვს ამ მხრივ ევროპის უნივერსიტეტს? რას ითვალისწინებს მათთან თქვენი თანამშრომლობა და რას აძლევს ეს სტუდენტებს?

– მემორანდუმების ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს 22 ქვეყნის 47 უცხოურ უნივერსიტეტთან, რომელთაგან 21 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მდებარეობს. დამატებით, ევროპის უნივერსიტეტს არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა პროექტისა თუ მობილობის სქემის ჭრილში. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო საპარტნიორო ქსელის წევრები არიან არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულები, არამედ სამედიცინო კლინიკები, ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

ურთიერთთანამშრომლობა 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაცია (ძირითადად სტუდენტური თუ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობები, კლინიკური როტაციები); ექსტრაკურიკულური აქტივობები (საერთაშორისო პროექტები, ერთობლივი ვებინარები, მასტერკლასები, საზაფხულო სკოლები და ა.შ) და კვლევა (საერთაშორისო კონფერენციები, კვლევითი პროექტები). სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება, როგორც ერასმუს + საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე პარტნიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, თანადაფინანსების სქემით.

ინტერნაციონალიზაციის აქტივობები, სტუდენტების მხრიდან, საუნივერსიტეტო ცხოვრებით კმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. მაგალითად, სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები „ევროპის უნივერსიტეტს“ საშუალებას აძლევს ადგილობრივ საგანმანათლებლო პროგრამებში მსოფლიო მასშტაბით აკუმულირებული ახალი ცოდნისა და ინოვაციური მეთოდების ინკორპორირება მოახდინოს, უზრუნველყოს უნივერსიტეტის ცნობადობა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლება გასცეს, რაც სტუდენტებზე პირდაპირ აისახება. აგრეთვე, ექსტრაკურიკულური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებით „ევროპის უნივერსიტეტი“ ზრუნავს სტუდენტების მომზადებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ყველა მათგანის საერთაშორისო არაფორმალური და პროფესიული კონტაქტების ქსელის გაფართოებაზე.

და ბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისა და რიგ შემთხვევაში, წარმატებული სტუდენტების კვლევითი საქმიანობისთვის საერთაშორისო ხასიათის მიცემას, სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადეოებებს შორის კვლევის შედეგების გაზიარებას. საბოლოო ჯამში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია ემსახურება „ევროპის უნივერსიტეტში“ კვლევის საერთაშორისო სტანდარტის უზრუნველყოფას, უნივერსიტეტის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის გაზრდასა და კვლევითი რეპუტაციის ამაღლებას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.

– თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლება წარმოუდგენელია მდიდარი პრაქტიკული კომპონენტის გარეშე. რამდენად დიდი დრო და ყურადღება ეთმობა ევროპის უნივერსიტეტში პრაქტიკულ მუშაობას და რამდენად სათანადოდ ამზადებს იგი სტუდენტს შრომითი ბაზრისთვის?

– ევროპის უნივერსიტეტს გაცნობიერებული აქვს, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მოსამზადებლად. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ არამარტო ქართული, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოთხოვნადი კადრი. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები გაჯერებულია პრაქტიკული კომპონენტებით. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პროცესებს რეალურ სამუშაო გარემოში დააკვირდნენ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ. უნივერსიტეტს ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, შესაბამისად სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის სასურველ ორგანიზაციაში განახორციელონ პრაქტიკა. ამასთან, უნივერსიტეტი სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამის მიღმაც სთავაზობს სტაჟირებას, მათ შორის, საზღვარგარეთ.

პრაქტიკული კომპონენტის კუთხით აუცილებლად უნდა გამოიყოს დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები. ზემოაღნიშნული პროგრამების შემთხვევაში კლინიკური სასწავლო კურსები ხორციელდება პარტნიორ აფილირებულ კლინიკებში, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკული უნარები კლინიკურ გარემოში გამოიმუშაოს, სადაც უშუალოდ პაციენტებთან აქვს შეხება. ამასთან, უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სიმულაციური ცენტრები, ლაბორატორიები, სტომატოლოგიური სასწავლო კაბინეტები. აქტიურად ვიყენებთ ისეთ თანამედროვე ტექონოლოგიებს, რომლებიც ვირტუალურ გარემოში მრავალი სიმულაციური პაციენტის კლინიკური შემთხვევის განხილვისა და გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.

– რა სახის მნიშვნელობა ენიჭება კვლევით საქმიანობას აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტების მხრიდან? რამდენად ხელსაყრელ პირობებს უქმნის მათ საამისოდ უნივერსიტეტი?

– სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განვითარება უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად უნივერსიტეტი ამ კუთხით საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფაკულტეტების ქუდქვეშ ფუნქციონირებს შემდეგი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები: მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი, სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი.

ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები კვლევით საქმიანობაში. სამივე ფაკულტეტზე ტარდება ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციები. უნივერსიტეტში გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი ,,Biomedical and Core Clinical Research Practice’’. კვლევითი ინსტიტუტების ქუდქვეშ გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალები, სადაც აკადემიური პერსონალი სამეცნიერო სტატიებს აქტიურად აქვეყნებს. უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ვინაიდან, კვლევითი საქმიანობის განვითარება უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებაა კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად უნივერსიტეტს გამოყოფილი აქვს საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართულობაზე, ასევე მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერაზე ზრუნავს. აღნიშნული ცენტრის მხარდაჭერით მომზადდა არაერთი საგრანტო პროექტი. მაგალითად 2021 წელს მედიცინის კვლევითმა ინსტიტუტმა მოიპოვა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. უნივერსიტეტი აქტიურია არამხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო გრანტების მოპოვების კუთხითაც, კერძოდ, 2020 წელს ევროპის უნივერსიტეტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული გახდა. დაფინანსდა ევროპის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი როგორც ჟან მონეს პროექტი, ისე მოდული.

– რამდენად თანამედროვე ინფრასტრუქტურულ გარემოს სთავაზობთ ახალგაზრდებს სრულყოფილი სტუდენტური ცხოვრების შესაგრძნობად?

– ევროპის უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი სასწავლო კორპუსი და ერთი საერთო საცხოვრებელი. სასწავლო კორპუსები აღჭურვილია იმ ინვენტარით, ლაბორატორიებით, სიმულაციური ცენტრებით, კაბინეტებით, იმიტირებული სასამართლო და საპარლამენტო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბებით, რაც საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად აუცილებელია.

– როგორია თქვენი ახლო და შედარებით გრძელვადიანი სამომავლო გეგმები?

ევროპის უნივერსიტეტს ძალიან დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ამ ეტაპზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ინგლისურენოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების ნაწილში. უახლოეს პერიოდში იგეგმება, როგორც საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, ისე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა. ვაპირებთ მესამე სასწავლო კორპუსის მშენებლობასაც. წელს გავხსენით საერთო საცხოვრებელი, რომელიც სრულად დაიტვირთა სტუდენტებით და აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მომავალში კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ვიწყებთ.

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებას აპირებ. სურვილი გვაქვს გავზარდოთ იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც უცხოელ სტუდენტებს მივიღებთ.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური