GE

რეპეტიტორების მაღალი საფასური ქართული განათლების სისტემის დიდ პრობლემებში მოხვდა – კვლევის შედეგი

განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია, განათლების სფეროს მთავად გამოწვევებად დასახელდა. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც 2022 წლის დეკემბერში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა.

დასმულ კითხვაზე, რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე მეტმა გამოკითხულმა უპასუხა, რომ ეს არის განათლების დაბალი ხარისხი.

საინტერესოა, რომ ასეთ გამოკვლევებში პირველად მოხვდა რეპეტიტორების მაღალი საფასურის საკითხი.

სავარაუდო პასუხებში კვლევის მონაწილეებს ასევე შესთავაზეს შემდეგი ვერსიები:

  • მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია;
  • მაღალი ფასი სასწავლო მასალებზე/წიგნებზე;
  • უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური;
  • მასწავლებლების/ლექტორების დაბალი ხელფასები;
  • რეპეტიტორების მაღალი საფასური.

როგორ გადანაწილდა პროცენტული მაჩვენებლები პასუხების მიხედვით, იხილეთ გრაფიკზე:

კვლევისას გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ  ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია,  ქალების უმეტესობა კი ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.

კვლევაში  ნათქვამია, რომ  ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს, ასევე, ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც გამოკითხვაში გამოიკვეთა, არის მოსახლეობის განწყობა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „თბილისელები, ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე და დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად ამბობენ, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდებათ“, – ვკითხულობთ ანგარისში.

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ასევე იხილეთ:

„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე

ვისი „ბრალია“ რეპეტიტორის აუცილებლობა: სკოლა? სისტემა? მოსწავლე? მშობელი? პედაგოგის დაბალი კომპეტენცია?

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური