GE

რეპეტიტორობა თუ სკოლის მასწავლებლობა? – პედაგოგთა არჩევანის მიზეზი და განსხვავებები

რეპეტიტორობის ინსტიტუტზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი წლებია არ წყდება. სკოლის პედაგოგების უმრავლესობა მოსწავლეებს სახლშიც რომ ამზადებს, ეს დასამალი აღარაა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სკოლაში მუშაობას რეპეტოტორობას ამჯობინებს და  მთელ დროსა თუ  ენერგიას ბავშვების ინდივიდუალურ მეცადინეობას უთმობს. ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორის, წლების განმავლობაში პედაგოგის დაბალი ანაზღაურებაცაა. რეპეტიტორების თქმით კი, მთავარი უპირატესობა ფორმალობისგან თავისუფლებაა.

რეპეტიტორი თამუნა ღონღაძეც მიიჩნევს, რომ სახლში გაკვეთილების ჩატარება პედაგოგის მეტ თავისუფლებასა და თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს:

„დასაწყისში, როცა რეპეტიტორობა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად დავიწყებდი სკოლაში მუშაობას. ამ ხნის მანძილზე, ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმე. მაშინ ანაზღაურება არ იყო დიდი, მაგრამ სკოლაშიც მცირე იყო პედაგოგის ხელფასი. თანდათან დამოუკიდებლად, სხვების მითითებების გარეშე მუშაობა მომეწონა. ვთვლი, რომ კარგი შედეგებიც მქონდა და ამიტომ არ ვნანობ ამ არჩევანს. ჩემთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ვიყო სწავლების მეთოდის არჩევისას. გარდა ამისა, სამეცადინოდ მოდიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც მართლა აინტერესებთ ჩემი საგანი და ეს მიადვილებს მათთან მუშაობას. სკოლაში ასე არ ხდება. ბევრი მოსწავლე იძულებით უსმენს პედაგოგს და ეს მასწავლებელზე ცუდად მოქმედებს. თან, ჩემ შემთხვევაში, გაკვეთილების გრაფიკი იგეგმება ურთიერთშეთანხმებით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ფაქტორია“, – გვითხრა თამუნა ღონღაძემ.

ამბობს, რომ მასწავლებლების გამოცდები რეალურად მასწავლებლის პროფესიონალიზმის შესაფასებლად საკმარისი არაა. ამ გზით მხოლოდ მისი ცოდნა ფასდება, გამოცდების პერიოდში კი,  პროდუქტიულობა მცირდება:

„საგამოცდო სამზადისი და დაძაბული ფიქრი მის შედეგებზე, მასწავლებლის პროდუქტიულობას ამცირებს. ეს ყველაფერი მანამდე უნდა ხდებოდეს, ვიდრე პედაგოგი სკოლაში შევა სამუშაოდ. ბევრი მასწავლებელი ნამდვილად საუკეთესოდ ფლობს თავის საგანს, ოღონდ ვერ ახერხებს ამ ცოდნის მოსწავლეებისთვის გადაცემას. ხშირად მსმენია: “უნიჭიერესია, მაგრამ ვერ გადმოსცემს”. ამას გამოცდები ვერ უშველის. ვერც დადგმული გაკვეთილებით დაგროვებული კრედიტ-ქულები. არიან პედაგოგები, რომელებმაც მაღალი ქულები ვერ აიღეს, მაგრამ მათ მოსწავლეებს ბევრად უკეთესი შედეგები აქვთ. რაღაც სხვა მეთოდი უნდა შემუშავდეს მასწავლებლის, როგორც პროფესიონალის შესაფასებლად. თუმცა მათი საუკეთესო მსაჯულები მოსწავლეები არიან. მერწმუნეთ, ისინი ყველაზე ზუსტ შეფასებებს აკეთებენ და თან მასწავლებლის არცერთი ნაკლი და უპირატესობა არ გამორჩებათ. მასწავლებლებისთვის დღეს დაწესებული სტანდარტები, მეტად ხისტი და მკაცრია. ცოტა მეტი უბრალოება და თავისუფლება უკეთეს შედეგს მოგვცემდა, ჩემი აზრით“, – ამბობს თამუნა ღონღაძე.

გელა ბოყოველი წლების წინ სკოლის მასწავლებელი იყო, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და ახლა ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათემატიკის რეპეტიტორია. მან საკუთარი არჩევანის მიზეზებსა და რეპეტიტორობის უპირატესობებზე EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრა:

„წლების წინ ვმუშაობდი სკოლაშიც. არჩევანი რეპეტიტორობის სასარგებლოდ გავაკეთე მაშინ ორი მიზეზის გამო. 1. მაშინ მასწავლებელს ხელფასი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა (კუპონებში ვღებულობდი ანაზღაურებას). და მე-2 და მთავარი – თავისუფლების მეტი ხარისხი და არავითარი ფორმალობა, ქაღალდომანიაობა და ა. შ. ასევე, ეს გამოიხატება ბავშვების სიძლიერის მიხედვით დონეებად დაყოფაშიც. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ხსნის საოლიმპიადო ამოცანებს და ბავშვი, რომელიც წილადებსაც კი ვერ კრიბავს, სკოლაში ერთ კლასში ზის, რაც არ მიმაჩნია სწორად. მოსწავლეები უნდა იყოს მინიმუმ სამ დონედ დაყოფილი, უტარდებოდეს კვირაში ერთხელ ტესტირებები და ამის შემდეგ უწყვეტად ხდებოდეს ჯგუფებს შორის გარკვეული როტაციები. ეს ზრდის მოსწავლეებში ინტერესსა და ჯანსაღ კონკურენციას. ამავე დროს სკოლაში მათემატიკის კვირეული დატვირთვა 3 ან 4 ასტრონომიული საათია, ხოლო რეპეტიტორთან 8 საათი და უკვე მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასის ფონზე დიდი სხვაობა მასწავლებელსა და რეპეტიტორს შორის საათობრივი ანაზღაურების მხრივ არ არის”, – ამბობს პედაგოგი.

მასწავლებლის ცოდნა რომ მისი სწავლების ხარისხის პირდაპირპროპორციული არაა, ამას ბოყოველიც აღნიშნავს და განმარტავს, რომ პედაგოგის მთავარი შემფასებელი თავად მოსწავლეა:

„საგამოცდო ტესტების ბარიერი იმდენად მარტივია, მის გაუქმებაზე საუბარიც არ უნდა იყოს. თუმცა მასწავებლის საგნიც ცოდნა არ არის პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში მოსწავლის შედეგთან. მასწავლებელი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მასწავლებლის შეფასების მთავარი კომპონენტი მისი მოსწავლის შედეგი უნდა იყოს. ეს გაზრდის მასწავლებლის დაინტერესებასაც. შეიძლება ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მასწავლებელი, რომელიც ასწავლის,  ნიშანს არ უნდა წერდეს (ანუ რა გამოდის? თავის თავს თვითონ აფასებს?). შეფასება უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად.

და ბოლოს, მე ვარ მომხრე სწავლების შემდეგი პრინციპის – სწავლის ძირი ტკბილი არის, კენწეროში უფრო მეტად გატკბილდების. მოსწავლე წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მას მასწავლებელთან მისვლა უხარია, არ აქვს მნიშვნელობა ეს სკოლაა თუ კერძო მასწავლებელი”, – ამბობს რეპეტიტორი.

ქიმიკოსი ირმა კაკუშაძე სკოლაში სწავლების პარალელურად მოსწავლეებს სახლშიც ამზადებს. მან EDU.ARIS.GE-ს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ორი განსხვავებული სტატუსის პედაგოგობაზე ისაუბრა:

„13 წელია ვასწავლი. ვარ უფროსი მასწავლებელი და პარალელურად მოსწავლეები მყავს სახლშიც.  რეპეტიტორთან მეტ-ნაკლებად მოტივირებული მოსწავლე მოდის. რომელმაც არჩევანი გააკეთა ამ კუთხით. ამიტომ, ამ დროს უფრო იოლი და კომფორტულია მუშაობა. სკოლაში კი ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, მრავალმხრივი ინტელექტის, მრავალფეროვანი სოციალური სტატუსის, სხვადასხვა გემოვნების მოსწავლეების ინტერესი უნდა შეუსაბამო გაკვეთილს. ერთი სიტყვით დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დააინტერესო მოსწავლეები… თუმცა, რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესოა.. თუ საქმე გიყვარს, მაშინ ყველაფერი გამოვა.( საქმე) ბავშვები ყველა ადამიანს უყვარს. საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის, დღეს, ალბათ, სკოლაში მუშაობაა უფრო მომგებიანი, რადგან ცოტა მოსწავლე მიდის ამ მიმართულებით.

„ჩემი სუბიექტური აზრით, მასწავლებელი არ გქვია თუ გაკვეთილს სკოლაში არ ატარებ… ამიტომ მხოლოდ რეპეტიტორობა არასდროს მიფიქრია. სწორედ სკოლის მასწავლებელია ის, ვინც, პირველი ასწავლის ბავშვს და პირველი ხედავს მის გაოცებულ და ანთებულ თვალებს. რეპეტიტორი კი უბრალოდ ცოდნის ორგანიზებაში ეხმარება“, – ამბობს ირმა კაკუშაძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს ინგლისურის პედაგოგსა და რეპეტიტორს ეკატერინე ფრიდონაშვილს.

„უკვე 10 წელია, რაც საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ვარ უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლაში ვასწავლი, სახლში არ ვამზადებ.

საჯარო სკოლების ერთ- ერთ სირთულე ისაა, რომ კლასები არ იყოფა და არ შეიძლება უცხო ენის გაკვეთილი, რომლის ხანგრძლივობაც არის 40 წუთი უტარდებოდეს 28-30 მოსწავლეს ერთად. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ან 3-ჯერ აქვთ უცხო ენის გაკვეთილი.

„რაც შეეხება რამდენად მომგებიანია იყო სკოლის მასწავლებელი თუ კერძო რეპეტიტორი, ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. სკოლაში არ გინაზღაურდება ყველა ჩატარებული საათი კერძო რეპეტიტორობისგან განსხვავებით. რაც შეეხება სკოლაში მუშაობის უპირატესობებს, გაქვს ყოველდღიური შეხება ძალიან ბევრი კატეგორიის მოსწავლესთან და არა მხოლოდ მოსწავლესთან და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ძალიან შრომატევადი. არასდროს მიფიქრია მხოლოდ რეპეტიტორობაზე. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რაც შეეხება ცენტრში მუშაობას, ეს საკმაოდ დიდი კომფორტია. გიწევს სხვა გარემოში მუშაობა. გიზის მაქსიმუმ 5 მოსწავლე. ზოგადად ცენტრში საკმაოდ მწირი ანაზღაურებაა, თუმცა ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად არის, რადგან ჩემი დამსაქმებელი პროფესიით მასწავლებელია და იცის მასწავლებლის შრომის ფასი“, – ამბობს პედაგოგი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური