GE

რექტორის წერილს განათლების კომიტეტი განიხილავს – რა ცვლილებებს ითხოვს თსუ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

ფოტო –
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ , არის ჯი (c)

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 14 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან მიღებული წერილი, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივის შესახებ, რომელშიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაა მოთხოვნილი, განსახილველად განათლების კომიტეტს დაეწერა.

გიორგი შარვაშიძეს პარლამენტისგან რამდენიმე ცვლილებას ითხოვს, კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დეკანის არჩევის შესახებ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმადაც პირი შეძლებს გახდეს დეკანი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ასევე, თსუ ითხოვს, რომ აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის ასაკი გაიზარდოს 70 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შემთხვევაში, აკადემიური თანამდებობის დაკავებას შეძლებს არა მხოლოდ 65, როგორც ეს დღეს მოქმედ კანონში წერია, არამედ 70 წლის პირიც.

შერვაშიძეს მიაჩნია, რომ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, შეუსაბამოდ ზღუდავს პირთა წრეს, რომელსაც უნდა ეძლეოდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა.

რექტორი მიიჩნევს, რომ დეკანის თანამდებობა ადმინისტრაციული თანამდებობების კატეგორიას განეკუთვნება, ფუნქციური დატვირთვა მენეჯერული ხასიათისაა და მიზნად ისახავს არა უშუალოდ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროცესში მონაწილეობას, არამედ ამ პროცესების არსის ცოდნას და მათი ორგანიზებულად, გეგმიურად მიმდინარეობის მენეჯერულ/მართვით ხელშეწყობას.

რექტორის აზრით, სწორედ იმიტომ, რომ დეკანის თანამდებობაზე ასარჩევ პირთა წრე მკაცრადაა შეზღუდული, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვის საკითხი ეჭვქვეშ დგება.

„ხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კანონში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლიც გამორიცხავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორისა ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ყოფნის უპირობო ვალდებულებას და ზემოთქმულიდან გამომდინარე დააწესებს კანდიდატისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების ქონის ვალდებულებას, დამატებითი მოთხოვნების თავად შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენის უფლებით.

აღსანიშნავია, რომ კანონის დღევანდელი რედაქციიდან გამომდინარე, დეკანებს ერთდროულად უკავიათ, როგორც დეკანის, ისე პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია მათ გაორმაგებულ შრომით დატვირთვასთან“, – ნათქვამია გიორგი შერვაშიძის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ასაკობრივი ზღვრით შეზღუდვის რეგულაციას, წერილში ვკითხულობთ, რომ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. შერვაშიძეს კანონში არსებული ეს ჩანაწერი პრობლემურად მიაჩნია და ითხოვს, რომ 65 წლის მაგივრად, კანონში 70 წელი ჩაიწეროს და ასე ჩამოყალიბდეს:

„აღნიშნული წესიდან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. მიგვაჩნია, რომ კანონის ამგვარი დანაწესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საკმაოდ პრობლემურია, რაც პრაქტიკაშიც მკაფიოდ აისახა. ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს წარმოადგენენ, მათ ან უნდა იხელმძღვანელონ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვით, ან ამ შეზღუდვის მოხსნის მექანიზმის ამოქმედებისას დააწესონ შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებიც არ არის ასაკობრივ საკითხთან დაკავშირებული“, – წერს შერვაშიძე პარლამენტს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იხილეთ დოკუმენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური