რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის (“მეგა”) დაწყებითების უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის
შემაშფოთა ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კომენტარებმა, სადაც მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
მე, როგორც მასწავლებელმა და მშობელმა არ შემიძლია ჩემი აზრი არ დავაფიქსირო ამ თემის ირგვლივ. შესაძლოა, სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ ყოველი სიტყვა დიდი ფიქრის შედეგია… და მაინც, რას ნიშნავს იყო მასწავლებელი, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?- გამოკითხვა რომ ჩავატაროთ პასუხები იდენტური იქნება. რომ კარგია ის მასწავლებელი, რომელიც კარგად ასწავლის, ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, იყენებს მათ სასწავლო პროცესში და ა.შ.
მოდით, გადავხედოთ ზემოთ აღწერილი მასწავლებლის ერთ ჩვეულებრივ დღეს:
დღის პირველი ნახევარი გაკვეთილების ჩატარებას ეთმობა. როგორც ამბობენ, მასწავლებელი იღებს ,,ჯადოსნურ ჯოხს“ და იწყება ,,ჯადოსნური სამყარო“. თუმცა დღემდე ვერ ვხვდები ამ შედარების მართებულობას. ჯადოსნურ სამყაროში ხომ ერთი სიტყვით ან ჩაფიქრებით ხდება სურვილები და იცვლება ყველაფერი. რეალურად კი წინასწარ დაგეგმილ, გაწერილ, რესურს მომზადებულ მასწავლებელს ერთი ზედმეტი სიტყვით შეგიძლია, უნებურად გული ატკინო მოსწავლეს. უნდა აკონტროლო ყოველი სიტყვა და ხმის ტონი. დაალაგო აზრები, გასცე პასუხი ისე, რომ არავინ გაანაწყენო.
დაასრულებ გაკვეთილებს, ატვირთავ დავალებებს და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ისევ იწყებ მომდევნო დღისთვის მზადებას, რესურსების მოძიებას, პრეზენტაციის შექმნას და ა.შ.
საღამოს იწყებ დავალებების შემოწმებას, დავალებები, რომლებიც მესენჯერში თუ თიმსშია ატვირთული. თითოეული მათგანი გულდასმით უნდა შეამოწმო და უკუკავშირიც გაუგზავნო.
გარდა ამისა, ვალდებული ხარ უპასუხო სხვადასხვა სოც.ჯგუფებში კითხვებს, პირად მიმოწერას, მოსწავლეებს, ამოწმო და შეაგროვო ინფორმაცია მოსწავლეთა გაცდენის მიზეზების შესახებ და ა.შ.
მაშინაც კი, როცა მასწავლებელი ასე ზრუნავს თავის აღსაზრდელებზე და მართლაც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, არიან მშობლები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასწავლებლის მუშაობაზე. მშობლის მოთხოვნა მასწავლებლის მიმართ ის არის, რომ მასწავლებელმა ისე ასწავლოს მის შვილს, რომ მას რეპეტიტორები და დამატებითი ფულის გადახდა არ დასჭირდეს. მე, როგორც მშობელი, აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები ამ მოთხოვნას. მშობლების განწყობაც მესმის, მასწავლებლების სტატუსების ცვლილებაზე ტელესივრცეში სულ მიდის საუბარი, ყოველ წელს ემატება წამყვანი თუ მენტორი მასწავლებლების რიცხვი, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის…
ფაქტია, რომ სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, რომელიც სწორედ რომ მოსწავლეზე იქნება მორგებული და მის წინსვლას განაპირობებს…
ამ მიზნით ხდება პედაგოგთა გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. ცხადია, ეს ტრენინგები საღამოს საათებშია და საშუალოდ 2 საათი გრძელდება. თან გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებლები აქ მხოლოდ მონაწილის და მსმენელის როლში არ ვართ, ჩვენც ვასრულებთ დავალებებს, ვსწავლობთ, ვკითხულობთ, სიახლეებს ვეცნობით და ვცდილობთ მის სამომავლოდ გამოყენებას. ახლა თუ შევკრებთ ამ აქტივობების დროებს მივიღებთ, რომ მასწავლებლის სამუშაო დრო რვა საათს ბევრად აჭარბებს. სხვა პროფესიაშიც არის გამოცდები, გადამზადებაც, მაგრამ სამსახური მის კედლებს არ ცდება. მასწავლებლის სამსახური კი დილიდან საღამომდე და ხშირად გვიან ღამემდე გრძელდება.
მასწავლებლის ვალდებულების სპექტრი ფართოა. მასწავლებელი ვალდებულია: მოსწავლეებთან, მშობლებთან, დირექტორთან და უმთავრესად საკუთარ თავთან.(შესაძლოა სხვას მოატყუო, მოაჩვენო თავი მაგრამ მხოლოდ შენ იცი რამდენად პირნათლად ასრულებ მოვალეობას).
ჩემი გადმოსახედიდან მართლაც ურთულესია იყო დღეს კარგი მასწავლებელი. მე მშურს იმ ადამიანების, ვინც თავს კარგ მასწავლებლად თვლის. მეც აღმომიჩენია ჩემი საუბრისას, ახსნისას ისეთი რაღაც ნიუანსი მეც რომ არ მომწონებია. ან ისეთი კარგი არ იყო როგორც დავგეგმე… განა ვინმე არის ისეთი ვისაც ყველაფერი იდეალურად გამოსდის?! უბრალოდ, ჩასაფრებულის პოზიციაში არ უნდა იყოს მშობელი და არც მასწავლებელი.
მასწავლებლები ახლა მართლაც უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ… წეღანაც ვთქვი, რომ ხდება მასწავლებლების გადამზადება სხვადასხვა კუთხით. მაგრამ მასწავლებელსაც ხომ აქვს განსაზღვრული შესაძლებლობები და უკვე ჩამოყალიბებული უნარები. სწავლასაც ხომ აქვს თავისი ასაკი და პერიოდი. მასწავლებელი მოწყობილობა ხომ არაა რომ ყოველ თვეს თუ წელს გაუმჯობესებული მეხსიერებით თუ შესაძლებლობით მოგვევლინოს. არ დაგვავიწყდეს ჯანმრთელობის ფაქტორიც. ამ კუთხით დღეს მგონი ყველას რაღაც პრობლემა გვაქვს… აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ მასწავლებელსაც აქვს თავისი პირადი ცხოვრება, ოჯახი, შვილები…
მხოლოდ ერთი ფაქტორით მასწავლებლის უარყოფითი შეფასება დაუშვებელია. მაგალითად, თუ ტექნოლოგიებს ვერ ფლობს და სხვ. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებით ონლაინ რეჟიმში და ასაკიანი პედაგოგებისგან იმდენი კარგი, შემოქმედებითი და ლამაზად ჩამოყალიბებულ იდეებს ვისმენ, რომ ვხვდები ახლაც რამხელა პოტენციალი დევს მათში.
მესმის, რომ მასწავლებლები ძალიან გადატვირთულები ვართ მაგრამ მშობელს იმის განცდა არ უნდა ჰქონდეს, რომ „მასწავლებლები გაბოროტდნენ და მათ დროს აყვედრიან“, – ეს სიტყვები ერთ-ერთ კომენტარში ამოვიკითხე.
ჩვენ ძალიან დატვირთულები ვართ, მაგრამ მშობლებიც რთულ მდგომარეობაში არიან. რადგან გაცილებით დიდი შრომა და ძალისხმევა უწევთ შვილების სწავლის გამო. და ვფიქრობ, ჩვენ, მასწავლებლებიც გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ფაქტს.
ხშირად ვფიქრობდი რა გზა იყო ისეთი, რომელიც მასწავლებლებს შრომას ცოტა მაინც შეგვიმსუბუქებდა. ამ კითხვას პასუხი ერთ საღამოს გაეცა…
„ვირტუალურ საკლასო ოთახში“, სადაც ვგეგმავდი მომდევნო დღის გაკვეთილებს, ჩამივარდა ლეპტოპი და ნაწილებად დაიშალა. თავზარდაცემულმა (მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო) დავრეკე სასწავლო ნაწილთან გამოსავლის საძებნელად. მან მანუგეშა და სკოლაში თავისი კომპიუტერი შემომთავაზა, თამუნაც (დირექტორი) დაგითმობს მის კომპიუტერს რა პრობლემააო-მითხრა. და ერთმა კოლეგამ კი მისი გამზადებული პრეზენტაციაც გამომიგზავნა… -აი, აქ მივხვდი სად იყო გამოსავალი…
რომ შემეძლოს შევქმნიდი სასწავლო პლატფორმას, სადაც მასწავლებლები თავიანთ ნამუშვრებს, პრეზენტაციებს, დავალებებს, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს განათავსებდნენ და ყველა მსურველს მისი ჩამოტვირთვა შეეძლება, თუნდაც შეცვლა საკუთარი სურვილის მიხედვით. ჭიანჭველების ასეთი სამაგალითო ოჯახი ხომ გვერდში დგომაზეა დამყარებული. (როდესაც ერთი ჭიანჭველა გემრიელობებს მიაგნებს, ბრუნდება, რომ თავისი ოჯახის წევრებსაც უთხრას და წინ მიუძღვის მათ). როდესაც შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას: მასწავლებელი მშობლის, მშობელი მასწავლებლის, მასწავლებელი მასწავლებლის, მხოლოდ მაშინ ვრჩებით მოგებული და გამარჯვებულები ერთად. რადგან ის გაღიზიანებული, ნეგატიური სიტყვებით მოხსენიებული მასწავლებელი ჩემი და შენი შვილების მასწავლებელია და საბოლოოდ, მაინც ჩვენ ვზარალდებით.
,,ქვეყანა იმით კი არ არის უბედური რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი და გულანთებული კაცები არა ჰყავს“, – ჰოდა, რადგან მცოდნე და გულანთებული მომავლის აღზრდაა ჩვენი საზრუნავი, მოდით გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად. და კიდევ უფრო ნუ გავანერვიულებთ ერთმანეთს!
როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ჩვენი მუშაობის ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ალბათ, მე ის შემთხვევა ვარ, რომელსაც ყველა მიმართულებით გაუმართლა და ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ალბათ სწორედ ეს მაბედინებს ვწერო და ვისაუბრო ამ თემაზე ამდენი. დიდი სიხარულით მივიღებ და გავითვალისწინებ მშობლის რჩევებსა თუ წინადადებებს, რომელიც მოსწავლესთან ურთიერთობას გამიადვილებს, უფრო შედეგიანს გახდის. მასწავლებლებს კი გავახსენებ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: ,,ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“.
როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი