GE

რისი გაკეთებაა შესაძლებელი შავი ზღვისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის – დისკუსია საერთშორისო ექსპერტების მონაწილეობით კსუ–ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკრაინის,  საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების პერსპექტივები განიხილეს. რისი გაკეთებაა შესაძლებელი აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ „რუხ ზონებთან“ დაკავშირებით? ამ საკითხზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს.

ღონიძიების ინიციატორის, კსუ-ის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელის ალექსანდრე რუსეცკის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე მოხდა ძველი პროექტების შეფასებაც.

„ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედებს კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია,  ამ ლაბორატორიის სტუმრები არიან შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევითი ცენტრის ექსპერტები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს შავი ზღვისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ახალ მიდგომებს და ძველ პროექტებთან მიმართებაში შეფასებას.  ეს არის, ფაქტობრივად, მეორე შეხვედრა, პირველი ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და გრძელდება ჩვენთან. ეს არის ანალიტიკური წრეების, მეცნიერების თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინასა და გერმანიას შორის. აქ იმყოფებიან როგორც საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განაცხადა მან EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სხვა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ირინა ვერეშუკი (ბალტია-შავი ზღვის მეცნიერებათა და კონსენსუსის პრაქტიკების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი) და ანდრეას უმლანდი (კიევის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის ექსპერტი,  იბიდემ ვერლაგის წიგნების სერიათა – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და საზოგადოების“ მთავარი რედაქტორი).

კსუ-ის პროფესორისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განმარტებით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დასამარცხებლად რის წინაშეც დღეს საქართველო და უკრაინა დგანან.

„ღონისძიება არის მნიშვნელოვანი და აქტუალური, იმ ფონზე თუ გავითვალისწინებთ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს საქართველო და უკრაინა. აქ არის საინტერესო კონცეფცია,  განიხილება არამარტო ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება, არამედ შავი ზღვისპირეთისა და ბალტიისპირეთის სივრცეში არსებული სიტუაცია. მე ვიტყოდი, რომ დღეს ეს სივრცე არის ახალი ცივი ომის წინა ფრონტალური ხაზი, სადაც მიმდინარეობს სწორედ ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება. შესაბამისად, ეს არის დროული და მნიშვნელოვანი ღონისძიება. ბოლო დროს ჩვენ მოკლებულები ვართ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩატარებას, სადაც მონაწილეობენ ორივე ქვეყნის წამყვანი ექსპერტები, პოლიტოლოგები და უსაფრთხოების სპეციალისტები. ვისურვებდი, კიდევ უფრო გახშირებული იყოს მსგავსი ურთიერთობები. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ყვეყანაა, ის დღეს იმყოფება ძალიან მძიმე პირობებში. რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ისევე, როგორც ჩვენ. ის ფორმატი რომელიც არსებობს, სუამი და რომლის დამფუძნებლები და მთავარი აქტორები არიან საქართველო და უკრაინა კარგია, მაგრამ ანალოგიური ფორმატის განვითარება საექსპერტო წრეებში, არასამთავრობო დონეზე, წაადგება ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული გამოწვევების ერთობლივი ძალებით მოგვარებას“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ღონისძიება პრაქტიკების საერთაშორისო ცენტრის,  (კიევი, უკრაინა) თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტისა  (საქართველო) და  კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპარლამენტო კომიტეტებისა და საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ექსპერტები  და ჟურნალისტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური