GE

როცა ეროვნული გამოცდები ძალიან ახლოს არის – აბიტურიენტები იმ საკითხებს ასახელებენ, რაც გადამეორებისთვის მნიშვნელოვანია

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში ჩატარდება. რეგისტრირებულ აბიტურიენტებს კი, რომელთა რიცხვიც, როგორც გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებული სტატისტიკა ცხადყოფს, წელს რეკორდულად დიდია – 45 ათასზე მეტი. აბიტურიენტებს მოსამზადებლად სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ. მომავალი სტუდენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რამდენად სწორად და ხარისხიანად გაართვეს თავი მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ განვლილ პერიოდს.

EDU.ARIS.GE -მ აბიტურიენტებისგან მიიღო ინფორმაცია იმ ეტაპების შესახებ, რომლებიც მათ უკვე გაიარეს. ლუკა და ანნა სხვა აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და გვიმხელენ თავიანთ შეხედულებას, თუ რომელია ის დავალებები, რასაც აბიტურიენტებმა ყველაზე დიდი დრო უნდა დაუთმონ.

თბილისის 99-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, ლუკა მეგრელიძე ამბობს, რომ წინასაგამოცდო მღელვარება აბიტურიენტებისთვის უკვე გარდამტეხ ფაზაშია შესული, რადგან მათ საგამოცდო პროგრამის 90%-ზე მეტი უკვე გავლილი აქვთ და ახლა აქტიურად მუშაობენ საგამოცდო ტესტებზე.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რამდენიმე საგანში მიწევს მომზადება, ვინაიდან ვაბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში. ჩემი სურვილია, მსახიობი გავხდე. ვაბარებ 4 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ინგლისური, თითოეულ საგამოცდო საგანში თითქმის ამოწურული გვაქვს ყველა თემა, რამდენიმე საკითხი დაგვრჩა და დავასრულებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ საგამოცდო ტესტებზე, რაც კიდევ უფრო მეტ მღელვარებას იწვევს, რადგან ტესტებთან მუშაობის პირველი ეტაპია და შედეგებიც ბევრს არ აქვს სახარბიელო. თუმცა, უკეთესი შედეგის დასადებად ჯერ დრო ბევრი გვაქვს“.

ლუკას თქმით, ერთ-ერთი მთავარი ეტაპი, ტესტებთან მუშაობს პარალელურად, სასურველი პრიორიტეტული ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის შერჩევაა:

„მიუხედავად იმისა, რომ სასურველი ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება ქულების გაგების შემდეგაც შეგვიძლია, ახლა ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სანამ იმას გავიგებთ, სად გვეყოფა ქულა მოსახვედრად, იქამდე უნდა ვიცოდეთ თუ სად გვინდა მოხვედრა. ეს დიდი გამოწვევაა. ბევრი აბიტურიენტი სხვადასხვა ფაკულტეტებსაც ირჩევს, რაც, ჩემი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ პროფესია შერჩეული არ აქვთ“.

დავალებები, რომელზეც ლუკა ყველაზე ბევრ ვარჯიშს გეგმავს: თხზულება ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ესე უცხო ენაში. ამ  დავალებების ნაწილზე განსაკუთრებით მინდა უფრო მეტი ვიმუშაო და თავისუფალი დროც მქონდეს, რომ არგუმენტირებული მსჯელობა სრულყოფილად შევძლო. ფილმის ყურება, ლიტერატურის კითხვა ამაში ნამდვილად დამეხმარებოდა და მეხმარება კიდეც.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, ანნა ბრაჭული კი გვიყვება, რომ ამჟამად ის გამეორების ეტაპზეა და განვლილი მასალებიდან რთული საკითხების დამუშავების ფაზაშია და აქტიურად მუშაობს კონსპექტებზე, რომ ყველა განვლილი საკითხი სრულყოფილად შეიმეცნოს.

„პირველი ეტაპი, რომელიც აბიტურიენტებმა გავიარეთ იყო საგამოცდო საგნების შერჩევა, როცა შევარჩიეთ საგნები, დავიწყეთ რეპეტიტორების ძებნა. ვინც არ ემზადებოდა, უბრალოდ მოსამზადებელი სახელმძღვანელოების შეარჩიეს. შემდეგი ეტაპი იყო რეპეტიტორებთან გასაუბრება და მათი შერჩევა, საგამოცდო პროგრამების გაცნობა და მომზადების დაწყება. პარალელურად გვიწედა სკოლაში სიარულიც და თანდათან, ჩვენი სამუშაო ეტაპებიც გართულდა.

„პირადად მე ამ ეტაპზე, განვლილ საკითხებს ვიმეორებ და ვამდიდრებ  და სრულყოფილს ვხდი კონსპექტებს, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ამ მეთოდით, არ გამომრჩება მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე, როგორც ყველა აბიტურიენტი, ვაკეთებ გასული წლების ტესტებს“, – გვიხსნის აბიტურიენტი.

ანნა ამბობს, რომ ტესტებზე მუშაობასთან ერთად, აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმიტირებულ გამოცდებზე და ჩაერთონ ამ პროცესშიც. ის გვისახელებს იმ დავალებებსაც, რომელსაც მისი აზრით, ყველა აბიტურიენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

დავალებები, რომელზეც ანნა ყველაზე ბევრ ვარჯიშს გეგმავს: ყველა საგანზე თანაბრად ვფიქრობ, როგორ ჩავაბარებ და ვაჩვენებ საკუთარ შესაძლებლობებს. ამის მიუხედავად, მაგალითად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას თუ ავიღებთ, უფრო მეტი მონდომებით ვკითხულობ “ვეფხისტყაოსანს” და ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, შიში არ მაქვს, მაგრამ მინდა, დაკვირვებით დავამუშაო, რადგან ხშირად მოდის ხოლმე ამ თემებიდან შეკითხვები. ასევე, ვფიქრობ, მხოლოდ გამოცდისთვის არ უნდა ვისწავლოთ, მაგალითად უცხო ენა, რომელიც ყოველთვის დაგვჭირდება და პირადად მე, B2 დონის საკითხებსა და ტესტებსაც აქტიურად გავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ტესტი B1 დონის ცოდნას გვთხოვს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური