როცა სადამრიგებლო საათის ჩატარებას გეგმავთ – ახალგაზრდა პედაგოგის პრაქტიკული ხერხები კოლეგა დამრიგებლებისთვის
სადამრიგებლო საათის ჩატარების ვალდებულება, კლასის დამრიგებელს როგორც დაწყებით, ისე საბაზო-საშუალო საფეხურზე, რეგულარულად აქვს. ეროვნული სასწავლო გეგმა ამბობს, რომ სადამრიგებლო საათის ფარგლებში, დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე. სადამრიგებლო საათი ეს არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის დრო თავის აღსაზრდელებთან და მისი ძირითადი ფუნქციებია: საგანმანათლებლო (სადამრიგებლო საათი საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის, სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში); მაორიენტირებელი (სადამრიგებლო საათი მოსწავლეებს ეხმარება ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში) და წარმმართველი (დამრიგებელი ეხმარება აღნიშნული ღირებულების არა მხოლოდ ფორმირებაში, არამედ მათ განხორციელებაში).
EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, თუ რა შეცდომებს უშვებენ დამრიგებლები სადამრიგებლო საათის ორგანიზებისას და რა უნდა გაითვალისწინონ თუკი სადამრიგებლო საათის ჩატარებას გეგმავენ. ვესაუბრეთ მცხეთის მუნიციპლიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროს მასწავლებელსა და დამრიგებელს, თამუნა ლოხიშვილს.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სასკოლო სისტემაში მრავლად არიან დამწყებებიც და მოძველებული მეთოდიკით მომუშავე დამრიგებლებიც, რომელთაც ადეკვატურად არ ესმით სადამრიგებლო საათის ცნება. ამის გათვალისწინებით, თამუნა ლოხიშვილი შეეცადა აეხსნა სადამრიგებლო საათის არსი და მნიშვნელობა.
„დამრიგებლის საათი არის კლასის დამრიგებლის მიერ კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი საქმიანობა, რომელსაც ატარებს კლასში. სადამრიგებლო საათის მიზანი მრავალმხრივია და უნდა გულისხმობდეს: მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, მოსწავლეთა პიროვნული თუ მორალურ განვითარებას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. სამწუხაროდ, ბევრ დამრიგებელს უჭირს, ადეკვატურად დაგეგმოს დამრიგებლის საათი. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როცა დამრიგებელი გამოუცდელია, ან მოძველებული მეთოდიკით მუშაობს“, – აგვიხსნა ახალგაზრდა მასწავლებელმა.
მისი თმით, სადამრიგებლო საათს მასწავლებელი დაწყებით კლასებში ორ კვირაში ერთხელ უნდა ატარებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში კი მეტჯერაც და დაუგეგმავადაც (როცა კლასში რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ან ბავშვებს შორის კონფლიქტია), კლასის საჭიროებიდან გამომდინარე.
თამუნა მასწავლებელი აღნიშნავს, რომ თუ დამრიგებელს დაკვირვებით არ აქვს წაკითხული ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მას ნამდვილად გაუჭირდება, საკუთარ კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობებში გაერკვეს.
„შესაბამისად სადამრიგებლო საათსაც უმიზნოდ წარმართავს და ამის მაგალითებს სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ“, – ამბობს კლასის დამრიგებელი და იმ შეცდომების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელსაც მისი კოლეგები სადამრიგებლო საათის ორგანიზებისას უშვებენ:
შეცდომა 1: სრულყოფილად არ ეცნობიან, რას ითხოვს მათგან ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. ამიტომ, მათ მიერ ორგანიზებული საათი თანამედროვე სწავლების პრინციპების შესაბამისი არ არის და არც მოსწავლე დგას სწავლების პროცესის ცენტრში;
შეცდომა 2: აუცილებლად არ მიიჩნევენ, რომ სადამრიგებლო საათს მშობლები და სკოლის სასწავლო ნაწილიც ესწრებოდეს. თუ მასწავლებელს კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, რომლის გაცნობაც მშობლებისა და კოლეგებისთვის სურს, მაშინ, მათი მოწვევაც აუცილებელია.
შეცდომა 3: სადამრიგებლო საათს სტანდარტული საგნის გაკვეთილის სახეს აძლევს და ბავშვებს ავალებს იმაზე მეტს, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. ეს კი დაუშვებელია, რადგან მოსწავლეს უნდა დავავალოთ მხოლოდ იმდენი, რამდენის გაკეთებასაც შეძლებენ;
შეცდომა 4: ცდილობს მშობელი არ დაასწროს დამრიგებლის საათს. თუ მშობელს აქვს დასწრების სურვილი, დამრიგებელმა მას უარი არ უნდა უთხრას, თუმცა ისე უნდა დაგეგმოს ღონისძიება, რომ სადამრიგებლო საათი მშობელთა კრებას არ დაემსგავსოს.
შეცდომა 5: დამრიგებელი არ გეგმავს გასვლით გაკვეთილს, რითაც მოსწავლეებს უჩენს წარმოდგენას, რომ სადამრიგებლო საათი არაფრით განსხვავდება სასკოლო საგნის გაკვეთილებისაგან.
თამუნა ლოხიშვილმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველ კოლეგა დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის დაგეგმვის რეკომენდაციები საკუთარი მაგალითის მიხედვით გაუზიარა.
წიგნაკის წარმოება: ყურადღებით წაიკითხეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და აწარმოეთ წიგნაკი, რომელშიც თითოეული საათის შესახებ შეიტანთ მთავარ ინფორმაციას. ვინ ესწრებოდა საათს -ვინ არა, რა დაგეგმეთ და რა შედეგებზე გახვედით. ჩაწერთ თუ დაგრჩათ შეუსრულებელი მიზანი. წიგნაკში რეფლექსიისთვის მნიშვნელოვანი ადგილი გამოყავით. (2 გვერდი მაინც).
მოსწავლის ასაკი: დააკვირდით, რომ თემა, რომელსაც შეარჩევთ, მოსწავლეთა ასაკსა და კლასის საჭიროებებს შეესაბამებოდეს, არ არის აუცილებელი, გაკვეთილი სტანდარტულად დაგეგმოთ.
ინტერაქტიური საათები: ასეთი ტიპის სადამრიგებლო საათი მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს და გაზრდის მათ შემდგომ ჩართულობას. გაიყვანეთ ბავშვები სკოლის ეზოში, დაგეგმეთ გასვლითი ღონისძიებები და წაახალისეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ეს, შესაძლოა, იყოს გასართობი თამაშები, ვიქტორინა ან სპორტული შეჯიბრებები.
თანამედროვე გამოწვევებზე საუბრები: დაეყრდენით ეროვნული სასწავლო გეგმას და იმსჯელეთ თანამედროვე სამყაროში, ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე (ტოლერანტობა, მედიაწიგნიერება, მდგრადი განვითარება, მსოფლიო მოქალაქეობა, კიბერუსაფრთხოება, ჯანსაღი გარემო და ა.შ.). ითანამშრომლეთ კოლეგებთან, მოაწყვეთ კოლაბორაციული სადამრიგებლო საათი.
უფროსი მეგობარი: იყავით არა მხოლოდ მათი მასწავლებელი, არამედ უფროსი მეგობარი და მათთან ერთად შექმენით სასწავლო რესურსები. ამით მოსწავლეებს აგრძნობინებთ, რომ ენდობით მათ და მეგობრად მიიჩნევთ.
უკუკავშირი: ყოველი სადამრიგებლო საათის ჩატარების შემდეგ, მოსწავლეებს სთხოვეთ უკუკავშირი. ეს აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი ფორმის, რადგან ყველა მოსწავლემ შეძლოს თქვენთვის რჩევის მოცემა.
პრეზენტაცია: ყოველი სემესტრის შემდეგ მოაწყვეთ ე.წ საქმიანობის პრეზენტაცია. გააცანით ბავშვებს, სკოლის წარმომადგენლებსა და მშობლებს, როგორ იმუშავეთ, რა გამოწვევები ჰქონდათ და რა შედეგებზე გახვედით, ეს დაგეხმარებათ მათგან უკუკავშირის მიღებაში.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება