GE

როცა სკოლა ბიზნესია – „კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის უფსკრული ღრმავდება“

კერძო სკოლების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, საჯარო სკოლაში კი მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება. თუ 2000 წელს კერძო სკოლაში სულ 12 ათასი ბავშვი ირიცხებოდა, წელს მათი რაოდენობა 55 ათასს აჭარბებს.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია EDU.ARIS.GEსთან საშიშ ტენდენციაზე  საუბრობს და ვარაუდობს, რომ თუ საჯარო სექტორიდან მოსწავლეთა გადინება გაგრძელდება, კერძო და საჯარო სკოლა დამთავრებულ კონტინგენტს შორის უფსკრული გაჩნდება.

სიმონ ჯანაშია: კერძო სკოლების რაოდენობის ზრდა ცალსახად ცუდია საჯარო სექტორისთვის, იმიტომ რომ მოტივირებული მოსწავლეები და საუკეთესო მასწავლებლები გადადიან კერძო სექტორში. საუკეთესო მასწავლებლების რაოდენობა ძალიან ცოტაა საქართევლოში. ბევრი კარგი მასწავლებელი  რომ გვყავდეს, მაშინ სისტემისთვის ეს ცუდი არ იქნებოდა. საჯარო სკოლა სულ უფრო და უფრო ღარიბდება და ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს უფსკრულს ბავშვებს შორის, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გაუჭირდებათ კონკურეციის გაწევა კერძო სკოლა დამთავრებულებისთვის. ასევე, თუ უმაღლესში სწავლის დაფინანსების სისტემა არ შეიცვალა,  მაშინ გამოვა, რომ ვისაც განათლებაში მეტი ფული აქვს წინასწარ ჩადებული მას სახელმწიფო გრანტის მოპოვების მეტი შანსი ექნება. ანუ თუ შენ იხდი ფულს შენი შვილის განათლებაში, მაშინ შენ შვილს მეტი შანსი აქვს რომ მიიღოს სახელმწიფო გრანტი. 

რა რისკებს ატარებს მოსწავლის და სასწავლო დაწესებულების ურთიერთობა, როცა სკოლა ბიზნესია?

– ორი მთავარი რისკია. პირველი ის რომ განათლებას ეკარგება სოციალურ-კულტურული მხარე და გადადის ვაჭრობის სფეროში. არადა განათლების მიღება ეს არის სოციალური ურთიერთობის ფორმა. და მეორე – ბიზნესის იდეა ის არის, რომ მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. როცა სკოლა ბიზნესია, საქმიანობის სასურველი შედეგი არის არა ბავშვის აღზრდა, არამედ ფინანსური მოგება.

სად არის გამოსავალი, როცა საჯარო სექტორის შემოთვაზებული პირობები არ გაკმაყოფილებს და არც ის გინდა, რომ სავაჭრო ურთიერთობაში შეხვიდე კერძო სკოლის ადმინისტრაციასთან? 

– გამოსავალი არის რამდენიმე, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში მიაგნეს. მაგალითად ის რომ დააარსეს სკოლები, რომელიც არ არის მომგებიანი. ამერიკაშია გავრცელებული, ე.წ.  ჩარტერული ანუ ნახევრად დამოუკიდებელი სკოლები, რომელსაც ძირითადად საინიციატივო ჯგუფები აარსებენ გარკვეული კონცეფციიდან გამომდინარე. ეს არის შედარებით თავისუფალი სკოლა მაღალი სტანდარტებით, აქვს საჯარო დაფინანსება, მაგრამ სახელმწიფო მის მართვაში არ ერევა. მეტი თავისუფლება აქვთ ადამიანური პერსონალის დაქირავებაში, სასწავლო გეგმის განსაზღვრაში და სხვ. ასევე, ბევრი სკოლაა მშობლების მიერ დაარსებული. მშობლებმა დაარსეს, სწორედ იმიტომ, რომ არც სახელმწიფო სკოლები მოსწონდათ და არც ბიზნესმენებისთვის ფულის გადახდა უნდოდათ. ჩვენთანაც შეიძლება ეს მოძრაობა დაიწყოს. ვისაც ამის ორგანიზების დრო და სურვილი არა აქვს, გამოსავალს პოულობს იმაში, რომ საჯარო სკოლაში დაყავს ბავშვი, მაგრამ მერე მასწავლებლებს ქირაობს ანუ რაღაც პარალელურ სისტემას აშენებს. არც ეს არის მაინცდამაინც კარგი გამოსავალი, რადგან სკოლა ხდება უინტერესო და სოციალიზაციის გარდა ბევრს ვეღარაფერს აძლევს ბავშვს. სამწუხაროდ ეს მოცემულობა გვაქვს.

საჯარო თუ კერძო – როგორ ირჩევენ მშობლები სკოლას შვილებისთვის?

რა ჯდება და ღირს თუ არა კერძო სკოლაში სწავლა?

რა ღირს სწავლა კერძო სკოლაში

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური