GE

…როდესაც გაკვეთილს გააცდენდა ვინმე, „ძალიან გვაკლდიო“ – ეტყოდით ხოლმე – ბელ კაუფმანის წერილი მასწავლებელს

„მასწავლებლისადმი დაწერილ წერილში, მწერალი ბელ კაუფმანი თავისი წარსულის, მოსწავლეობის ხანის გახსენების პარალელურად თანამედროვე ამერიკაში არსებულ პრობლემებზე წუხს და პასუხს თავისი სათაყვანებელი მასწავლებლისგან ითხოვს. ეს რიტორიკული შეკითხვაა, რომლის პასუხი, იცის ბელ კაუფმანმა, რომ დიდი ხანი არ ექნება კაცობრიობას, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემს…“, – მაია მენთეშაშვილი, მასწავლებელი.

ბელ კაუფმანი (ამერიკელი მწერალი), წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს.

სასაწავლო პროგრამა უაზროა! აბა ვის რაში სჭირდება მათემატიკის სწავლა, როცა კომპიუტერი არსებობს?“ მოსწავლეთა აზრით, „მასწავლებლები მეტისმეტად არაგულწრფელნი არიან, გვმბრძანებლობენ”.

…მისტერ სტოკ, ყველაფერი შეიცვალა, სამყარო სულ სხვა გახდა, დღეს მაღალ წრეებში კორუფცია მეფობს, დღეს მთვარეზე მიფრინავენ ადამიანები, დედამიწაზე კი სიღატაკე სუფევს და გარემოც გაბინძურებულია.

მასწავლებლების ავტორიტეტი შეირყა, ჩვენი პედაგოგიური ხერხები აღარ ჭრის, ჩვენ ურთულესი საკითხების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ჩვენ არ შეგვიქმნია;

და თუ დერეფანში მორიგეობის, საპირფარეშოშო წესრიგის დაცვის, არეულობების წინასწარ თავიდან აცილებისა და სამ ცალად ანგარიშების წერის მიუხედავად ავად თუ კარგად მაინც ვასწავლით რაღაცას, ეს დიდი გამარჯვებაა…

…როდესაც გაკვეთილს გააცდენდა ვინმე, “ძალიან გვაკლდიო” – ეტყოდით ხოლმე.

თუ რომელიმემ გაკვეთილი არ იცოდა, საყვედურით გაიქნევდით თავს: “სამწუხაროა, ჩვენ შენი აზრის მოსმენა გვინდოდაო”.

როცა დაიგვიანებდა ვინმე, მისდათავად მიიჩნევდით, რომ საპატიო მიზეზით დაიგვიანა და ამიტომ აღარ ჰკითხავდით რასმე.

თქვენ ყოველთვის ტოლებივით გვეპყრობოდით და თქვენს გაკვეთილებზე ჩვენც დიდებად ვგრძნობდით თავს.

“კაზუისტიკას ერიდეთო”, – შეგეძლოთ გეთქვათ, რაკი გულისხმობდით, რომ ან ვიცოდით ეს სიტყვა ან ყველანი დავიწყებდით აქა-იქ მერხებზე დაწყობილ ლექსიკონებში ქექვას. და ჩვენც ვიქექებოდით ლექსიკონებში…

თქვენ მართლა გწამდათ ჩვენი.

თქვენ უფრო ადრე იყავით გულწრფელი, ვიდრე ამ სიტყვას ეჭვის თვალით შეხედავდნენ, შემწყნარებელი – ვინემ ეს სიტყვა კლიშედ იქცეოდა.

ბავშვს ვერ გამოაპარებ სიყალბეს.

ბავშვი ისევე არჩევს სწორსა თუ მრუდეს, როგორც ის, ვისაც წრფელი სიყვარული შეუძლია.

არ გვიმალავდით იმასაც, რა გიყვარდათ ან გიტაცებდათ ლიტერატურიდან. თქვენ არ გრცხვენოდათ იმის გამჟღავნება, რომ ლექსი გაღელვებთ, არ გეშინოდათ რაიმეზე გეთქვათ – მშვენიერიაო.

ეს ის დრო იყო, როცა ღვიოდა სწავლის ენთუზიაზმი, როცა მასწავლებლები უჩვეულო, განსაკუთრებულ ადამიანებად გვეხატებოდნენ, როცა არამარტო სიჩუმეს, სრულ მორჩილებასაც მოითხოვდნენ, როცა კევის ღეჭვა წესრიგის დარღვევად ითვლებოდა, მასწავლებლისთვის ნათქვამი “რას ახუჭუჭებ!” – წარმოუდგენელ სითავხედედ.

ახლა, როცა თვითონ მხვდა წილად მასწავლებლობა, გასაოცარი სევდით ვიხსენებ იმ დღეებს.

მისტერ სტოკ, ყველაფერი შეიცვალა, სამყარო სულ სხვა გახდა.

რა ვასწავლოთ?

მისტერ სტოკ, თქვენ რას ასწავლიდით ბავშვს, რომელიც გამოგიტყდებათ: “ჩემს სახლში ისეთი ამბავია, ათესვა მომიხდება”.

ან რა მომავლის გეგმები უნდა ჰქონდეს ბიჭს, რომელმაც დაწერა – “ჩემს მომავალზე ჯობია საერთოდ არ ვიფიქრო”…

ერთხელ მოწაფეებს შევთავაზე დაეწერათ წინადადება – “მე მყავდა მასწავლებელი, რომელიც…” და მოიგონეთ, იმ მასწავლებელზე კარგი რა გახსოვთ-მეთქი.

იცით რა დაწერეს?

“არ იყო შარიანი. თუ ადამიანურად მომთხოვდა, არ ვაწბილებდი”.

“თუ სწავლა მიჭირდა, არ მაგრძნობინებდა ბრიყვი ხარო. იგი ნიშნებით კი არ მაფასებდა, მე მისთვის პიროვნება ვიყავი”.

“კი არ ლაყბობდა, გულწრფელად მელაპარაკებოდა”.

“დაწყებით სკოლაში მასწავლიდა და ერთხელ, ქარბუქში, თავისი ასპროცენტიანი ქიშმირის შარფი მათხოვა”.

“დარტყმული იყო და უფრო ჭკვიანი ვეგონე, ვიდრე ვიყავი, ამიტომ მეც ჭკვიანად უნდა მეჩინა თავი”.

დღემდე ვინახავ საწერი მაგიდის უჯრაში ჩემთვის ძვირფას საშობაო ბარათს. მასზე ცირკის სპილოა წითელი ჟილეტით და ზედ აწერია: “მე მუდამ მახსოვს”. ქვემოთ კი ფანქრითაა მიწერილი:

“როცა ციხიდან გამომიშვეს და კლასში დავბრუნდი, თქვენ არც კი გიკითხავთ ჩემთვის, რატომ ჩაგსვესო, მხოლოდ ეს მითხარით: “შემოდი, გეთაყვა” და რვეული მომეცით. ძალიან გთხოვთ, არ დამივიწყოთ. მე არასოდეს, არასოდეს დამავიწყდებით. თქვენი მოწაფე სეი…”

მისტერ სტოკ, დღეს ალბათ თქვენც გაგიძნელდებოდათ მასწავლებლობა, მაგრამ ვიცი, არ შეშინდებოდით, არც თვალს დახუჭავდით ყველაფერზე და არც ლაქლაქს მოყვებოდით.

ყველა ბავშვი თქვენთვის დღესაც პიროვნება იქნებოდა…

თქვენნაირი მასწავლებლები ყოველთვის იქნებიან, ვიდრე არიან ბავშვები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან: “ოდესღაც მე მყავდა მასწავლებელი…”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური