GE

თეატრი, როგორც თხრობის უნარის განვითარების საშუალება და მოტივაცია მოსწავლეებისათვის

ავტორი: სოფო ბუბუნაური, სსიპ ქალაქ თბილისის #45 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

თხრობის უნარის დახმარებით ადამიანი გადმოსცემს წაკითხულისა და მოსმენილის შინაარსს, რისთვისაც საჭიროა მისი განვითარება. თხრობის დროს ვიცავთ მის სტრუქტურას: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. მნიშვნელოვანია, მოვლენების ქრონოლოგია დაცული იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თხრობისას ინტონაცია, პაუზები, ემოციები, ამას კი სჭირდება ყოველდღიური მუშაობა.

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მოსწავლეთა მოტივაცია. შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ სურვილი და მოტივაცია ისწავლონ გაკვეთილი თხრობით, ან გადმოსცენ ინტონაციითა და ემოციებით. ასეთ დროს მასწავლებელი გარდა თხრობითი უნარის გასაუმჯობესებელი აქტივობებისა, ფიქრობს თუ რა შესთავაზოს მოსწავლეებს ისეთი, რომ ერთდროულად კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაც შეძლოს, თან მოსწავლეთა მოტივაცია და შესაბამისაც ჩართულობაც მაღალი იყოს.

სასწავლო წლის დასაწყისიდან შეინიშნებოდა, რომ ჩემს მოსწავლეებს არ ჰქონდათ მოტივაცია ტექსტის თხრობით სწავლის, რასაც მშობლებიც ადასტურებდნენ. თხრობისას არასაჭირო და დიდ პაუზებს აკეთებდნენ, პრობლემები იყო ინტონაციის დაცვასა და ემოციების გამოხატვაში. მეორე კლასის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ტექსტის მოცულობა შედარებით გაიზარდა და აქტიურად უწევდათ ბავშვებს ტექსტების თხრობა, გამოიკვეთა 2 ძირითადი პრობლემა:

1. ბავშვებს უჭირდათ ტექსტის შინაარსის გადმოცემა გამართულად, ინტონაციით და შესაბამისი ემოციით.

2. ტექსტის თხრობით სწავლა არ იყო მათთვის სასიამოვნო პროცესი, რაც თხრობის უნარის განვითარებას აფერხებდა.

შევიმუშავე პროექტი, რომელიც ერთი მხრივ გააუმჯობესებდა მოსწავლეებში თხრობის უნარს და მეორე მხრივ, პროცესში მოსწავლეები მოტივირებულები იქნებოდნენ.

პროექტი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში და დასრულდა დეკემბრის ბოლოს, ჩვენი თეატრით.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები მოთხრობებისა და ზღაპრების თხრობას წარადგენდნენ თეატრალიზებულად.

1. პერსონაჟები „უცნაური მგზავრიდან“, ავტორი პაატა მამფორია

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა „უცნაური მგზავრი“ ისწავლეს კითხვით, დამუშავდა: ტექსტის გააზრება, ლექსიკური ერთეულები, პერსონაჟის დახასიათება და ა.შ, თხრობის ჯერიც მოვიდა. ამოიბეჭდა ფერადი სურათები, დაწებდა კარდონის ქაღალდებზე, გამოიჭრა და ხელის მოსაკიდებელი დაუმაგრდა პერსონაჟებს. სიტყვის სკივრიც დამზადდა, რადგანაც უცნაური მგზავრის განუყრელი ნივთია და მასზეც არის დიალოგი ტექსტში. სამი მოსწავლე გამოვიდა და მოთავსდა მერხთან, რომელიც უყურებდა დანარჩენ მოსწავლეებს. ერთ მოსწავლეს აქვს მთხრობელის როლი, მეორეს – უცნაური მგზავრის, ხოლო მესამეს – აეროპორტის თანამშრომლის. მთხრობელს გამოჭრილი პერსონაჟი არ ჰყავდა, თუმცა შესაძლებელია ერთი პერსონაჟი დამზადდეს და ნებისმიერი ტექსტის თხრობაში მიიღოს მონაწილეობა. აიღეს დამზადებული პერსონაჟები. თხრობა დაიწყო მთხრობელმა, ხოლო სხვა პერსონაჟები მაშინ ჩაერთნენ და აამოძრავეს თოჯინები, როცა მათი საუბრის ჯერი დადგა ტექსტის მიხედვით. დავალება ასეთი იყო, თხრობისას პერსონაჟები ემოძრავებინათ, ინტონაცია ეცვალათ და ემოციები გამოეხატათ, სადაც საჭირო იყო. მაგ; მორიგე თანამშრომელს უნდა გამოეხატა დიალოგის დროს გაკვირვება, გაოგნება.

ბავშვებს უხაროდათ პერსონაჟების დახმარებით წარმოდგენის გამართვა. ჩრდილების თეატრიც დაიგეგმა მათი მონაწილეობით, თოჯინების თეატრი მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი რომ არ გამხდარიყო და ამას მათ მოტივაციაზე არ ემოქმედა. თოჯინების თეატრისთვის დაიბეჭდა ფერადი პერსონაჟები, ხოლო ჩრდილების თეატრისთვის – შავ-თეთრი, შემდეგ გაფერადდა შავი ფერის საღებავით.

2. თოჯინებისა და ჩრდილების თეატრი, „ჭიანჭველა და ფუტკარი“, ტექსტის ავტორი იაკობ გოგებაშვილი

„ჭიანჭველისა და ფუტკრის“ შემთხვევაშიც ჯერ შეისწავლეს, გაიაზრეს ტექსტი. შემდეგ მომზადდა მოსწავლეებთან ერთად პერსონაჟები. თოჯინების თეატრის პერსონაჟები იგივენაირად მომზადდა, როგორც წინა შემთხვევაში. რაც შეეხება ჩრდილების თეატრს, მომზადდა ჩარჩო, რომელზეც გავაკარით პერგამენტის ქაღალდი, რადგანაც მასზე ჩრდილები უკეთესად ჩანს, ამის შემდეგ პერსონაჟები დაიბეჭდა, გამოიჭრა და შავი ფერის საღებავით შევღებეთ. ტექსტის თხრობისთვის ისევ სამი მონაწილე ემზადება, თუმცა ორიც შეიძლება. ერთად ირჩევენ, გაკვეთილს თოჯინების თეატრის დახმარებით მოგვიყვებიან, თუ ჩრდილების. განათება ჩაირთო, პერსონაჟები მოამზადეს და შეუდგნენ თხრობას, ამოძრავებენ პერსონაჟებს, ადგილს უცვლიან, თან გაკვეთილს გვიყვებიან და თან თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავენ. მოსწავლეების უმრავლესობამ ჩრდილების თეატრით გადაწყვიტა წარედგინა მოთხრობა.

მათთვის ჩრდილების თეატრიც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ყოველ მომდევნო თხრობას დიდი სიხარულით ელოდებოდნენ.

3. ჩრდილების თეატრი ტექსტიდან „როგორ იყიდა ულემ ელვა“, ავტორი ასტრიდ ლინდგრენი

კადრი ჩრდილების თეატრიდან „როგორ იყიდა ულემ ელვა“. გარდა პერსონაჟებისა, შეიქმნა ულეს და ძაღლის სახლი, ხეები გარემოსთვის. ძაღლის პერსონაჟი ამჯერად ხელით წარმოადგინეს ბავშვებმა, რაც სიახლე იყო და ასევე სახალისო.

4. ჩვენი საახალწლო თოჯინების თეატრი

პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, პროექტის შეჯამებისთვის კი საახალწლოდ დავგეგმეთ თეატრის მოწყობა ჩვენს კლასში. მოსწავლეთა ნაწილმა სპექტაკლი თავად წარადგინა შესაბამისი კოსტიუმებითა და დეკორაციებით, ნაწილმა კი – თოჯინების დახმარებით.

სცენარი მოვიძიეთ, პერსონაჟების დამზადებაში კი მშობლები დავიხმარეთ. სცენარის მიხედვით ახალი წელი იგვიანებს, პერსონაჟი ბავშვები ცდილობენ, რომ ლექსების დახმარებით მოიყვანონ, მართლაც გამოუვათ, ახალი წელი ნამდვილად დადგება. შემაჯამებელი თეატრალური წარმოდგენა 2-3 წუთს გაგრძელდა.

ბავშვებისთვის სახალისო და მამოტივირებელია, როცა ირგებენ ხან მსახიობის, ხან მწერლის, ხანაც სხვა მათთვის საინტერესო როლს. პროექტმა შედეგი გამოიღო, რადგანაც მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულები ესწავლათ ტექსტი თხრობით, რადგანაც სურდათ თეატრში მონაწილეობის მიღება. დაიხვეწა მათი თხრობის სტილი, უფრო მეტად ამახვილებდნენ ყურადღებას თხრობისას ინტონაციას და პაუზებს.

ასევე იხილეთ:

რას მივაღწიე მოსწავლეებთან ინგლისური ენის ამ მეთოდებით სწავლების შემდეგ – სკოლის დირექტორი საკუთარ გამოცდილებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური