GE

როდის ჩატარდება მობილობის მსურველი სტუდენტების გამოცდა – „ნაეკის“ პასუხი

სტუდენტთა მობილობის წესში განხორციელებული ცვლილებით, თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს (ეროვნულ გამოცდებზე ავტ.) მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი ან საგნები.

ცვლილებიდან გამომდინარე EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენი მობილობის მსურველი სტუდენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და როდის ჩატარდებოდა მათი გამოცდა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში 4 ივნისს განგვიმარტეს, რომ მობილობის მსურველი სტუდენტებიც აბიტურიენტების მსგავსად რეგისტრირდებიან, საგნის არჩევისას კი მიზანს არ უთითებენ და არც გამოცდა უტარდებათ ცალკე.

„ეს ადამიანებიც რეგისტრირდებიან ზუსტად ისევე როგორც აბიტურიენტები. ჩვეთან საგნების არჩევისას არ უთითებენ მიზანს (მობილობის მიზნებისთვის აბარებენ თუ რისთვის). რაც შეეხება გამოცდა როდის ექნებათ, მათ ასე, ცალკე არ უტარდებათ და აბარებენ ზუსტად ისე და იმ პერიოდში, როგორც სხვები. ჩვეთან საგნების არჩევისას არ უთითებენ მიზანს -მობილობის მიზნებისთვის აბარებენ თუ რისთვის“, – განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ამავე საკითხზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის დროს უნივერსიტეტის შეცვლის სურვილი 1 851-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 172 სტუდენტს მობილობაზე უარი ეთქვა. რამდენ პირს ეხება ამ მსურველებიდან გამოცდის ჩაბარება მონაცემები არც ემისს აქვს.

სხვა უნივერსიტეტში გამოცდით ან გამოცდის გარეშე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ კი, როგორც გავარკვიეთ, 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა აგვისტოში დაიწყება.

ვის მოუწევს გამოცდის ჩაბარება მობილობის დროს – ცვლილება შესაბამის წესში უკვე განხორციელდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური