როდის ეთვლება მოსწავლეს კლასი და საფეხური დაძლეულად – როგორ უნდა შეფასდეს ის
ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს როდის ეთვლება მოსწავლეს კლასი და საფეხური (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური, ავტ.) დაძლეულად და როგორ უნდა შეფასდეს იგი ამ საფეხურებზე.
კლასისა და საფეხურის დაძლევა
- კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში (3. V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.), რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია, მათ შორის 24-ე მუხლით განსაზღვრულ სკოლებში (საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები).
დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
ეროვნული სასწავლო გეგმა განმარტავს, რომ კერძო სკოლებს და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, დაადგინონ გაძლიერებული საგნის/საგნების დაძლევის ბარიერი, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერისა.
თუ მოსწავლემ კონკრეტულ კლასში ვერ გადალახა კერძო სკოლების და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების მიერ დადგენილი ბარიერი, მაგრამ დაძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.
რაც შეეხება ამ საფეხურებზე შეფასებას, დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ამგვარია:
- I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.
- V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.
- V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
- დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.
ასევე იხილეთ:
როდის და როგორ დაანგარიშდება მოსწავლეების პირველი სემესტრის ქულები – როგორია წესი და ვადები
რა უფლებებით სარგებლობს მოსწავლე სასკოლო გამოცდების ჩატარებისას და როგორია გამოცდის ტიპები სკოლაში
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება