როდის ეყოლება NAEC-ს ახალი ხელმძღვანელი? – დირექტორის მოვალეობას კახა ჯამბურია ასრულებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 1-ელი იანვრის შემდეგ დირექტორი აღარ ჰყავს და მის მოვალეობას კახა ჯამბურია, უკვე ყოფილი დირექტორის პირველი მოადგილე ასრულებს, რომელიც გასულ წლებში NAEC-ის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
კითხვაზე, როდის დაინიშნება გამოცდების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, 16 იანვარს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს, რომ ცენტრს ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ახალი კადრის დანიშვნის შესახებ ვერაფერს გვეტყვიან.
კითხვაზე პასუხი ვერც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მივიღეთ, სადაც მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება, ამ ეტაპზე კი ვერ აზუსტებენ, განახორციელა თუ არა გიორგი ამილახვარის უწყებამ რაიმე სახის იურიდიული ნაბიჯები ახალი კადრის წარდგენისთვის.
NAEC-ის დებულებაში ვკითხულობთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს განათლების „მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“. ხოლო რამდენ ხანს შეიძლება ცენტრს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავდეს, ეს დებულებაში არ კონკრეტდება.
დირექტორის უფლება-მოვალეობები ასეა გაწერილი:
-დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებაზე.
-დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ცენტრის მუშაკთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულებით.
-საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით დირექტორი მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს. დირექტორი ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს.
-დირექტორი უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს.
-დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
-დირექტორი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.
-სამინისტროს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.
-შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.
ამავე თემაზე:
გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თანამდებობას ტოვებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება