როდის გამოვიყენოთ წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, კითხვით-ძახილის ნიშანი, მრავალწერტილი, ორწერტილი, ტირე, ფრჩხილები და ბრჭყალები
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
წერტილი; კითხვის ნიშანი; ძახილის ნიშანი; კითხვით-ძახილის ნიშანი; მრავალწერტილი; ორწერტილი; ტირე; ფრჩხილები; ბრჭყალები.
ა. წერტილი იწერება
1. თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი იწერება:
დრო გავიდა. ნიკა გაიზარდა. ის საუკეთესო პიროვნება დადგა.
2. შემოკლებისას
ე. ი.
წერტილი არ იწერება:
1. სათაურის ბოლოს;
2. ციტატის ბოლოს, როცა მას მოსდევს ფრჩხილებში ჩასმული მითითება, ავტორის, წყაროს დასახელება: „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა” (შექსპირი).
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
ნიკა კარგი ბიჭია
პროფ გამცემლიძე ჩემი ლექტორია
ნათიამ გუშინ დამირეკა
თეონა ჩემი ახლო მეგობარია
„რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები” (გალაკტიონი)
ბ. კითხვის ნიშანი
კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი იწერება. მაგ.:
რა გინდა? რომელი საათია?
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
რას აპირებ
შენ არ მოხვალ
ეს ბავშვი შენი შვილია
რას წერ
რა გინდა
არ დაიღალე
არ გშია
გ. ძახილის ნიშანი
ძახილის ნიშანი დაისმის:
1. ძახილის წინადადების ბოლოს:
როგორ მომწონს!
2. ბრძანებითი წინადადების ბოლოს:
მისმინეთ! გაჩუმდით!
3. მიმართვასთან, თუ ის ცალკეა, ან წინადადების თავსა თუ ბოლოშია:
დავით! – დაუძახა მასპინძელს.
4. და შორისდებულებთან, თუ ისინი წარმოთქმულია დიდი გრძნობით:
ვაშა! ვაშა! – ყვიროდნენ ახალგაზრდები.
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. რა ლამაზია
2. როგორ დავიღალე
3. ბრავო ბრავო – ყვიროდა მაყურებელი
4. ნიკო – დაუძახა თავის ვაჟს
5. მოიცადეთ ხმას ნუ იღებთ
6. არ მომწონს, სხვა შემოიტანე
დ. კითხვით-ძახილის ნიშანი
კითხვისა და ძახილის ნიშნები ერთად იმ შემთხვევაში იწერება, როცა კითხვასთან ერთად გამოხატულია გაკვირვება, აღტაცება… მაგ.:
სად მიდიხარ, ნინო?! რატომ კამათობ, ყმაწვილო?!
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. რატომ არ მოხვედი, მაკა
2. საიდან რეკავ, ერეკლე
3. რატომ მეჩხუბები, მარია
4. ნუთუ ჯერ არ გისადილია
5. ეს საიდან მოიტანე
ე. მრავალწერტილი
მრავალწერტილით აღინიშნება:
1. როცა სათქმელი არასრულადაა წარმოდგენილი, დაუმთავრებელია, შეწყვეტილ-დაყოვნებულია ან ნაწილ-ნაწილ წარმოითქმის:
შენ.. შენ… შენ მოხვედი, რომ… რა… რა გინდა?
2. არასრული ციტირება:
„დედაო ღვთისა, მზეო მარიამ…“ – მიმართავს პოეტი ღვთისმშობელს.
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. მას მას მას არ უნდა ეთქვა
2. ნიკას ნიკას არა ხმას აღარ ამოვიღებ
3. “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“ – ამბობს ილია
ჭავჭავაძე
4. აქამდე ხმას არ ვიღებდი ყველაფერს ვითმენდი ახლა კი აღარ შემიძლია.
5. დედ უნდოდა ეთქვა მერის, მაგრამ ვერ ახერხებდა
ზ. ორწერტილი
ორწერტილი დაისმის:
1. შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების ჩამოთვლის წინ, თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელი (გამაერთიანებელი) სიტყვის შემდეგაა:
ყველაფერი ვიყიდე: ბოსტნეული, ხილი, ყველი, ტკბილეული.
2. რთული წინადადებაში, როცა მეორე ნაწილი გადმოგვცემს პირველის ვრცელ, გაშლილ ახსნა-განმარტებას, მიზეზს, მიზანს ან შედეგს, განმარტავს პირველი ნაწილის მნიშვნელობას:
შეხვედრა ორ დღეში იყო დანიშნული: უნდა გადაეწყვიტათ დამნაშავის ბედი.
3. პირდაპირი ნათქვამის წინ, თუ ის ავტორის სიტყვების შემდეგაა:
დაუძახა: – სად მიდიხარ?
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. დედამ ყველაფერი მოამზადა სახლი დაალაგა, ნამცხვარი გამოაცხო, სარეცხი დარეცხა
2. მე გავაკეთე ქართული კერძები ბაჟე, საცივი, ისპანახის ფხალი
3. მასპინძლები ორ საათში მოვლენ ხვალინდელი მოლაპარაკებების პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ
4. გასძახა – მანდ რას აკეთებ?
5. დედამ შეხვედრა 5 საათზე დანიშნა ჩემ შესახებ მასწავლებელთან უნდა ესაუბრა
თ. ტირე
ტირე იწერება:
1. შემასმენლის გამოტოვებისას:
ნიკას ფეხბურთი უყვარს, თემურს – რაგბი.
2. როცა შედგენილ შემასმენელში გამოტოვებულია ზმნური ნაწილი (მეშველი ზმნა) ან კავშირი:
ეს ჩემი მანქანაა, ის – ჩემი უფროსის.
3. განმაზოგადებელ სიტყვასთან შერწყმულ წინადადებაში, როცა განმაზოგადებელ სიტყვა ერთგვარი წევრების შემდეგაა წარმოდგენილი:
დედა, მამა, ბებია – ყველა ძალიან ღელავდა.
7. დიალოგების მონაწილეთა ყოველი ნათქვამის დროს:
– ვის ურეკავ?
– ნოდარ აბულაძეს.
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. შენ რა გქვია
მე ეკა შენ რა გქვია
მე რობერტი ვარ
რობერტ, სადაური ხარ
მე ქართველი ვარ, შენ
2. თეა ქართველია, ემა სომეხი
3. ცეკვა, სიმღერა, დაკვრა ყველაფერი ეხერხებოდა
4. ეს ნუცას ჩანთაა, ის ელენესი
5. ტორტი, შოკოლადი, ღვეზელი ყველაფერი მიყვარს
ი. ფჩხილები
ფრჩხილებში ჩაისმის:
1) სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომლებიც განმარტავენ წინა სიტყვის მნიშვნელობას:
თქვენი რეზიუმე (სამოტივაციო წერილი) უკვე განვიხილეთ.
2) ჩართული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც იძლევა დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას თუ შენიშვნას ძირითადად წინადადებაში გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით:
ნესტანმა (ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა) პრეზენტაცია გამართა.
3) მსმენელთა რეაქცია სტენოგრაფიულ ჩანაწერებში:
მაგალითად:
(ტაში), (შეძახილები), (მქუხარე ტაში), (სიცილი), (გამოცოცხლება დარბაზში).
4) რემარკები დრამატულ ტექსტში:
რეზო (დადის ოთახში): – რა ბედნიერი დღე გამითენდა.
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. პროფესორმა ქავთარაძემ ჩვენმა ლექტორმა გამოცდა ჩაიბარა
2. თეამ ჩემმა კოლეგამ ახალი მანქანა იყიდა
3. თაიას ჩემს მასწავლებელს სამი შვილი ჰყავს
4. იაკობს ამ სახლის მშენებელს საუკეთესო ინჟინრის სახელი აქვს
5. თბილისი საქართველოს დედაქალაქი ჩემი საყვარელი ქალაქია
კ. ბრჭყალები
ბრჭყალებში ჩაისმის:
1. უცვლელად მოყვანილი ციტატები, სხვისი გამოთქმები:
რუსთაველმა ბრძანა: „ლეკვი ლომისა სწორია“.
2. წიგნის, ჟურნალ-გაზეთების, ორგანიზაციის, დაწესებულების, ნაწარმოების, კინოფილმის, სპექტაკლის, ტრანსპორტისა თუ სხვათა სახელწოდებები:
სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“; კინოფილმი „მიმინო“.
3. ირონიულად ნათქვამი, მოძველებული სიტყვები, ვულგარიზმები და ბარბარიზმები:
მოულოდნელად თავისი „დულსინეა“ შენიშნა;
„სტროიკაზე“ შეხვდნენ ერთმანეთს;
რაღაცაზე „კაიფობდნენ“.
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
1. ფილმი მონანიება ძალიან პოპულარულია
2. მისი ღადაობა არ მომწონს
3. გაზეთი ქრონიკა არ წამიკითხავს
4. ის ხშირად იმეორებდა ვაფშეს და ოქეის
5. სპექტაკლი კავკასიური ცარცის წრე წარმატებით იდგმება სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე
6. ნუ ჟულიკობ, ვახტანგ
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
- ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ by გრამატიკული ცნობარი
- ზედსართავი და რიცხვითი სახელების მართლწერა – სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი