GE

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია – ფსიქოლოგის რჩევები

მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან ჩივილი მოსწავლეების დაბალი მოტივაციისა და სიზარმაცის შესახებ იშვიათი მოვლენა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით სკოლებში სხვადასხვა სახის სწავლებები დაინერგა, ახალგაზრდების ნაწილს საგაკვეთილო პროცესში ჩართვის სურვილი, დროდადრო ან რაღაც ეტაპზე, მაინც უქრებათ ხოლმე.

ამ თემაზე EDU.ARIS.GE  ფსიქოლოგი თამუნა გოგოლაძე ესაუბრა. თამუნა ფიქრობს, რომ ადამიანის მოტივაციის დაქვეითებას და გაზარმაცებას ყოველთვის აქვს წინაპირობები/მიზეზები, რომელთა გამორკვევის გარეშე, მოსწავლის გააქტიურება რთული წარმოსადგენია.

„პირველ რიგში უნდა გამოვარკვიოთ სიზარმაცის მიზეზები, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ფსიქო-სოციალური ფაქტორებით, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებით. შეიძლება ბავშვი განიცდიდეს ოჯახში მიმდინარე მოვლენებს და ამის გამო ვერ ახერხებდეს სწავლაზე კონცენტრირებას, ან შეიძლება თანატოლებთან ჰქონდეს პრობლემები. თუ ესეც გამოირიცხა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა სირთულეებს ხვდება მოსწავლე სწავლის პროცესში“, – ამბობს თამუნა.

ფსიქოლოგის აზრით, სწავლის მიმართ ინტერესს ბავშვები ძირითადად მაშინ კარგავენ, როცა საკუთარი თავის რწმენა აღარ აქვთ. თამუნა რჩევებს სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე გვაძლევს:

„მშობლებმა და მასწავლებლებმა არ უნდა აიძულონ ბავშვებს სწავლა, რადგან ძალადობა ვერ მოიტანს გრძელვადიან შედეგებს. სჯობს, ბავშვებთან საუბრით გამოვარკვიოთ სიზარმაცის მიზეზები და ნელ-ნელა დავაბრუნოთ ბავშვი თვითგანვითარების გზაზე, რომელიც არ უნდა იყოს მისთვის თავსმოხვეული. უნდა შევძლოთ, მოსწავლეს გამოვარკვევინოთ საკუთარი მიზნები და დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მას ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება.»

„სწავლის მოტივაციის ამაღლება შეიძლება მხოლოდ ბავშვის ინტერესების შესწავლის შემდეგ. თუმცა ამისთვის საჭიროა, შევეგუოთ აზრს, რომ უფროსების და მოსწავლეების ინტერესები შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, და რომ უპირატესი იმის ინტერესებია, ვისი მოტივაციის ამაღლებაც გვსურს, რადგან სხვანაირად ჩვენ ვიქცევით საფრთხეებად მისი თავისუფალი აზროვნებისა და ზოგადად, თავისუფლებისთვის.“

„უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის შინაგანი მოტივაცია და არა – სხვადასხვა ჯილდო. როცა ბავშვი დაინახავს, რომ ის იმ გზაზეა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მის შინაგან ბუნებას, ექნება საკუთარი რესურსების გამოყენების მოტივაცია. სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს ვიძალადოთ მასზე, რათა აკეთოს ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ მის საკეთებლად.»

ფსიქოლოგის აზრით, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენში მოკავშირეს, მხარდამჭერს და დამხმარეს ხედავდეს. სხვანაირად, მასთან ურთიერთობის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

მოტივაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური