როგორ ჩაატარებდა გაკვეთილს სოკრატე თქვენს საკლასო ოთახში? – რესურსი მასწავლებლებისთვის
თუ ვინმე გეტყვით, სოკრატეს ნაშრომებს ვკითხულობო, იცოდეთ, გატყუებთ, რადგან მას არაფერი არ დაუწერია. ფეხშიშველა მოხეტიალე ამ ბერძენი ფილოსოფოსის სემინარების მთავარი პრინციპი კითხვების დასმა იყო. სოკრატესეული მეთოდი გულისხმობს მიმდევრების, მოსწავლეების ჩართვას კითხვებზე პასუხების გაცემასა და ამ გზით ცოდნის აგებას. ინტელექტუალური დიალოგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ახალი იდეების გენერირებას, მეტყველების, აზრის სწორად ჩამოყალიბების უნარს, იზრდება მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და მოტივაცია, მოზარდი სწავლობს კამათის ხელოვნებას.
სოკრატეს სემინარი არ ჰგავს ტრენინგს ან ლექციას, სადაც ლიდერის პოზიციაში დაფასთან მდგომი ერთი პიროვნებაა. მისი მეთოდი ამაზე გაცილებით მეტის მომცემია, რადგან აქ სტუდენტებს აქვთ საკითხის კოლექტიური გაანალიზების, მსჯელობის საშუალება, თუმცა ეს არ არის სტანდარტული დებატები. მათი სასაუბრო თემები არ შემოიფარგლება მხოლოდ კურიკულუმებითა და გეგმიური საკითხებით. სემინარი მით უფრო შედეგიანია, რაც მეტია მისი ბუნებრივობა, ინტერესი და დიდია მოსწავლეთა ჩართულობა. ასეთი გაკვეთილის მთავარი მიზანია ყველამ გაიაზროს და ჰქონდეს პასუხი პედაგოგის შეკითხვაზე, მაგრამ ის ასევე მიზნად ისახავს მოსწავლეებში საკუთარი, განსხვავებული აზრის გაჩენას. მოკლედ რომ ვთქვათ, საუბრის პროცესში ხდება საკითხის გაშლა და არა მისი ჩარჩოებში მოქცევა. სემინარის მიზანი არა გაკვეთილის ჩანაცვლება, არამედ მისი სრულყოფაა. ის მოსწავლეებს ეხმარება საშინაო დავალებების, გაკვეთილების მნიშვნელობის გააზრებაშიც. ამ ტიპის სემინარის წარმატების ერთ-ერთი ნიშანი მოსწავლეების გუნდურობაა.
პედაგოგის როლი კი მრჩეველზე და ლიდერზე უფრო მეტია. მან უნდა გააკეთოს სწორი აქცენტები, წინა პლანზე წამოსწიოს მნიშვნელოვანი საკითხები. ის ხდება მწვრთნელი, მოსწავლეები კი – გუნდი. დროთა განმავლობაში მასწავლებელი უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება და მსაჯის ფუნქციას იძენს. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ თითოეული მათგანის სათქმელი მნიშვნელოვანია და არ უნდა დაელოდონ ინსტრუქციებს პედაგოგისგან, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კითხვები, რომლებიც მოსწავლეების მომზადებაში დაგეხმარებათ. მანამდე კი განვიხილოთ სოკრატესეული სემინარის ჩატარების 5 ნაბიჯი.
1.წაიკითხეთ და გაანალიზეთ ტექსტი.
2.პედაგოგი მოსწავლეებს სთავაზობს ეფექტური კომუნიკაციის გზებს და აძლევს ამოცანებს.
3.იწყებს კითხვების დასმას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიალოგი არ უნდა წარიმართოს თქვენსა და ერთ მოსწავლეს შორის. კითხვები უნდა დასვათ შეპარვით, გარკვეული დროის ინტერვალით და იმ ფორმით, როგორადაც იმ სიტუაციაში თქვენი მოსწავლეების დაინტერესებას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იყოთ დამაჯერებელი და ბუნებრივი. თქვენს შეკითხვებში უნდა იგრძნობოდეს მათი პასუხების ინტერესი და არა მოვალეობის მოხდა.
სცადეთ, დასვით ეს შეკითხვები და დაელოდეთ, როგორ ითამაშებენ მოედანზე:
-რა კითხვებზე ვცდილობთ პასუხების მიღებას? რაში გვჭირდება ისინი?
-ახსენით მეტაფორულად ან არგუმენტებით.
-რას გულისხმობ ამ არგუმენტში?
-შეგიძლია, იპოვე ტექსტში ის არგუმენტი, რომელიც შენს მსჯელობას ამტკიცებს?
-მაგრამ რას იტყვით (კონტრარგუმენტი , ეპიზოდი ტექსტიდან) … შესახებ?
-ვფიქრობ, ჩვენ დავკარგეთ საღი აზრი. იქნებ, ვინმემ საკითხის განსხვავებული ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინოს.
-ახლა, ვინც გვისმენდა და საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს, რას ფიქრობთ მათ მსჯელობაზე?
4.სემინარის ბოლოს შეაფასეთ მათი მიღწევები
5.დაავალეთ წერილობით გააანალიზონ საკითხი და ახსნან თუ როგორ მივიდნენ ამ აზრამდე.
სოკრატული სემინარების თავისებური მეთოდი აქვს პედაგოგ ფეიჯ ფრაისს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას ვიდეო-რგოლით გვიზიარებს და ამბობს, რომ დისკუსია უფრო ეფექტურია, როცა მოსწავლეები წრეზე, ერთმანეთთან ახლოს სხედან და მათი რაოდენობა არ აჭარბებს 13-ს:
“მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრს ჰქონდეს მსჯელობის განვითარების საშუალება, რისთვისაც ჯგუფში 8-13 მოსწავლე უნდა იყოს. მთავარი ფოკუსი კეთდება იმაზე, რომ მოსწავლეებს სწორად დავუსახოთ მიზნები. გირჩევთ, ჩამოწეროთ ისინი დაფაზე და ნათლად აუხსნათ, თუ რას მოითხოვთ მათგან“, – ამბობს ის.
მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოსწავლეები ორ ჯგუფად გაყოთ, რომელთა ნაწილი მსმენელისა და შემფასებლის როლში იქნება და მათ საკუთარი მოსაზრებების ჩანიშვნა დაევალებათ.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: authenticeducation.org; paideia.org