როგორ ცვლის მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობას ახალი სკოლის მოდელი – გამოწვევები და პერსპექტივები
“ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2019 წლიდან საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში ეტაპობრივად დაინერგა მიდგომები, რომლებსაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის უნდა შეეწყო ხელი. ამ რეფორმის ავტორებს 3 მიზანი აქვთ.
• სწავლა-სწავლების პროცესში გრძელვადიანი მიზნების როლის გაზრდა;
• სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნება;
• სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა.(პროგრამის კონცეფცია – „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“)
არსებული პროგრამის ქვეპროგრამას წარმოადგენს ე.წ ახალი სკოლის მოდელი, რომლის მიზანია ,,პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ხედვის შესაბამისი ცვლილებების შეტანა ზოგადი განათლების მართვის მექანიზმებში, სასკოლო კულტურასა და სასკოლო კურიკულუმებში’’.პროგრამის კონცეფცია-პროექტი 2018-2019 წლიდან ფუნქციონირებს. საპილოტე რეჟიმში თავდაპირველად 62 სკოლა იყო ჩართული, დღეს მათი რაოდენობა როგორც EDU.ARIS.GE-ს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ დაუზუსტა, ამ სემესტრის ბოლოს 600-ზე ცოტა ნაკლებია. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2024 წლამდე საქართველოს მაშტაბით ყველა სკოლამ ამ მოდელით უნდა იმუშაოს. პროგრამის ავტორები არ უარყოფენ, რომ მასწავლებლებსა და ზოგადად სკოლის ადმინისტრაციას განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ მხარმდაჭერთა ჯგუფთან ერთად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, თუმცა ეს კეთდება იმისთვის, რომ განათლების ხარისხის ზრდა მოხდეს.
EDU.ARIS.GE-მ მოიკვლია კონკრეტულად რა ევალებათ მასწავლებლებს ამ რეფორმით და რამდენად რეალურია იმ პედაგოგთა პრეტენზიები, რომლებიც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ დიდი და აუნაზღაურებელი შრომის გაწევა უწევთ, რაც მათ სამუშაო დროსაც ახანგრძლივებს და საქმიანობას უფრო დაძაბულს ხდის.
სკოლებს, რომლებიც ახლა შეუერთდნენ პროექტს უკვე სექტემბრის თვიდან ესტუმრებიან მხარდამჭერი ჯგუფები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გზავნის. ჯგუფი შედგება ოთხი წევრისგან: სასკოლო კურიკულუმის განვითარების ექსპერტი, სასკოლო კურიკულუმის განვითარების ექსპერტის თანაშემწე, საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი და ტექნოლოგიების ექსპერტები.
თითოეული სკოლისთვის მზადდება 1 ჯგუფი, რომელიც სემესტრის/წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს ადგილზე. კონსულტაციები მასწავლებლებთან და სკოლის წარმომადგენლებთან კვირაში ერთხელ, ან ორჯერ მიმდინარეობს.
რა ფუნქციები აქვთ მასწავლებლებს და ხომ არაა ეს სამუშაო ზეგანაკვეთური?
ახალი სკოლის მოდელის კონცეფციის დოკუმენტში ვკითხულობთ:
,,მასწავლებლები, გაიაზრებენ კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპებს და მათი სასწავლო პროცესში რეალიზების გზებს; შექმნიან ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიან მიზნებზე ორინტირებულ და მოსწავლეთა შესაძლებლოებზე მორგებულ სასკოლო კურიკულუმს; პრაქტიკაში განახორციელებენ მყარი და დინამიკური ცოდნის მაკონსტრუირებელ და კომპლექსური აზროვნების განმავითარებელ სასწავლო პროგრამას“.
ლოგიკურია დაისვას შეკითხვა, რამდენად შეუძლია ერთ მასწავლებელს ასეთი შრომის გაწევა და შეესაბამება თუ არა ის იმ ანაზღაურებას, რომელსაც მასწავლებელი იღებს.
ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ პროგრამაში ჩართულ, უკვე ყოფილ მასწავლებელს მიმართა.
ნინო 2019 წელს, საპილოტე რეჟიმში მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ახლა ის კერძო სკოლის ადმინისტაციის თანამშრომელია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროექტში 1 წელი იმუშავა, რაც საშინლად რთული იყო, რადგან სკოლიდან ზოგწერ 21:00 საათამდე ვერ მოდიოდა, ის სამუშაო კი, რომლის შესრულებაც სკოლის გარეთ უწევდა, არ ანაზღაურდებოდა. ამასთან ამბობს, რომ დამოკიდებული გახდა ინტერნეტზე და მხედველობა დაუზიანდა.
„ერთ წელზე მეტია ბათუმში გადავედი საცხოვრებლად ახლა იქ ვმუშაობ, ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლაში, რომელიც ამ პროგრამაში არაა ჩართული. იმდენად მძიმე ჯანმრთელობის პრობემები შემექმნა, რომ არც კი მინდა იმ პერიოდის გახსენება. საათობით ვისხედით და ვმუშაობით, ჯერ ვკითხულობდით რა და როგორ გაგვეკეთებინა, შემდეგ აზრებს ვცვლიდით. იყო კამათიც, სანამ ფურცელზე გადავიტანდით აზრს, იქამდე იმდენი ენერგია მიდიოდა იმაში რა როგორ ჯობდა… დაწყებული კურიკულუმიდან დამთავრებული კომპლექსურ დავალებამდე ყველაფერზე ფიქრი გვიწევდა. თუ კვირაში სამუშაოდ 15 საათი მქონდა, შემდეგ უკვე ერთ დღეზე მიწევდა ასეთი შრომის გაწევა.
ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ არაფერი ვისწავლეთ, პირიქით, ძალიან ბევრი გავიგეთ. თითოეული ექსპერტი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტექნოლოგიების სპეციალისტს, გვეხმარებოდა, თუმცა ისინიც გადაღლილები იყვნენ. პროცედურებში იმდენი დრო და ენერგია მიდიოდა, დარეკვა, ექსპერტებთან გადაგზავნა… არ მგონია რომ ვინმე არ იყო ჩემს მდგომარეობაში. ყველა მასწავლებელს პრეტენზიები გვქონდა. პირადად მე იმდენად დამღალა ამ ექსპერიმენტულმა საქმიანობებმა, რომ სხვა პოზიციაზე გადავედი სამუშაოდ. არ ვიცი, წარმატებას ვუსურვებ ყველა მასწავლებელს, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ იმდენად რთული სამუშაოს შესრულება მოუწევთ, არაა გამორიცხული ვერ გაუძლონ, ისევე როგორც მე ვერ გავუძელი’’, – ამბობს ყოფილი მასწავლებელი.
საკითხზე EDU.ARIS.GE-სთან ასევე ვრცლად ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორმა. ანი მეხუზლა ახალი სკოლის მოდელში 2019 წლის ბოლოდან არის ჩართული. ის რამდენიმე სკოლაში ერთდროულად მუშაობდა და კარგად აქვს შესწავლილი გამოწვევები, რომლების ადგილზე ხვდებოდა. ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პროგრამამ მასწავლებელი სასკოლო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართული და თანამშრომლური გახადა. მათ პროფესიულად უფრო მეტი ცოდნა მიიღეს, რაც დროისა და ენერგიის გამოყოფის გარეშე წარმოუდგენელი იყო. მისი თქმით, პედაგოგი მზად უნდა იყოს სირთულეებისთვის და თავადაც უნდა ასწავლოს, რათა შემდგომ სწავლება შეძლოს.
-ანი, პირველ რიგში თქვენი პრაქტიკიდან გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებები შეიტანა სასკოლო ცხოვრებაში ახალი სკოლის მოდელით სწავლებამ?
-მე ვფიქრობ, ეს იყო საჭირო ცვლილებები, რადგან „ახალი სკოლის მოდელმა“ შესაძლებლობა მისცა თითოეულ სკოლას თავად დაეგეგმა თავიანთი სასკოლო სასწავლო გეგმა/კურიკულუმი. სასკოლო საზოგადოებამ თავად უზრუნველყო სკოლის მდგრადი განვითარებას, რის შედეგადაც სასკოლო კურიკულუმის მიმართ კუთვნილების განცდა გაუჩნდება სკოლის თემის თითოეულ წევრს, რადგან როგორც გითხარით, რეფორმის განხორციელებაში ჩართულია მთლიანად სასკოლო საზოგადოება. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმა, რომელმაც საგანმანათლებლო პროცესის მთავარ ორიენტირად ბავშვი და მისი პიროვნული ძალების განვითარება გამოაცხადა. მანამდე გატარებულ რეფორმებს რომ გადავხედოთ, ნათლად დავინახავთ მკაფიო განსხვავებებს. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში გაუქმდა დასჯა-წახალისების მექანიზმები, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ გარეგან მოტივაციაზე და პრიორიტეტი გახდა შინაგანი მოტივაციის გაღვივება. სეგმენტირებული, დაქუცმაცებული სასწავლო შინაარსები შეიცვალა თემატურ სასწავლო გეგმებად, რომლებიც ორიენტირებულია გრძელვადიან მიზანზე და საკითხები არა ერთმანეთისგან მოწყევიტით, არამედ თემის ფარგლებში, სამიზნე ცნებასთან მიმართებით ისწავლება და მუშავდება თითოეული საკითხი, რის შესახებ ცოდნასაც მოსწავლე საბოლოო პროდუქტის შექმნით, კონკრეტულად კი კომპლექსური დავალების საშუალებით ადასტურებს. ყველაზე მნიშვნელოვანია გასიტყვების (პრეზენტაციის) პროცესი, თითოეული მოსწავლე ასიტყვებს საკუთარ შექმნილ კომპლექსურ დავალებას, რაც კორელაციაშია/მიემართება სამიზნე ცნებასა და მკვიდრ წარმოდგენებს. ოერიენტაცია საკითხების დიდი მოცულობის დაფარვისგან გადავიდა საკითხების სიღრმისეულად სწავლისაკენ, ბევრი, გაუაზრებელი, გადარბენით საკითხების სწავლება ჩაანაცვლა ცოტა გააზრებულმა, სიღრმისეულად და თემატურად დალაგებულმა სწავლამ, კონკრეტულიდან ზოგადისკენ, ნაცნობიდან უცნობისკენ, მოსწავლეების შესაძლებლობებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით, ისინი თავად მიდიან ცოდნის შენებამდე და ცოდნის პირობისეულ გამოყენებამდე.
-თქვენ ისაუბრეთ პროექტის დადებით მხარეებზე, არიან პედაგოგები, რომლებიც ჩვენთან საუბრისას აფიქსირებენ კრიტიკას და ამბობენ, რომ ის შრომა, რომელიც მათ გასწიეს წარმოუდგენლად აუტანელი იყო და არაანაზღაურებადი, ამაზე რას იტყვით?
-„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში უკვე 2 წელია ვმუშაობ და შეხება მქონია არაერთ სკოლასთან და პედაგოგთან. რა თქმა უნდა, არიან პედაგოგები, რომლებსაც არ აქვთ მიმღებლობა სიახლეებისადმი, თუმცა საბედნიეროდ, პრაქტიკაში არც თუ ისე მრავლად შემხევდრია მსგავსი პედაგოგები. მასწავლებელთა უმრავლესობა მზადაა სიახლებიის მისაღებად და აღნიშნავენ, რომ საგანმათლებლო სფეროში მუდმივი სიახლე და განვითარება მნიშვნელოვანია. ცხადია, გამოწვევად და ხელისშემშლელ ფაქტორად აღნიშნულ პრობლემას მაინც გამოვყოფდი, რომლის შეცვლაც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია და ვიტყოდი, რომ ბევრ სკეპტიკურად განწყობილ მასწავლებელში ცვლილებები უკვე დაწყებულია.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასკოლო გარემო/ინფრასტრუქტურა. პედაგოგების ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ „ცარიელი ხელებით“ უწევთ მუშაობა, თუმცა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა რესურსების ბანკი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული მსურველისათვის. რაც შეეხება სკოლის ტექნიკურ უზრუნველყოფას, ამ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა და ეტაპობრივად, ყველა სკოლა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკითა და რესურსებით.
-ანუ სიახლეებს ვერ უწყობენ ფეხს და ესაა სირთულე, თუ უბრალოდ დიდი სამუშაოს გაწევა უწევთ?
-რა თქმა უნდა, არსებობს მსავსი ტიპის გამოწვევა, განსაკუთრებით ონალინ-სწავლების დროს, როდესაც პედაგოგების სამუშაო დრო კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივდა. თუმცა, მსგავსი განცხადების ძირითადი მიზეზი მგონია ის, რომ პედაგოგების ნაწილისათვის კომპლექსური დავალება სასწავლო პროცესის მიღმა რჩება, მასწავლებელი სასწავლო პროცესს არ წარმართავს კომპლესური დავალებების მიხედვით და აღნიშნული ცალკე კომპონენტად შემოაქვს, ანუ ცალკე „საკითხების გადარბენით სწავლება“ და ცალკე კომპლექსური დავალება, რომელიც სულ სხვა საკითხსა და თემას ეხება, რაც, რა თქმა უნდა, ახანგრძლივებს მათ სამუშაო დროს. თუ მასწავლებელი საკუთარ სასწავლო პროცესს ისე დაგეგმავს, რომ ეს იქნება „სვლა ერთი კომპლექსურიდან, მეორე კომპლექსურამდე“ მათი სამუშაო დრო ნამდვილად არ გახანგრძლივდება.
ასევე, მასწავლებლები სამუშაო დროის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ტრენინგების ხანგრძლივობას ასახელებენ, თუმცა ტრენინგზე დასწრება არის ნებაყოფლობითი და როდესაც პედაგოგი ჩათლის, რომ ის აღარ საჭიროებს სამუშაო ჯგუფის მხრიდან მხარდაჭერას, მას აქვს შესაძლებლობა აღარ დაესწროს „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებს.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებს რომელთა სკოლებიც ახალი სკოლის მოდელში არიან ჩართულნი ანაზღაურება არ ემატებათ, რადგან თუ მათი სკოლა ჩართულია პროქტში, მათი მონაწილეობა სავალდებულოდ ითვლება, ამიტომ ისინი ვალდებულნი არიან ჩაერთონ პროცესებში და იმუშაონ როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთაც ყოველგვარი ბონუსების, კრედიტქულებისა და დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურების გარეშე.
ამავე თემაზე:
მოამზადა მზეო შველიძემ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება