GE

როგორ დავწეროთ კარგი ესე – 14 ნაბიჯი

ესეს წერის რამდენიმე გზა არსებობს. ამჯერად სტანდარტული ესეს წერის პრინციპს გაგაცნობთ.

ესეში ხშირად მეორდება აზრი, რასაც “ჰამბურგერის ესეს” სახელით იცნობენ. ეს ნიშნავს, რომ შესავალისა და დასკვნის პარაგრაფები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ესეს შუა, მთავარ ნაწილში შევხვდებით. წარმოიდგინეთ ჰამბურგერი, სადაც პური მოთავსებულია ზემოთ და ქვემოთ – ჩვენს შემთხვევაში შესავალი და დასკვნა, რაც კარგად ფუთავს ბურგერის ყველაზე მთავარი კომპონენტს, შიგთავსს.

როგორ ვწეროთ კარგი ესე?

სირთულე: საშუალო

საჭირო დრო: 30 წუთი

იხილეთ 14 ნაბიჯი:

1. შეარჩიე თემა შენი ესესთვის.

2. აირჩიე თემის მთავარი აზრი, ან თეზისი. მაგალითად: ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინა ჩვენი სამუშაოს სპეციფიკაზე.

3. გაწერე ესე სამ ძირითად ნაწილად: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა/შეჯამება.

4. შესავალი საინტერესო წინადადებით დაიწყე. მაგალითად: კომპიუტერის მეშვეობით, სახლიდან მომუშავე ადამიანების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 150 000-დან 12 მილიონამდე გაიზარდა. შესავალი, შეიძლება, შეიცავდეს საინტერესო სტატისტიკას, ცნობილი ადამიანის ფრაზას, რიტორიკულ კითხვას, როგორიცაა “იცოდით, რომ…”, თუ სხვ.

5. პირველი წინადადების შემდეგ ჩამოაყალიბე ესეს მთავარი აზრი. ამ წინადადებამ უნდა განსაზღვროს მთლიანი ტექსტის დედააზრი.

6. ყოველ ახალ აბზაცს წარუმძღვარე წინადადება, რომელიც ამ აბზაცს განსაზღვრავს. ამით შეძლებ პარაგრაფების ერთმანეთთან დაკავშირებას და ესეს სტრუქტურის აწყობას.

7. შესავალი დაასრულე მთავარი აზრის მოკლე შეჯამებით. მაგალითისათვის: ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ტრადიციული სამუშაო გარემო წარსულს ჩააბარა.

8. შიდა პარაგრაფები (ძირთადად ორი, ან სამი) შესავალში დაფიქსირებული იდეის განვრცობას ემსახურება. გახსოვდეს, რომ საწყის პარაგრაფში აღნიშნული თემის მიმოხილვით ესეს სტრუქტურა იკვრება.

9. ესეს შუა პარაგრაფებში მოიყვანე მაგალითები და დამატებითი ინფორმაცია თემაზე. მაგალითად: როცა ინტერნეტი პირველად შეიქმნა, მას ძირითადად მეცნიერები იყენებდნენ, თუმცა, დღეს უკვე ყველა საკლასო ოთახში შეგიძლიათ მისი გამოყენება.

10. ესეს შუა პარაგრაფებმა უნდა განავითაროს ცენტრალური იდეა და ბოლოს შეაჯამოს იგი. თითოეულმა მსგავსმა პარაგრაფმა მინიმუმ ორი მაგალითი ან ფაქტი უნდა განიხლოს მთავარი იდეის დასაცავად.

11. ბოლო, დასკვნითი პარაგრაფი აჯამებს მთელ ესეს და შესავალის პერიფრაზირებას ახდენს.

12. დასკვნა დაიწყე წინადადებით, რომელიც გაიმეორებს წინა პარაგრაფების პრინციპულ იდეას. მაგალითად: ინტერნეტის მოხმარებამ სახლის პირობებში და თანამედროვე კომპიუტერული სისტემების სწრაფმა განვითარებამ…

13. ბოლოსწინა წინადადებამ უნდა გაიმეოროს თემის მთავარი თეზისი. მაგალითისთვის: ჩვენ ინდუსტრიული რევოლუციიდან ინფორმაციულ რევოლუციაში გადავინაცვლეთ.

14. ბოლო წინადადება მთავარი თეზისის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება. მაგალთად: მომავალში ოფიციალური სამუშაო გარმოს სრულ გაქრობას უნდა ველოდეთ.

რჩევები:

• აზრის ჩამოსაყალიბლებლად გამოიყენე ძლიერი ზმნები და თავი აარიდე მოდალურ ზმნებს.
• არ მოიხადო ბოდიში, იმის გამო, რასაც ამბობ. ესე საკუთარი აზრის გამოხატვაა.
• უცხო ენაზე წერისას, ნუ გადმოთარგმნი აზრს მშობლიური ენიდან. ასე შორს ვერ წახვალ.

ესეს წერისთვის დაგჭირდება:

• კომპიუტერი ან საბეჭდი მანქანა
• ლექსიკონი
• ენციკლოპედია

წყარო: esl.about.com

ა.ნ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური