GE

როგორ დაანგარიშდება უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლების ანაზღაურება და რამდენ მოსწავლეზე რამდენი იქნება დანამატი

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების განხორციელების შემდეგ დადგინდა (მას შემდეგ რაც ქვეყანაში გამოცდის საფუძველზე გვეყოლება უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები. ამ ეტაპზე მაგისტრის სტატუსის მქონე მხოლოდ 12 უფროსი სპეციალური მასწავლებელი გვყავს ავტ.), როგორ გამოიანგარიშებენ უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლების ანაზღაურებას და რამდენ მოსწავლეზე რამდენი იქნება ხელფასი.

ბრძანების თანახმად განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზები:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც არის კლასის დამრიგებელი;

გ) ასწავლის ორ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაა:

ა) დანართი №1, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დანამატი 420.0 ლარს.

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25+420=1045,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1045.73 ლარს.

აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1,1+405*1,1*0,15+405*0,2*0,15=524.48 ლარი (დანართი №1);

ბ) 524.48+420=944.48 ლარი

გ) 405*0,25=101.25 ლარი (დანართი №4);

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 944.48 +101.25=1045.73 ლარი.

ვის ეძლევა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი:

ა) სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;

წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;

ბრძანებაში წერია, რომ სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისათვის იანგარიშება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 370 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 420 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 550 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;

სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.

საქართველოში სპეციალური მასწავლებლების რაოდენობა 2000-სს არ აჭარბებს. როგორც EDU.ARIS.GE-სთვის არის ცნობილი, სპეციალური მასწავლებლების მიერ უფროსი ან წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო გამოცდა, (რაც შემდეგ მათ ანაზღაურებაზეც უნდა აისახოს) ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში, გაზაფხულზე ჩატარდება. იქამდე კი, ქვეყანას მხოლოდ 12 უფროსის სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებელი (მათ მაგისტრობის გამო ავტომატურად მიენიჭათ უფროსობა) და არც ერთი წამყვანის სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებელი არ ჰყავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური