GE

როგორ გამოიყურება საგამოცდო სექტორები, სადაც 2020 წლის აბიტურიენტები და სხვა მონაწილეები იმუშავებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის N103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე მოაწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო როგორც საგამოცდო პროცედურები, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით”, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

ეს არის 2020 წლის საგამოცდო ცენტრების აღჭურვილობა კორონავირუსის პირობებში და გამოცდებში მონაწილეთა სამუშაო სივრცე:

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის განსხვავებული საქმიანობის წესები განისაზღვრა.

“არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეიზღუდება სარეგისტრაციო სივრცეში მედიის წარმომადგენლების შესვლა. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაიღონ მონაწილეთა გამოცდაზე შესვლის/გამოსვლის პროცესი მხოლოდ გარე პერიმეტრიდან. ინტერვიუების ჩაწერაც მხოლოდ შენობის გარეთ მოხდება”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება; სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი, 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი იქნება 24 საგამოცდო ცენტრი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა:

აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლობის მსურველები – 12 000-მდე.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით, შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა.

საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების მობილიზებას საპატრულო პოლიცია და მანდატურის სამსახური გააკონტროლებენ

მოამზადა თაამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური