GE

როგორ გამოსწორდა ელექტრონული ჟურნალის პირველი სემესტრის ხარვეზები და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა – EMIS-ის პასუხი

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროს დიმიტრის ბერიძის განცხადებით 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ელექტრონული ჟურნალების წარმოების პროცესში სკოლების მხოლოდ 15% ვერ ჩაერთო, პრობლემები კი უმეტესად იმ სკოლებსა და მასწავლებლებს შეექმნათ, ვინც ელექტრონული ჟურნალის წარმოება სემესტრის ბოლოს დაიწყო. „ჩვენ ყველას თავიდანვე ავუხსენით, რომ ეს ელექტრონული ჟურნალი არის დანერგვის პროცესში და ამ დანერგვის პროცესს, რა თქმა უნდა, თან ახლავს რაღაც ხარვეზები”, – თქვა EMIS-ის ხელმძღვანელმა.

ჟურნალის წარმოების წესის მიხედვით, ყველა საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წლიდან ჰქონდა ვალდებულება, დაეწყო ელექტრონული ჟურნალის წარმოება როგორც დისტანციური სწავლების პერიოდში, ისე – დასწრებით სწავლებისას. თუმცა საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვის და მასწავლებლების მიერ მისი წარმოების პროცესში ხარვეზები გამოვლინდა. შესაბამისად, პირველი სემესტრის ბოლოდან ჟურნალში მონაცემების შეტანის ვადამ და დაზუსტებამ რამდენჯერმე გადაიწია და საბოლოო თარიღად მასწავლებლებს 15 იანვარი განესაზღვრათ.

სკოლებში, სადაც ტექნიკური პრობლემები იყო, მატერიალურ ჟურნალს მიენიჭა უპირატესობა და იურიდიული ძალაც მას აქვს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) ამბობენ, რომ თუ ნიშნების დაჯამება ვერ მოხერხდებოდა, ან ინფორმაცია არ იქნებოდა ასახული სემესტრის ბოლოს, მასწავლებლებს მატერიალური ჟურნალით უნდა ეხელმძღვანელათ.

უკვე მეორე კვირაა რაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო და მშობლები და მასწავლებლები ამბობენ, რომ გასული სემესტრის შემაჯამებელი ნიშნები და სხვა ინფორმაციაც ელექტრონულ ჟურნალში უკვე აღარ ჩანს, მათ არ იციან გასწორდა თუ არა ყველა პრობლემა და აინტერესებთ, ხომ არ შეექმნებათ პრობლემა მოსწავლეებს არასწორად დაჯამებული ნიშნების გამო.

EDU.ARIS.GE პედაგოგთა და მშობელია ინტერესის გათვალისწინებით შეეცადა გაერკვია, ამ დროისთვის თუ გამოსწორდა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები, მათ შორის დაკორექტირდა თუ არა ნიშნების დაჯამების შედეგად არასწორად ნაანგარიშები საბოლოო შედეგები. დავინტერესდით იმითაც, თუ რა რეკომენდაციები ექნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მასწავლებლებისთვის, რომ მათაც უკეთ შეძლონ ჟურნალში მუშაობა და მეორე სემესტრის ბოლოსაც მსგავსი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, EMIS შემთხვევებს ინდივიდუალურად განიხილავს და ხშირად შეცდომა არა სისტემის ხარვეზით, არამედ არასწორად შევსებული ელ.ჟურნალის გამოა დაშვებული.

ის ერთის მხრივ აცხადებს, რომ სისტემური ხარვეზი არ ჰქონიათ, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში ტექნიკური ხარვეზები იყოს.

„რაც შეეხება გამოსწორებულ პრობლემებსა და ხარვეზებს, რაც ჰქონდათ მასწავლებლებს არის ძალიან ზოგადი კითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ ყოფილა სისტემური ერთი ხარვეზი, შესაბამისად ყველა შემთხვევას, რომელიც არის დაფიქსირებული და ჩვენთვის ცნობილი გავდივართ ცალ-ცალკე და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ უბრალოდ ან მასწავლებელს გამორჩა რაიმეს შესება, ან შემაჯამებელი არ არის ჩაწერილი, ან შეიძლება მართლა რაიმე ხარვეზია და შესაბამისად ამასაც ვასწორებთ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც გამოსწორებულია ან არ არის გამოსწორებული, იმიტომ რომ კიდევ არის შემთხევევები, სადაც მასწავლებელი გვეუბნება, რომ ნიშანი არ არის სწორად დათვლილი. ეს უნდა გავიაროთ და ვთქვათ, რომ შეიძლება მართლა იყოს ტექნიკური ხარვეზი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, გამოცდილება როგორც გვიჩვენებს, არასწორად არის შევსებული ან რამე გამორჩათ. ნიშნების დაჯამებას რაც შეეხება, მანდაც იგივე მიდგომა არის, რომ ხშირად არის როდესაც რაღაც არის გამორჩენილი.

“ხშირად არის პრობლემა, რომ როდესაც ონლაინზე გადავედით, სანამ ტექნიკურად გავასწორეთ, არის ერთი თვის შუალედი, როდესაც ნიშნები ზოგჯერ ოფლაინში არის ჩაწერილი და არა ონალიანში და აქ არის ხოლმე გარკვეულწილად ხარვეზები. დანარჩენი რა ქეისიც აქამდე გაგვივლია არის ძირითადად რომ ან ოფლაინში წერია დამატებით ნიშანი და ეს იწვევს აი ამ არასწორ დათვლას, ან გამორჩენილია ნიშანი, ან უბრალოდ შემაჯამებელი წერა არის ჩაწერილი. შესაბამისად, მაინც ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად გავდივართ“, – აცხადებს ნინო ეფხოშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ischool-დან (სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ხელმძღვანელობს, ვინაიდან ელექტრონული ჟურნალი ამ სისტემიდან ივსება და შესაბამისად, თუ ischool -ში რაიმე მონაცემი არის არასწორად შევსებული, ეს ელ.ჟურნალშიც არასწორად აისახება.

„იყო სკოლების რაოდენობა , რომელსაც საერთოდ არ შეუვსიათ ელ. ჟურნალი სემესტრის ბოლომდე, ამან გარკვეული პრობლემაც გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მონაცემები ელ.ჟურნალში ივსება ischool-დან, შესაბამისად თუ ischool-ში რაიმე მონაცემი არის არასწორად შევსებული, ან მერე აღარ არის განახლებული იქმნება ხარვეზი. ჩვენ შემდეგ ამით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევა, რომ ან მოსწავლე არ ჩანდა, ან სხვა მასწავლებელი იყო ამ კლასზე მიბმული. აი ასეთი ხარვეზების შემთხვევაში, ბოლოს, როდესაც სკოლების ნაწილმა მეორე სემესტრის მონაცემები შეიტანა უკვე ischool -ში და პირველი სემესტრი ასე ვთქვათ „დახურული“ იყო, შეუძლებელი გახლდათ იმ მონაცემების გადმოტანა, იმიტომ რომ შეიძლება ყველა სკოლის მონაცემი არეულიყო, შეიძლება ვიღაცებს პირველი სემესტრის გამორჩენოდათ და ვიღაცებს მეორე. როდესაც დასრულდა პირველი სემესტრი, აღარ დაგვისინქრონებია ischool-ის ბაზა, რომ ეს არეულობა არ მომხდარიყო და ვიღაცებს მეორე სემესტრის მონაცემები არ ასახვოდათ.

“მათ, ვინც გვიან აღმოაჩინეს, რომ ischool -ში გარკვეული ხარვეზები იყო, ვეღარ შეძლეს მონაცემების შეტანა, ამიტომ სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ელ.ჟურნალში აქვს ყველა შეფასება შეტანილი და სემესტრული შეფასებაც არის სწორი, მათ აღარ ჰქონდათ ვალდებულება, რომ მატერიალური ჟურნალი ეწარმოებინათ. იმ შემთხევვაში, თუ მატერიალურ და ელ.ჟურნალს შორის იყო ცდომილება, უნდა ეხელმძღვანელათ მატერიალური ჟურნალით, იმიტომ რომ ელ. ჟურნალი საპილოტე რეჟიმშია დანერგილი. თუ ელექტრონულ ჟურნალს აწარმოებდნენ და ნიშნების შეტანის ბოლო ვადამდე მათ ჰქონდათ გარკვეული ხარვეზი და ჩვენთვის გადმოცემული, ამ შემთხვევაში მათ უნდა ეწარმოებინათ მატერიალური ჟურნალი, შესაბამისად მოსწავლეები არ უნდა დაზარალდნენ და შეღავათებიც ზუსტად ამიტომ დავუშვით, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ის შეფასება ასახული, რომელიც ეკუთვნის“, – განაცხადა ნინო ეფხოშვილმა.

რაც შეეხებ რეკომენდაციებს, რომელიც მასწავლებლებმა მეორე სემსტრში უნდა გაითვალსიწინონ, რომ პრობლემა არ შეექმნათ ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ნინო ეფხოშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელ.ჟურნალში მონაცემების დროული შეტანაა.

„პირველ რიგში ვისარგებლებ შესაძლებლობით და თქვენი საშუალებით მასწავლებლებს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ამ ყველაფერში ჩართვისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ საპილოტეა და ბევრი ცვლილების განხორციელება მოგვიწია პანდემიის პერიოდში. არიან მასწავლებლები, რომლებიც თავიდანვე ავსებენ მონაცემებს და პრობლემა არ შექმნიათ. ჩემი თხოვნა იქნება და ამას ჟურნალის წარმოების წესიც არეგულირებს, რომ სისტემატურად მოხდეს ნიშნების ასახვა და იგივე გაცდენების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში. ყურადღება მიაქციონ ischool-ს, რომ ყველა მონაცემი იყოს სწორად შეტანილი სისტემაში, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ და ის პრობლემები, რაც შეიძლება მერე გაჩნდეს, ამასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, დროულად ასახონ ინფორმაცია და თუ რაიმე ხარვეზი იქნება, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ“, – აცხადებს EMIS-ის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი.

ამავე თემაზე:

სკოლის დირექტორი: ნიშნის „არასწორად“ დაანგარიშების პრობლემა ძირითადად შემაჯამებელი დავალების ზედმეტად ჩანიშვნით ​იყო გამოწვეული

როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას სკოლები წელს დაიწყებენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ჟურნალი სულ გაუქმდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური