GE

როგორ განისაზღვრება საჯარო სკოლებში აღდგენილი სამედიცინო კაბინეტის ექიმის ხელფასი

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების მოსწავლეების ჯანმრთელობას ექიმები დააკვირდებიან და გააკონტროლებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტი აღდგება.

აღნიშნულ საკითხზე თამარ სანიკიძის უწყებაში დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. განათლების მინისტრის გარდა ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდნენ.

პროექტი უკვე 2014 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და სამედიცინო კაბინეტი თავდაპირველად 100 საპილოტე სკოლაში განთავსდება.

პროექტის ფარგლებში სკოლის ექიმები მოსწავლეებს დროულ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, დაგეგმავენ და განახორციელებენ ჯანმრთელობის ხელშემწყობ აქტივობებს; ხელს შეუწყობენ ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმების პრევენციას, გაავრცელებენ ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების შესახებ.

“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია “სტარტ აპი”. წლის ბოლოს უკვე ყველა ხარვეზი უნდა გვქონდეს შესწავლილი. საპილოტე ნიშნავს, რომ ჩვენ პირველ ეტაპზე სხვადასხვა კონტიგენტის, გეოგრაფიული დაფარვისა და ყველანაირი მოცულობისა და რესურსის სკოლები შევარჩიეთ. პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაკვირვების რეჟიმში ვიქნებით. ამ ექვსი თვის შემდეგ გვეცოდინება, რა დატვირთვით უნდა იმუშაოს ექიმმა, რამდენი საათი იქნება მისი ყოფნა სკოლაში აუცილებელი. იქნება თუ არა საკმარისი მხოლოდ ერთი ექიმი თუ დასჭირდება ექთნის დახმარებაც,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ და კადრების შერჩევის საკითხს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის ფუნქციები უკვე განაწილებულია. ექიმის კაბინეტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იზრუნებს. ჯანდაცვის სამინისტრო კი ექიმებს შეარჩევს. კადრების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.

“სკოლის ექიმები, რომელსაც შევარჩევთ უნდა ფლობდნენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერთიფიკატს საექიმო სპეციალობით- საოჯახო მედიციანა/ პედიატრია. მე ვფიქრობ, რომ მსურველი პირველ ეტაპზე იმაზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე რეალურად ვაკანტური ადგილები. ამიტომ, უნდა ჩატარდეს კონკურსი. მონახაზი კი როგორ ჩავატარებთ უკვე გაკეთებული გვაქვს,”- განაცხადა დავით სერგიენკომ.

სკოლის ექიმის ხელფასები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თუმცა ხელფასის ზუსტი ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. თამარ სანიკიძის ინფორმაციით ხელფასის ოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ცვლაში იმუშავებს ექიმი. მხოლოდ პირველი ცვლის ბავშვებთან მომუშავე მედპერსონალის ხელფასი დაახლოებით 350-400 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება ინვენტარს, რომელითაც ექიმის კაბინეტი უნდა აღიჭურვოს. ეს საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაგვარებელია. მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში ინვენტარზე ტენდერი გამოცხადდება. თუმცა მაკეტი როგორ უნდა გამოიყურებოდეს სკოლის სამედიცინო პუნქტი უკვე არსებობს. მინისტრი ვარაუდობს, რომ ინვენტარის შესყიდვების პროცედურას ერთი თვე დასჭირდება.

აღნიშნულ პროექტში აქტიურ ჩართვას გეგმავს დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრი.

“ზოგადად თაობა რომელიც სკოლაში სწავლობს ყველაზე ჯანმრთელ თაობად ითვლება, თუმცა ბევრი დაავადება, რომელიც თავს იჩენს მოზრდილობაში შესაძლოა, პიროვნებამ სკოლის პერიოდიდან შეიძინოს. ადრე ჰიგიენა ცალკე საგნად ისწავლებოდა, ახლა კი, სამწუხაროდ, ამ საკითხს ყურადღება აღარ ექცევა. ამ ინიციატივას მივესალმებით და იმუნიზაციის კუთხით რაც ჩვენს ცენტრზე იქნება დამოკიდებული სკოლის ექიმების გვერდით ვიქნებით,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება პროექტის გაფართოებას, როგორც დღეს განათლების მინისტრმა განმარტა, უკვე 2015 წლიდან ექიმის კაბინეტი ყველა საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური