GE

როგორ განისაზღვრა მასწავლებლების ანაზღაურება 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტში

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების მიუხედავად, მასწავლებლების ხელფასების ზრდა მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამის შესახებ განაცხადი ახლო მომავალში გაკეთდება.

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ მასწავლებლების ხელფასი დღეს თანაბრად არის შენარჩუნებული, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა. ჩვენი მიზანი არის პროფესიული განვითარება და, რა თქმა უნდა, ის დაპირება, რომელიც ეხება მასწავლებლის ხელფასის ზრდას, ეს არის ძალაში და სწორედ ამასთან დაკავშირებით, თუ როდიდან დაიწყება მასწავლებლის ხელფასის ზრდა უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ განაცხადს“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.

იმ ფონზე, როდესაც, პანდემიის პირობებში, სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვისაც მზადება აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგების ანაზღაურების საკითხზე საუბრები არ წყდება. მასწავლებლების ნაწილი შიშობს, რომ შექმნილი ვითარების გამო, შესაძლებელია მათი ხელფასების შემცირება მოხდეს, გარდა ამისა, გამორიცხული არ არის 2020-2021 სასწავლო წელს სკოლებში მასწავლებლების მუშაობის ხანგრძლივობის დრო გაიზარდოს, რაც ასევე კითხვებს აჩენს ანაზღაურების ნაწილში.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, დეტალები ახლო მომავალში უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა მანამდე EDU.ARIS.GE დაინტერსდა, რა თანხებია განსაზღვრული 2020 წლის განახლებულ ბიუჯეტში მასწავლებელთა ანაზღაურებისა და პროფესიული გადამზადებისთვის.

პარლამენტმა უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პირველი მოსმენით. ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტში გარკვეული სფეროების დაფინანსება გაზრდილია, თუმცა ცნობილია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის განკუთვნილ სახსრებს 127 მილიონ ლარზე მეტი აკლდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა მონაცემები, ხარჯები და ანაზღაურების მოცულობა ერთადაა წარმოდგენილი და 2020 წლის ბიუჯეტის ახალი ვარიანტის მიხედვით სულ 906,926.0 ლარითაა განსაზღვრული. ანაზღაურების მუხლში, წინა წელთან შედარებით შემცირება არ არის დაფიქსირებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე იზრუნებს.

„საქართველოს ხელისუფლება იზრუნებს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. ყოველწლიურად გაიზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად. სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის დონის ამაღლება“, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა 2019 და 2020 წლებში დაფიქსირებული რიცხვები არ იცვლება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებული იყო იყო 125.0 პირი, 2019 წელს – 111.0 ადამიანი, 2020 წელსაც – 111.0 პირი. მათი ანაზღაურება 2018 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო – 2,007.7 ლარის ოდენობით (ბიუჯეტს პროექტში განმარტებულია რომ თანხები გამოსახულია 1000 ლარებში), 2019 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო – 1,864.4 ლარი, 2020 წლის ბიუჯეტის განახლებულ ვერსიაში კი ეს ციფრი გაზრდილია და შეადგენს 1,988.0 ლარს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაფინანსება შემცირებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ხარჯების ნაწილში, ის 2018 წელს იყო -12,507.4 ლარი, 2019 წელს – 12,335.9 ლარი ხოლო 2020 წლის პროექტში -9,255.0 ლარია განსაზღვრული.

განათლების სამინისტროს დაფინანსება 125 მლნ 507,2 ათასი ლარით მცირდება – მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა

„ყველანაირად ვეცდებით, ცვლილებები პედაგოგთა ანაზღაურებას არ შეეხოს“ – გენადი მარგველაშვილი ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური