როგორ განისაზღვრება, მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა
2025 წლის აბიტურიენტების აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები ცნობილია. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის (გადანაცვლება, წაშლა, დამატება) ვადაც ამოწურულია. ახლა აპლიკანტები სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შესახებ საბოლოო შედეგს – ჩარიცხვებს ელოდებიან.
EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე (NAEC) დაყრდნობით გიზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ განისაზღვრება, მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა.
სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით ხდება:
- პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა;
- აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულა;
- აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი;
- საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტი/კოეფიციენტები;
- საგნების პრიორიტეტულობა (თუ კოეფიციენტები იდენტურია).
აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.
თუ აბიტურიენტს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხოური ენის გამოცდებთან ერთად ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან მეტი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ აღნიშნული საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა.
თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა.
თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა.
იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საგნის გამოცდის სკალირებული ქულა საგნების დადგენილი ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება).
თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად.
იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა. შ.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება.
კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.
სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტები გადანაწილდებიან ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
ასევე იხილეთ:
რა შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს დაფინანსებით ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტი – პირობები
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება